ირანის ბირთვულ პროგრამაზე ჟენევის მოლაპარაკება დეტალების განხილვამ შეანელა

ჟენევაში პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი ქვეყნების და მათთან ერთად გერმანიის წარმომადგენლებსა და ირანს შორის ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკება გაგრძელდა. მოლაპარაკებაზე დასავლეთის სახელმწიფოების ოფიციალური წარმომადგენელი კეტრინ ეშტონი კიდევ ერთხელ შეხვდა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს, ჯავად ზარიფს. მათი შეხვედრა გულისხმობდა დეტალების განხილვას და მისაღები შეთანხმების ერთი-ორი პასაჟის საბოლოოდ დაზუსტებას. ერთმა კორესპონდენტმა კეტრინ ეშტონის წარმომადგენელს, მაიკლ მენს, ჰკითხა, ხომ არ მოექცა მოლაპარაკება ჩიხშიო, რაზედაც მენმა უპასუხა:

„ამას ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ, რადგან მოლაპარაკება მიმდინარეობს, არაფერი ხდება ამწუთში. საჭიროა წინადადებათა უმნიშვნელოვანესი საკითხების დეტალების განხილვა. ამას დრო სჭირდება“.

ჩვენმა კორესპონდენტმა მაიკლ მენს ჰკითხა, როცა ბრიფინგს მართავდით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის წარმომადგენელი აბას არაყჩი ასევე ჟურნალისტებთან საუბრობდა და იტყობინებოდა, არავითარი წინსვლა არ ხდებაო, მაგრამ არის თუ არა შეთანხმების დეტალებზე საუბარი წინსვლა?

„გააჩნია, რას უწოდებთ პროგრესს. ფაქტია, რომ საკვანძო საკითხებზე ვსაუბრობთ. თუ შევადარებთ ძველ შეხვედრებს, როცა არსებითზე არაფერზე ვლაპარაკობდით, ნამდვილად არის პროგრესი. მაგრამ მე უფლებამოსილი არ ვარ შევაფასო, თუ რა სახის პროგრესი იქნა მიღწეული გასულ 24 საათში“, უპასუხა კეტრინ ეშტონის პრესმდივანმა შეკითხვას და დასძინა, ჩვენ დაუღალავად ვმუშაობთ განსხვავებული პოზიციების დასაძლევადო.

მოლაპარაკების პროცესის ბოლოს, როგორც ვთქვი, გვსურს, ირანმა სავსებით და საბოლოოდ დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ მისი ბირთვული პროგრამის ბუნება სრულიად მშვიდობიანია...
კეტრინ ეშტონის წარმომადგენელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, არ გვსურს მივაღწიოთ, უბრალოდ, რაიმე შეთანხმებას, გვინდა შევიმუშაოთ მყარი დოკუმენტი, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნებაო. მას მერე, რაც ეშტონმა და ზარიფმა ხანგრძლივი მოლაპარაკება გამართეს ხუთშაბათს და შემდგომ, პარასკევს, განაგრძეს შეხვედრა, უკვე ნაშუადღევს ეშტონმა ექვს ქვეყანას გააცნო მოლაპარაკებაზე შექმნილი ვითარება, ხოლო თითოეული სახელმწიფოს წარმომადგენლებმა, ერთმანეთში მსჯელობის შემდეგ, თავ-თავიანთ დედაქალაქებს აუწყეს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ რამდენიმე დეტალს შორის ერთია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი - ესაა ურანის გამდიდრების თემა. ირანი თვლის, რომ ურანის გამდიდრება მისი უფლებაა და სურს ამაზე დოკუმენტში ჩაიწეროს, დასავლეთს კი ასეთი პასაჟის შეთანხმებაში შეტანა მიზანშეუწონლად მიაჩნია, რადგან თვით გაუვრცელებლობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებაში ურანის გამდიდრება ნახსენებიც არ არის, არც ერთ ქვეყანას ასეთი უფლება ქაღალდზე დაწერილი არა აქვს. ჩვენს კორესპონდენტს აშშ-ის მაღალი რანგის ოფიციალურმა წარმომადგენელმა უთხრა, თუ ასეთი რამ ჩაიწერა დოკუმენტში, მომავალში შეუძლებელი იქნება ამ უფლების კვლავ ჩამორთმევაო. ასე რომ, საუბარი მიდის იმაზე, როგორი უნდა იყოს ფორმულირება, რათა ორივე მხარე კმაყოფილი დარჩეს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, აღიარებს თუ არა საერთაშორისო თანამეგობრობა ირანის უფლებას ურანის გამდიდრებაზე, მენმა დიპლომატიურად უპასუხა:

„მოლაპარაკების პროცესის ბოლოს, როგორც ვთქვი, გვსურს, ირანმა სავსებით და საბოლოოდ დაარწმუნოს საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ მისი ბირთვული პროგრამის ბუნება სრულიად მშვიდობიანია. დოკუმენტზე ხელმოწერისა და, საერთოდ, ამ ყველაფრის მიზანი ისაა, რომ ირანს, მას მერე, რაც დაამტკიცებს თავისი ბირთვული პროგრამის მშვიდობიან ბუნებას, ისევე მოეპყრონ, როგორც გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ყველა სხვა მონაწილეს, რომ მას ექნეს იგივე უფლებები, მაგრამ იგივე მოვალეობებიც“.

ჟენევაში ამ ეტაპისთვის არ არის ცხადი, იქნება თუ არა პარასკევი საბოლოო დღე, როგორც ეს დაგეგმილი იყო. მსგავსად წინა რაუნდისა, მოლაპარაკება შეიძლება გაგრძელდეს, რადგან ურანის გამდიდრების გარდა უმნიშვნელოვანესი თემაა ირანისთვის სანქციების შერბილება, რაც დასავლეთმა ურანის დათმობის სანაცვლოდ უნდა გააკეთოს. დღის ბოლოს გავრცელდა ცნობა, რომ ჟენევაში ჩასვლას აპირებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი. დასავლეთის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელები იქ ჩასვლას უშუალოდ მიღწეული შეთანხმების გასაფორმებლად აპირებენ.