ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჯერ არ დასრულებულა ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზაზე მუშაობა. მიუხედავად იმისა,რომ არჩილ ტატუნაშვილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა 20-21 მარტს ჩატარდა და მას შემდეგ თითქმის სამი კვირა გავიდა, ექსპერტიზის შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა.
Your browser doesn’t support HTML5
ეს არის სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც აქვს გონივრული ვადა, ასე აქვს მითითებული და აქედან გამომდინარე, სადამდეც იქნება საჭირო, იმდენი დრო დასჭირდება.ეკა ჭუმბურიძე
რა გახდა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზი? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას და, შესაბამისად, სამედიცინო ექსპერტიზის შედეგებს, ოჯახის გარდა, ინტერესით ელოდება საზოგადოებაც. თუმცა, როგორც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსმა ეკა ჭუმბურიძემ გვითხრა, ზოგადად, სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზას გონივრული ვადები აქვს და გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც პროცესსა და კვლევის სრულყოფილად დასრულებას დასჭირდება:
“ეს არ არის სხვა სახის ექსპერტიზები, რომლებსაც, დავუშვათ, აქვს ვადა 30 სამუშაო დღე ან დაჩქარებული წესით. ეს არის სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც აქვს გონივრული ვადა, ასე აქვს მითითებული და აქედან გამომდინარე, სადამდეც იქნება საჭირო, იმდენი დრო დასჭირდება“.
ეკა ჭუმბურიძე აღნიშნავს, რომ ექსპერტიზის დასრულებამდე არაფრის თქმა არ შეიძლება, ექპერტიზის დასრულების შემდეგ კი პასუხები, პირველ რიგში, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნებათ:
“ექსპერტიზის დასრულების შემდეგაც ამაზე კომენტარს გააკეთებს გამოძიება, ვინც ექსპერტიზა დანიშნა. ჩვენ არა გვაქვს უფლება, რომ ექსპერტიზაზე ვისაუბროთ“.
ვთქვათ, ოჯახმა რომ გადაწყვიტოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა ინდივიდუალური საჩივრით. ასევე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა იყო, მთავრობამ მოამზადოს სახელმწიფოთშორისი საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ტატუნაშვილის საქმის ჩათვლით, მაგრამ არამარტო...ნათია კაციტაძე
არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე - მკვლელობის -მუხლით მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ტარდება და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება და გამოძიება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად წარიმართება. თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა 10 აპრილს საქართველოს პარლამენტში სამსახურის გასული წლის საქმიანობის ანგარიშის საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა, რომ სუსი შსს-ს მის ხელთ არსებულ ყველა ინფორმაციას გადასცემს და ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.
გამოძიების ეტაპზე კი საქმის მასალებზე სრულყოფილი წვდომა არავის აქვს, მათ შორის არც დაზარალებულ მხარეს. როგორც „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ აღმასრულებელი დირექტორი ნათია კაციტაძე შენიშნავს, საკანონმდებლო დონეზე საგამოძიებო ორგანოებს ინფორმაციის გაცემის ვალდებულება არ აქვთ, თუმცა, საქმისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კარგი იქნება შესაბამისმა უწყებებმა გარკვეული ინფორმაცია პროაქტიულად გაავრცელონ - კერძოდ, როგორ მიმდინარეობს და აქვს თუ არა რაიმე განვითარება ამ გამოძიებას, მათ შორის რა შედეგებს აჩვენებს ექსპერტიზა. ნათია კაციტაძე, იმავდროულად, მნიშვნელოვნად მიიჩნევს გააქტიურებას საერთაშორისო მექანიზმების გამოყენების მიმართულებითაც:
“ვთქვათ, ოჯახმა რომ გადაწყვიტოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვა ინდივიდუალური საჩივრით. ასევე, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნა იყო, მთავრობამ მოამზადოს სახელმწიფოთშორისი საჩივარი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ტატუნაშვილის საქმის ჩათვლით, მაგრამ არამარტო. მათ შორის საჩივარში უნდა მოხვდეს ფაქტები, რომლებიც ეხება ყოველდღიურ რეჟიმში დაკავებებს გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე და, ასევე, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევებს, რასაც ჰქონდა ადგილი ტატუნაშვილის საქმემდე“.
ნათია კაციტაძე ფიქრობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიების ფონზე ორივე საერთაშორისო მექანიზმის პარალელურ რეჟიმში გამოყენება ეფექტური იქნებოდა.
35 წლის არჩილ ტატუნაშვილი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის რეჟიმმა ახალგორში დააკავა ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად. 23 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მეშვეობით, ცხინვალმა ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს მომხდარიდან 26 დღის შემდეგ, 20 მარტს გადასცა.