2 თებერვალს მოსამართლეების შესახებ ორი მიმართვა გავრცელდა: ერთი - საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის სახელით, რომელშიც ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან მოსამართლეთა საგამოცდო ტესტების პასუხების გაჟონვაზე ლაპარაკობს და რეაგირებას ითხოვს და, მეორე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსი, რომელიც, თავის მხრივ, მოსამართლეებზე ზეწოლის შეწყვეტას მოითხოვს. მიმართვების გავრცელებას წინ უძღოდა საქალაქო სასამართლოს თავჯმდომარის შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებული კონფერენცია, სადაც სასამართლო რეფორმის მესამე ტალღაზეც იმსჯელეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციას, სახელწოდებით "სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმდინარე გამოწვევები", 2 თებერვალს პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. ისინი ამ დროს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს მამუკა ახვლედიანს ხვდებოდნენ. ახვლედიანმა მათ გააცნო დოკუმენტი, რომლიდანაც ჩანს, რომ მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდები დარღვევით ჩატარდა, კერძოდ, ერთ-ერთმა კონკურსანტმა, რომლის სახელიც ამჯერად არ დასახელებულა, წინასწარ იცოდა საგამოცდო ტესტების პასუხები. არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან მოითხოვს გამოიკვლიოს, როგორ გაჟონა ამ ინფორმაციამ და, საჭიროების შემთხვევაში, გამოძიებაც დაიწყოს.
„მამუკა ახვლედიანის მიერ ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გადიოდა ტესტების პასუხები, რომელსაც იყენებდნენ მოსამართლეთა გამოცდებზე, და თუ ეს სიმართლეა, ეს არის კანონის დარღვევა და შესაბამისმა უწყებებმა ეს საკითხი უნდა შეისწავლონ. აშკარაა, რომ ჩვენ გვაქვს პრობლემები მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში“, - უთხრა ჟურნალისტებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელმა ეკა გიგაურმა. დოკუმენტიდან ჩანს, რომ კონკურსანტის პასუხი სიტყვასიტყვით ემთხვევა სწორ პასუხს, „რაც აჩენს იმის განცდას, რომ მას ტესტების პასუხები წინასწარ წაკითხული ჰქონდა“, - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების“ კონსულტანტმა სამართლებრივ საკითხებში ნინო ლომჯარიამაც.
„ეს გარემოება ეჭვს აჩენს, რომ არა მხოლოდ გასაუბრების ეტაპზე, არამედ წერითი გამოცდის დროსაც ტესტების პასუხები ზოგიერთი კონკურსანტისათვის წინასწარ იყო ცნობილი“.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რადგან მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესში ასეთი ხარვეზები გამოჩნდა, ეს პროცესი დროებით უნდა შეჩერდეს და მხოლოდ რეფორმის შემდეგ გაგრძელდეს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო კი 2 თებერვალს სასტუმრო „რედისონში“ დიპლომატიური კორპუსის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებს ხვდებოდა. არასამათავრობო სექტორი ამ შეხვედრაზე იმ მოტივით არ მივიდა, რომ, მათი განცხადებით, იქ „არ განიხილებოდა კონკრეტული სამართლებრივი თუ ინსტიტუციური საკითხები“ და, როგორც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტმა სოფო ვერძეულმაც განაცხადა მედიასთან საუბარში, საბჭოს მიმართვის მოსასმენად ისინი „რედისონში“ არ მივიდოდნენ.
რაც შეეხება „რედისონში“ გამართულ შეხვედრას, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მართლაც გაავრცელა 14-პუნქტიანი მიმართვა საზოგადოებისა და ხელისუფლების, ასევე პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის სახელზე, რომელშიც წერს, რომ „სასამართლოსათვის თითის ქნევა არის ყველაზე არასასურველი რამ, რაც კი დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების პოლიტიკურმა განშტოებებმა სასამართლოს მიმართ შეიძლება მოიმოქმედონ“. იუსტიციის საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ „ამას არაფერი აქვს საერთო ხელისუფლების განშტოებების ურთიერთკონტროლისა და დაბალანსების დემოკრატიულ პრინციპთან. იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველას მოუწოდებს, შეწყვიტოს სასამართლოს რყევა არაკეთილგონიერი ქმედებებითა თუ განცხადებებით“.
ერთი დღით ადრე, 1 თებერვალს, განცხადება გაავრცელა მოსამართლეთა კონფერენციამაც მოსამართლეთა მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე და ამის დასტურად განცხადებაში რამდენიმე კონკრეტულ საქმეზე პრეზიდენტის განცხადებებიც მოიშველია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ამის პასუხად განაცხადა, რომ ასეთ არასერიოზულ ბრალდებაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს:
„პრეზიდენტის მიერ გამოთქმული შეფასებები ქვეყანაში არსებული ნებისმიერი აქტუალური საკითხის თაობაზე ვერანაირად ვერ ჩაითვლება ზეწოლად. მაშინ ასეთ ზეწოლად უნდა ჩავთვალოთ ყველაფერი - საკანონმდებლო ნორმები, საზოგადოებრივი აზრი თუ, თუნდაც, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები“.
დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და ვთქვათ, რომ საერთო მიზანი გვაქვს. რაღაც მისაღები იქნება ოროვე მხარისათვის, რაღაც - არა. დაიწყოს ეს პროცესი, ოღონდ უნდა დასრულდეს სასამართლოს ლანძღვა...ლევან მურუსიძე
მოსამართლეთა დისკრედიტაციის მცდელობად მოიაზრებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო არასამთავრობო ორგანიზაციათა პროტესტსაც. 2 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ლევან მურუსიძემ განაცხადა, რომ დროა ლანძღვის რეჟიმი დიალოგის რეჟიმით შეიცვალოს:
„დავსხდეთ, დავილაპარაკოთ და ვთქვათ, რომ საერთო მიზანი გვაქვს. რაღაც მისაღები იქნება ოროვე მხარისათვის, რაღაც - არა. დაიწყოს ეს პროცესი, ოღონდ უნდა დასრულდეს სასამართლოს ლანძღვა. კრიტიკა გასაგებია და, ხშირად, მისაღებიც, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ვილაპარაკოთ“.
ამავე შეხვედრაზე სასამრთლო რეფორმის მესამე ტალღაზეც ისაუბრეს. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ, მიუხედვად იმისა, დაუჭერენ თუ არა მხარს მას საბჭოს წევრები, რეფორმა ბოლომდე მივა:
„რეფორმის მესამე ტალღა თავის ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეს და გახდეს კანონი. ნაბიჯი უკან და ამ რეფორმის კანონპროექტის პარლამენტიდან უკან გატანა არ მოხდება“.
ამ ეტაპზე ცნობილია, რომ მოსამართლეთა გარკვეული ნაწილი 3-წლიანი გამოსაცდელი ვადით აღარ დაინიშნება. იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, რომ ე. წ. გამოსაცდელ ვადას აღარ დაექვემდებარებიან ის მოსამართლეები, რომლებიც სამოსამართლეო სისტემაში 10-წლიანი ვადით უკვე მოღვაწეობდნენ და უფლებამოსილების ვადა ამოეწურათ. ამ ნაწილში წულუკიანმა პოზიციები დათმო და გაითვალისწინა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია, თუმცა უცვლელად დარჩება კანონში შესატანი ცვლილება მოსამართლეებისათვის საქმეთა ელექტრონული გადანაწილების თაობაზე. "აქ არც ერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
წულუკიანი გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებასაც მოსამართლეების საგამოცდო ტესტების წინასწარ გამჟღავნებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ თუ ამგვარი საგანგაშო რამ მართლაც ითქვა, ამ ამბავს რეაგირება აუცილებლად მოჰყვება. ამავე საკითხზე მამუკა ახვლედიანმა 2 თებერვალს ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.