ზაპორჟიეზე ავიადარტყმას ნგრევა მოჰყვა, არიან დაშავებულები

რუსეთის ავიადარტყმით განადგურებული სახლი ზაპოროჟიეს რაიონში. 2025 წლის 20 მარტი

რუსეთის ავიადარტყმით განადგურებული სახლი ზაპოროჟიეს რაიონში. 2025 წლის 20 მარტი

ექვსი ადამიანი დაიჭრა უკრაინის ზაპოროჟიეს რაიონზე რუსეთის ავიადარტყმის შედეგად. შეტევა 20 მარტს, ღამით იყო.

ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ივან ფიოდოროვის მიერ დღეს, 21 მარტს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილებს შორის 4 წლის ბიჭია. ფიოდოროვის ცნობითვე, რუსულმა ავიაბომბებმა დაანგრია ორი და დააზიანა სამი კერძო სახლი.

გასულ ღამით რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მასირებული შეტევა მიიტანეს ოდესაზე. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაშავდა სამი მოზარდი. დაზიანდა მრავალსართულიანი სახლი, ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრსა და რამდენიმე მაღაზიაში. ცეცხლის ქრობაში ჩართული იყო 70 მეხანძრე-მაშველი და 22 ერთეული ტექნიკა.

ასევე ნახეთ აფეთქება მოხდა რუსეთის ნავთობის ბაზაზე, სადაც დრონებით შეტევის შემდეგ მესამე დღეა ხანძარია

უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები მომავალ კვირაში საუდის არაბეთში უნდა განახლდეს.

ასევე ნახეთ ნაწილობრივი ცეცხლის შეწყვეტა - და მაინც, რაზე შეთანხმდნენ ტრამპი და პუტინი?
ასევე ნახეთ რუბიო და უოლცი: ზელენსკისთან საუბარში ტრამპმა უკრაინის ელექტროსადგურების უსაფრთხოებისთვის აშშ-ის ჩართულობაზეც ილაპარაკა