ხარვეზები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში

12 დეკემბერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ საქართველოს სახალხო დამცველთან ერთად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროს გამოკვლევის შედეგები წარადგინა. გამოკვლევის მიხედვით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში მნიშვნელოვანი ხარვეზებია და არ არსებობს ამ კუთხით ხარისხის კონტროლის ეფექტური სისტემა.

Your browser doesn’t support HTML5

ხარვეზები არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში

არასამთავრობო ორგანიზაციებმა გამოიკვლიეს, თუ როგორ მუშაობს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ეჭვმიტანილის დაკავებიდან სასჯელის შეფარდებამდე. დოკუმენტის რეკომენდაციების ნაწილი საკმაოდ ვრცელია და ჩამოთვლილია მრავალი ხარვეზი, რომელთა აღმოფხვრასაც ურჩევენ მკვლევრები ხელისუფლებას. გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორი, ტატო ქელბაქიანი, წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციისა „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისთვის“, ამბობს, რომ მთავარ საკითხთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ხარვეზები მოწმეთა დაცვის მექანიზმში:

„მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით რაღაც ნაბიჯები გადაიდგას, მოწმეს ჰქონდეს დაცვის უფლება, როგორც ბრალდებულს. არის რეკომენდაციები წინასასამართლო ანგარიშის წარმოებასთან დაკავშირებით - ვადები არის განსასაზღვრი. ხარისხის კონტროლი, მონიტორინგი არ ხდება. ამ კუთხითაც უნდა გადაიდგას ნაბიჯები“.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, რომელსაც კვლევა ეხება, 2016 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. როგორც კვლევაში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, ეს კოდექსი მნიშვნელოვანი რეფორმის ნაწილი იყო და სასურველია საწყის ეტაპზევე აღმოიფხვრას ხარვეზები. სახალხო დამცველის მოადგილე ნათია კაციტაძე არასრულწლოვანების მიმართ სამართალდამცავების ცუდ დამოკიდებულებაზეც ლაპარაკობს:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ აღმოგვიჩენია სისტემური ხარვეზები, საჭიროა რამდენიმე საკითხზე ყურადღების გამახვილება. ერთ-ერთი ასეთია, რომ ყველა არასრულწლოვანისათვის დაცვის უფლება იყოს თავიდანვე გარანტირებული“.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც მკვლევრები ყურადღებას ამახვილებენ, არის სოციალურ მუშაკთა გადამზადება. როგორც ტატო ქელბაქიანი ამბობს, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს არ გაუვლიათ შესაბამისი გადამზადება არასრულწლოვანებთან სამუშაოდ, რაც, მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. მისივე თქმით, ეს მხოლოდ სოციალური მუშაკების პრობლემა არ არის:

„საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, არავის - იქნება ეს პროკურორი, მოსამართლე, ადვოკატი თუ სოციალური მუშაკი - აქვს უფლება იმუშაოს არასრულწლოვანებთან სპეციალური გადამზდების გარეშე“.

არასრულწლოვანთა მარლმსაჯულების კოდექსის შესახებ კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც. როგორც საპროკურორო საქმეთა ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ლონდა თორთლაძემ განაცხადა, ისინი აგრძელებენ პროკურორების გადამზადებას არასრულწლოვანებთან სამუშაოდ:

„შემდეგი წლიდან ასევე ვგეგმავთ არასრულწლოვანზე ორიენტირებული გარემოს შექმნას და სტატისტიკური მონაცემების სრულყოფას, რაც დაეხმარება ყველა უწყებას შემდეგი ნაბიჯების გადადგმაში“.

როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ძნელია იმის თქმა, რა დრო დასჭირდება მათ მიერ კანონმდებლობაში აღმოჩენილი ყველა ხარვეზის გამოსწორებას, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ ხელისუფლება ამ საკითხზე მუშაობისას მათ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.