ერგნეთში „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა ძლიერი ქარისა და თოვლის ფონზე მიმდინარეობდა. ამის გამო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტებისთვის განკუთვნილი კარავი ვერ გამართეს და ძირითადი შეხვედრის კარავიც გაჭირვებით ააწყვეს.
შეხვედრა მადლობის თქმით დაიწყო: ოსური მხარის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა, პატიმრების გაცვლის თაობაზე მიღწეული შეთანხმების გამო, ქართული დელეგაციის წევრებს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების თვალწინ მადლობა გადაუხადა, ქართულმა მხარემ კი ბოლო დღეებში სოფელ ჯარიაშენში მიმდინარე პროცესები გააპროტესტა. როგორც ცნობილია, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს სოფლის ხეხილის ბაღებში გზა გაჰყავთ, ადგილობრივი მოსახლეობის მტკიცებით, ამ გზასთან კიდევ რამდენიმე ჰექტარი მიწა საოკუპაციო ხაზს მიღმა ექცევა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დავით კობახიძე აცხადებს, რომ ჯარიაშენთან მიმდინარე სამუშაოები პროვოკაციული ხასიათისაა და ხელს არ უწყობს რეგიონში მშვიდობის დამკვიდრებას. კობახიძის თქმით, საკითხის განხილვა ჟენევის დისკუსიის ფორმატშიც გაგრძელდება.
პრეტენზიები ჰქონდა ოსურ მხარესაც, დავით სანაკოევის თქმით, ისევ ხშირად ირღვევა სამხრეთ ოსეთის საზღვარი. მისი ინფორმაციით, თებერვლის ბოლოდან მარტის შუა რიცხვებამდე საქართველოს 5 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. რაც შეეხება ჯარიაშენის ბაღებში გზის გაყვანის სამუშაოებს, სანაკოევის განმარტებით, მიმდინარეობს ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების ზოლის გაყვანა, რადგან მიმდებარე მინდვრებში ხშირია ხოლმე ხანძრები და სწორედ მოსალოდნელი ხანძრის სალიკვიდაციოდ კეთდება ეს ყველაფერი.:
„ეს გზა არ არის. ეს ხანძარსაწინააღმდეგო ზოლია. გვინდა, ცეცხლის გაჩენის შემთხვევაში, დროულად მოვახდინოთ მისი ლოკალიზება, რათა ხანძარი ავიცილოთ თავიდან. წინა წლებში აქ ხანძარი ხშირად ჩნდებოდა. მაგრამ ის, რომ ამ ადგილზე საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო საზღვარს კვეთდნენ, ეს კვლავაც რჩება კანონსაწინააღმდეგო ქმედებად“.
ქართულმა მხარემ დაბა ახალგორში იძულებით გადაადგილებული პირის ბინაში შეჭრის ფაქტიც გააპროტესტა და ოს სამართალდამცავებს რეაგირებისკენ მოუწოდა. როგორც ცნობილია, ახალგორიდან მოსახლეობის ნაწილი გამოსულია და წეროვანის დევნილთა დასახლებაში ცხოვრობს, ხოლო ახალგორში მათ საკუთრებას ხელყოფენ.
ერგნეთის შეხვედრას ესწრებოდნენ სამელიორაციო სისტემის სპეციალისტებიც, რომლებმაც უკვე მიაღწიეს შეთანხმებას ტირიფონის სარწყავი სისტემის აღდგენისა და გაწმენდის თაობაზე. წყლის სისტემების სპეციალისტის გელა ზოზიაშვილის თქმით, დღეს მიღწეულია შეთანხმება, რომ გამოდარებისთანავე ორივე მხარე ერთდროულად დაკეტავს სარწყავ არხს, ჩაატარებს ტექნიკურ სამუშაოებს და ამის შემდეგ ამოქმედდება ტირიფონის საირიგაციო სისტემა, რომელიც როგორც ქართული, ისე ოსური სოფლების ბაღ-ვენახებს გაასარწყავებს.
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა 20 აპრილს გაიმართება.