15 იანვრის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა კანონპროექტი, რომლის მიზანიც ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დაცვაა. მიზანი კანონპროექტისა, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ სხვა უწყებებთან ერთად შეიმუშავა, ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნო. მისი თქმით, ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს. კანონპროექტის მიხედვით, შემოდის სტატუსი ”მიუსაფარი ბავშვი", რომელზეც მთელი რიგი საჯარო სერვისები იქნება მიბმული, მათ შორის - მიუსაფარი ბავშვებისათვის დოკუმენტაციის მოწესრიგება. როგორ აფასებენ ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიმართ სახელმწიფოს პოლიტიკას უფლებადამცველები და ორგანიზაციები, რომლებიც ქუჩაში მცხოვრები ბავშვების სერვისებზე მუშაობენ?
გასული წლის ბოლოს ე. წ. „ქუჩის ბავშვების“ უფლებების დასაცავად 30-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გაერთიანდა და გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სახელწოდებით „დავიხსნათ ბავშვები მონობისგან“. მათი განცხადების მიზეზად კი იქცა 26 დეკემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა, რომელსაც 13 წლის მოზარდი ემსხვერპლა. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ის ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვი იყო.
15 იანვარს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ მოამზადა კანონპროექტი, რომელიც მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა. თეა წულუკიანის თქმით, პარტნიორ ორგანიზაციებსა და სამინისტროებთან ერთად შემუშავდა ცვლილებების პაკეტი, რომელიც ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უფლებების უკეთესად დაცვას ემსახურება. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც, მინისტრის თქმით, კანონში შეტანილი ცვლილებით უნდა დარეგულირდეს, შეეხება მიუსაფარი ბავშვებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის შექმნას. ეს საკითხი წლების მანძილზე არაერთხელ გამხდარა ბავშვების უფლებათა დამცველების განხილვისა და კრიტიკის საგანი. ამ დრომდე ბავშვების იდენტიფიკაციაზე პასუხისმგებელნი არიან მშობლები ან სხვა სრულწლოვანი კანონიერი წარმომადგენლები, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, შესაბამის სტრუქტურებს არ მიმართავენ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, რის გამოც, თეა წულუკიანის თქმით, ბავშვები იდენტიფიკაციის პროცესის მიღმა რჩებიან:
„ჩვენი ყველას - სახელმწიფოსა და საზოგადოების - ტკივილია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ყველა ბავშვს აქვს განვითარების უფლება, ამიტომაც პარტნიორ ორგანიზაციებსა და კოლეგა სამინისტროებთან ერთად შევიმუშავეთ ცვლილებების პაკეტი, რომელიც მთავრობამ დღეს ერთხმად დაამტკიცა და რომელიც ემსახურება ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების უკეთესად დაცვას. პირველი ცვლილების მიხედვით, საქართველოს კანონში შემოვა ახალი ცნება – "მიუსაფარი ბავშვი", ამ სტატუსზე კი მიბმული იქნება მთელი რიგი საჯარო სერვისებისა. ამ რეფორმის შედეგად, ჩვენ მივცემთ მზრუნველობის ორგანოებს, ანუ სახელმწიფოს, ჩვენდამი მომართვის უფლებას და ეს საკითხი აღარ იქნება დამოკიდებული მშობელზე ან სხვა კანონიერ წარმომადგენელზე“.
კიდევ ერთი ცვლილება, რომელიც, მინისტრის თქმით, მიუსაფარ ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას გააუმჯობესებს, არის სოციალური მუშაკებისათვის უფლებამოსილებათა გაფართოება:
"სოციალურ მუშაკს ამ რეფორმით მიეცემა საშუალება უგულებელყოს ან, ძალადობის შემთხვევაში, უკიდურესი ზომის სახით, დაუყოვნებლივ მიიღოს გადაწყვეტილება ბავშვის აგრესორისგან განცალკევების შესახებ, რომლის გასაჩივრებაც, რა თქმა უნდა, შესაძლებელი იქნება სასამართლოს ორი ინსტანციის წინაშე, მაგრამ ეს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევა მყისიერად და განცალკევება მოხდება მაშინვე. ჩვენ გვინდა, რომ სოციალური სამუშაო განვითარდეს საქართველოში და ის უკეთესად მოემსახუროს ქუჩაში მყოფი ბავშვების უფლებებს, რომელთა საბოლოო მომავალი, რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს ქუჩასთან დაკავშირებული".
თუკი ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ სახელმწიფო პოლიტიკას გადავხედავთ, მაშინ უნდა ვახსენოთ პროგრამა, რომელიც 2013 წელს დაიწყო და რომელიც მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფას ეხება. პროგრამის ფარგლებში, შეიქმნა ოთხი მობილური ჯგუფი, სამი თბილისში და ერთი - ქუთაისში; რუსთავსა და ქუთაისში - დღის ცენტრები, კრიზისული ინტერვენციის ცენტრები და ასევე ტრანზიტული ცენტრები, სადაც ირიცხებიან ის ბავშვები, რომლებიც მინდობით აღზრდაში ან მცირე ზომის საოჯახო ტიპის სახლებში უნდა გადავიდნენ. სწორედ მობილურ ჯგუფებს ევალებათ ქუჩაში მყოფი და მომუშავე ბავშვების გამოვლენა, მუშაობის ადგილებში ვიზიტების განხორციელება, მათ შესახებ შესულ შეტყობინებებზე რეაგირება და ა. შ. პროგრამა ასევე მოიცავს ფსიქოლოგის მომსახურებას, საჭიროების შემთხვევაში, ამბულატორიულ ან სტაციონარულ მომსახურებას, ბავშვის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტაციის მოძიება/მოწესრიგებას და სხვა. ამ პროგრამის ერთ-ერთი პროვაიდერის, „ვორლდ ვიჟენ საქართველოს“, ბავშვთა დაცვის მომსახურებათა და ადვოკატირების მენეჯერი მაია მგელიაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ამბობს, რომ ამ სამი წლის მანძილზე, პროგრამის ფარგლებში, აღირიცხა და სერვისებით ისარგებლა 600-მდე ქუჩაში მცხოვრებმა ბავშვმა, თუმცა, მისი თქმით, დღესდღეობით მათი რიცხვი გაცილებით დიდია და ის 2 500-ს აღწევს. მაია მგელიაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში გარკვეული ნაბიჯები გადადგა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრობლემის მოგვარების კუთხით, ის სერვისები, რომელთაც დღეს სახელმწიფო მათ სთავაზობს, არ არის საკმარისი:
„ისევ პრობლემად რჩება ის, რომ ეს სერვისები ცოტაა იმ რაოდენობიდან გამომდინარე, რა რაოდენობასაც ეს ბავშვები წარმოადგენენ. სამი მობილური ჯგუფი თბილისში და სამი ცენტრი ამ პოპულაციასთან პირდაპირპროპორციულად, მიხვდებით, რომ ეს საჭიროებაზე მთლიანად არ არის გათვლილი და ვერ ფარავს სრულად ამ საჭიროებებს“.
ეს არის უფროსების ორგანიზებული დანაშაული. ჩვენ მას ვუწოდებთ თანამედროვე მონობას. შეიძლება ეს იყოს ტრეფიკინგი თუ სხვა ტიპის დანაშაულებები და სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს სახელმწიფომ...ანა აბაშიძე
ანა აბაშიძე, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას მიესალმება მთავრობის ინიციატივას შეიმუშაოს კანონი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით, მაგრამ საკითხავია, რამდენად შეესაბამება ეს კანონპროექტი იმ რეალურ მოთხოვნებს, რომლებზეც უკვე წლებია ლაპარაკობენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და უფლებადამცველები. მისი თქმით, ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მთავარი პრობლემაა არა სოციალური სიდუხჭირე, არამედ დანაშაულებრივ მოქმედებათა შედეგი - ქუჩაში მყოფი ბავშვების დიდი ნაწილი იძულებით მუშაობს, რასაც მათ მშობლები ან მესამე პირები აიძულებენ: „ეს არის უფროსების ორგანიზებული დანაშაული. ჩვენ მას ვუწოდებთ თანამედროვე მონობას. შეიძლება ეს იყოს ტრეფიკინგი თუ სხვა ტიპის დანაშაულებები და სწორედ ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს სახელმწიფომ. ერთი შემთხვევაც რომ დაფიქსირდეს ამგვარ დანაშაულზე პასუხისგების, დამერწმუნეთ, რომ ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი დანაშაულის პრევენციას განვახორციელებთ“.
ანა აბაშიძის აზრით, ის, რასაც სახელმწიფო ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მთავარ პრობლემად ასახელებს, დოკუმენტების უქონლობა, რეალურად ამ ბავშვების ერთ-ერთ ყველაზე მცირე პრობლემას წარმოადგენს. მისი თქმით, დოკუმენტების უქონლობა არ უნდა ხდებოდეს ბავშვისთვის რაიმე სერვისის მიწოდებაზე უარის თქმის საფუძველი. რაც შეეხება სოციალური მუშაკებისათვის უფლებების გაზრდას, ანა აბაშიძე ამ ფაქტს მიესალმება, თუმცა მას, ამასთანავე, ერთი კითხვაც უჩნდება: ჰყავს თუ არა სახელმწიფოს იმ რაოდენობის სოციალური მუშაკი, რომ ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს გასწვდნენ. მისი მონაცემებით, დღესდღეობით, ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ 240 სოციალური მუშაკი მუშაობს, რომლებიც 25 სხვადასხვა მიმართულებას ფარავენ. სწორედ ამიტომ ის დარწმუნებულია, რომ მათთვის შეუძლებელი იქნება დამატებით ახალი ფუნქციის ხარისხიანად შესრულება.