მუშტი-კრივი გორის სოფლებში

მერეთში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები

გორის რაიონში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბება. საქმეში უკვე ბახუსი და მუშტი ჩაერთო. აგრესიულად განწყობილი ადამიანები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების სოფლებში შეხვედრების ჩაშლას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. აგრესიას ჟურნალისტების მიმართაც გამოხატავენ. სოფელ ახალდაბაში ერთმა პიროვნებამ სააგენტო „ინფო 9“-ის ოპერატორს თორნიკე თიბილაშვილს ჯერ გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა და შემდეგ მუშტი პირდაპირ სახეში ჩაარტყა. ამავე სოფელში ჩხუბი ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორისაც გაიმართა.

„ინფო 9“-ის ოპერატორს თვალი აქვს დაზიანებული, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. თიბილაშვილმა სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაიტარა და რეაგირებისთვის სახალხო დამცველს მიმართა. პიროვნება, რომელმაც მას დაარტყა, ვიდეომასალაზე დაფიქსირებულია, თუმცა ჟურნალისტებმა მისი ამოცნობა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. თიბილაშვილის თქმით, მას იმ დროს გაუსწორდნენ, როცა ხალხში დაწყებულ ჩხუბს იღებდა.

სოფელ ვარიანში კოალიციის ლიდერებთან შეხვედრისას ადგილობრივი რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები და სკოლის პედაგოგები აქტიურობდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იზა კოკაური, რომელიც კოალიციის ლიდერებს მოღალატეობასა და რუსული დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებდა. ინტერნეტგამოცემა qartli.ge-ის რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა შეკრებილ პედაგოგებში ის პირები ამოიცნო, რომლებიც, მისი თქმით, წინა არჩევნებზე ადგილობრივი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები იყვნენ და არჩევნებს აყალბებდნენ. ამ მასწავლებლებმა ჟურნალისტის მიმართ აგრესია გამოხატეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ყველაფერი qartli.ge-ის ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

კოალიციის წარმომადგენელი ნინელი ჭანკვეტაძე აცხადებს, რომ მათ ნასვამი ადამიანები დასდევენ და მუდმივად ემუქრებიან.

არანაკლებ დაძაბული გამოდგა შეხვედრები შინდისსა და ნიქოზში. შინდისში ადგილობრივი რწმუნებულის აპარატის თანამშრომელი ირმა პაპუნაშვილი აქტიურობდა და ოპოზიციის ლიდერებს მოღალატეებს უწოდებდა, მას და კახი კალაძეს შორის კი შელაპარაკება მოხდა.

სოფელ ნიქოზში სოფლის რწმუნებულმა შეხვედრის ჩასაშლელად მთელი სანათესაო და საახლობლო გამოიყვანა, რომლებიც შეძახილებით მოუწოდებდნენ კოალიციის წარმომადგენლებს, რომ სოფელი დაეტოვებინათ. შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციაზე მისულ სასულიერო პირებსაც.

ნიქოზის რწმუნებული ილია მინდიაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის აგრესიას ბიძინა ივანიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება იწვევს და მისი მომხრეების მოსმენა სოფელში არავის უნდა.

კოალიციის წარმომადგენელმა კახი კალაძემ მერეთის ინციდენტი გაიხსენა და ხელისუფლება ვითარების ხელოვნურ დაძაბვაში დაადანაშაულა.

კოალიციის ლიდერები სოფელ-სოფელ შეხვედრებს აგრძელებენ და ეს შეხვედრები 15 ივლისამდე გაგრძელდება. კვირას გორში „ქართული ოცნების“ აქციის ჩატარებაა დაგეგმილი. გორის რაიონის სოფლებში კი ვითარება ყოველდღიურად იძაბება. კოალიციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მომხრეები შეხვედრების ჩაშლას ყველა სოფელში ცდილობენ.