საქართველოს პროკურატურა აზერბაიჯანელ კოლეგებს თბილისიდან გაუჩინარებული გამომძიებელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართავს და მუხთარლის დაკითხვასა და ამ დაკითხვაზე საქართველოს წარმომადგენლის დასწრებას ითხოვს. როგორც 27 ივნისს ქვეყნის მთავარმა პროკურორმა განაცხადა, ამჟამად ქართული მხარე აზერბაიჯანის პასუხს ელის. 27 ივნისს ამავე საკითხზე აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, შეხვდა. ადვოკატები ხელისუფლებას მოუწოდებენ საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცეს, ხოლო სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გაგზავნილი საჩივრით მუხთარლის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვენ.
Your browser doesn’t support HTML5
27 ივნისს აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს, შეხვდა. ლეილა აფასებს იმ ფაქტს, რომ „საქართველოს პრეზიდენტმა ობიექტური პოზიცია დაიკავა“ და მას ამისთვის მადლობას უხდის, თუმცა არც ის და არც აფგან მუხთარლი საქართველოს მოქალაქეობის მიღებას არ აპირებს. 29 მაისს მუხთარლის თბილისიდან გაუჩინარების შემდეგ ლეილა მუსტაფაევა პირველად ესაუბრა მას ტელეფონით. ამბობს, რომ მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის, თუმცა აფგანი თავს მაინც მხნედ გრძნობს.
„პირველ რიგში, მსურს პირადად გადავუხადო მადლობა საქართველოს პრეზიდენტს იმ პოზიციისთვის, რომელიც მან დაიკავა. საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლები იმავე სიტყვებს იმეორებდნენ, რასაც აზერბაიჯანის ხელისუფლება ამბობდა. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა საპირისპირო პოზიცია დაიკავა. ის მოიქცა, როგორც ნამდვილი პრეზიდენტი“, - აღნიშნა ლეილა მუსტაფაევამ.
Your browser doesn’t support HTML5
ადამიანის უფლებების დამცველები მოითხოვენ მუხთარლის საქმე არა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, არამედ პროკურატურამ გამოიძიოს, რათა გამოირიცხოს ინტერესთა კონფლიქტი. 27 ივნისს მუხთარლის საქმეზე კომენტარი გააკეთა როგორც ერთი, ისე მეორე უწყების წარმომადგენელმა. მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანელ კოლეგებს უკვე მიმართა სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით. ირაკლი შოთაძის თქმით, საქართველოში ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებებია ჩატარებული, რის ფარგლებშიც დაკითხულია 100-ზე მეტი მოწმე და ამოღებულია გარე სათვალთვალო კამერები.
„საქართველოს პროკურატურამ სამართლებრივი დახმარების შუამდგომლობით მიმართა აზერბაიჯანელ კოლეგებს. ჩვენ ვითხოვთ აფგან მუხთარლის დაკითხვას და ამ დაკითხვაზე ჩვენი წარმომადგენლის დასწრებას. ასევე ვითხოვთ აზერბაიჯანში არსებული სისხლის სამართლის საქმის მასალებს. მას შემდეგ, რაც მოხდება მუხთარლის დაკითხვა და მოპოვებული იქნება ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანში ხორციელდება სისხლის სამართლებრივი დევნა, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება. ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით აზერბაიჯანიდან პასუხს”, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა კი თქვა, რომ აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებული ვიდეოკამერების ჩანაწერები გასაჯაროვდება მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდება გამოძიების შუალედური შედეგები. ეს კი ქართველი გამომძიებლების მიერ აფგან მუხთარლის დაკითხვის შემდეგ მოხდება.
”ჩვენ მივმართეთ აზერბაიჯანის შესაბამის საგამოძიებო უწყებებს და ველოდებით, რომ ჩვენმა გამომძიებლებმა დაკითხონ მუხთარლი. ვიდრე არ იქნება გამოძიების შედეგები, ვიდრე არ იქნება ჩვენება და არ შეჯერდება საერთო სურათი, მანამდე შუალედურ შედეგებს ვერ გამოვაქვეყნებთ. ჩვენ ვიხილეთ მუხთარლის განცხადებები ცალკეულ საკითხებზე, ამიტომ სრული სურათისთვის საჭიროა გვქონდეს დეტალური ჩვენება. ვიდეოკამერები არის საქმის ერთი კომპონენტი. ჩანაწერების გარდა, დაკითხულია ასეულობით მოწმე”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტის დაკავების თაობაზე კომენტარები თბილისში კონფერენციაზე მყოფმა აზერბაიჯანის გენერალური პროკურორის მოადგილე კამრან ალიევმაც გააკეთა. მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ „აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და გამოძიებას აწარმოებს საკუთარი და არა ევროპარლამენტის კანონმდებლობის შესაბამისად“.
მან ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს ღელვის საფუძველი მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
27 ივნისს აზერბაიჯანიდან დევნილი საქართველოში მყოფი ჟურნალისტებისა და აქტივისტების საქმეების პირველადი ანგარიში გამოაქვეყნა „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმაც“. ცენტრის წარმომადგენლის, თამთა მიქელაძის, განცხადებით, მუხთარლის საქმე ყველაზე კრიტიკული საქმეა, რომელმაც ალიევის არადემოკრატიული რეჟიმის მიმართ საქართველოს მთავრობის ლოიალური პოლიტიკა გამოაჩინა. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მთავრობის პოლიტიკა განსაკუთრებით შეიცვალა 2016 წლის შემდეგ. გასაგებია რეგიონში არსებული პოლიტიკური კონტექსტი, ქვეყნის უსაფრთხოება, მაგრამ სასწორზე ადამიანის უფლებები არ უნდა დაიდოს, აცხადებს თამთა მიქელაძე:
„ადამიანის უფლებების დათმობისა და უგულებელყოფის ხარჯზე გარკვეულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებში შესვლა თუ თანამშრომლობა ღიად არადემოკრატიულ რეჟიმებთან, სადაც ადამიანები ფუნდამენტური უფლებების დარღვევის მსხვერპლნი გახდნენ, უკვე დემოკრატიის პრობლემად იქცევა და ყველა ორგანიზაციის შეფასება არის ძალიან კრიტიკული და სწორედ დემოკრატიული განვითარების ხარვეზებზე უთითებენ“.
ეს ნიშნავს, რომ მას ან არ ესმის ამ საქმის პოლიტიკური კონტექსტი, ან ის, უბრალოდ, პოლიტიკურად არაადეკვატურია და ღიად გამოხატავს ლოიალობას ალიევის რეჟიმის მიმართ...თამთა მიქელაძე
EMC -ში მიიჩნევენ, რომ პრობლემაა, ოჯახის წევრებს რომ დღემდე არა აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას შემთხვევის ადგილზე გადაღებული ვიდეომასალის ნამდვილობაც. და, რაც მთავარია, ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ შემაშფოთებელია საქართველოს შს მინისტრის თავდაპირველი განცხადებები მუხთარლის საქმეზე, როდესაც მან კრიტიკის გარეშე გაიზიარა აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ვერსია.
„ეს ნიშნავს, რომ მას ან არ ესმის ამ საქმის პოლიტიკური კონტექსტი, ან ის, უბრალოდ, პოლიტიკურად არაადეკვატურია და ღიად გამოხატავს ლოიალობას ალიევის რეჟიმის მიმართ“, - აცხადებს თამთა მიქელაძე.
უფლებადამცველი ნინო ელბაქიძე, რომელიც წლებია თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს იცავს, გვეუბნება, რომ მათთვის თბილისი 2016 წლამდე ნამდვილად იყო თავშესაფარი. შემდეგ ვითარება შეიცვალა - მათ დევნიდნენ და უთვალთვალებდნენ, აფგან მუხთარლის გატაცების შემდეგ კი შიში ყველას გაუჩნდა:
„დღეს თითოეულ მათგანს აქვს განცდა, რომ ხვალ, შესაძლოა, თავად იყვნენ შემდეგნი, ისინი აღარ გრძნობენ თავს საქართველოში უსაფრთხოდ. ეს გამოიწვია იმან, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ არ გაატარა თანმიმდევრული პოლიტიკა და ვერ უზრუნველყო მათი უსაფრთხოდ ყოფნა საქართველოში. შეიძლება საქმე გვაქვს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის პოლიტიკასთან და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ამ ადამიანებს უთვალთვალებენ და, რამდენიმე მათგანის განცხადებით, მათ თავსაც კი დაესხნენ“, - გვითხრა ნინო ევგენიძემ.
რაც შეეხება სიახლეს საქმის სამართლებრივი კუთხით, აფგან მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის პატიმრობიდან გათავისუფლებას მოითხოვს. ადვოკატის თქმით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლით მოიხსნება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე, რომლის ქვეშაც დღეს იმყოფება თბილისიდან გატაცებული და ბაქოს ქიურდახანის ციხის დროებითი დაკავების იზოლატორში მყოფი ჟურნალისტი.