Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
აფეთქება მოხდა რუსეთის ნავთობის ბაზაზე, სადაც დრონებით შეტევის შემდეგ მესამე დღეა ხანძარია

აფეთქება მოხდა რუსეთის ნავთობის ბაზაზე, სადაც დრონებით შეტევის შემდეგ მესამე დღეა ხანძარია


საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით ხშირად უტევენ რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის საცავებს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.
საილუსტრაციო ფოტო. უკრაინის თავდაცვის ძალები დრონებით ხშირად უტევენ რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის საცავებს და ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს.

აფეთქება მოხდა რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე ნავთობის ბაზაზე, სადაც მესამე დღეა აქრობენ დრონებით შეტევის შედეგად გამოწვეულ ხანძარს.

ინფორმაცია აფეთქების შესახებ დღეს, 21 მარტს, გამთენიისას გამოქვეყნდა კრასნოდარის მხარის ოპერატიული შტაბის ტელეგრამ-არხზე. ოფიციალური ცნობით, დაშავდა ორი მეხანძრე და დაზიანდა სამი ერთეული ტექნიკა.

ოპერატიული შტაბის თანახმად, ჯერ კიდევ 19 მარტს გაჩენილი ხანძრის ქრობის პროცესში, ცეცხლმოკიდებული რეზერვუარის ჰერმეტიზაციის დარღვევამ აფეთქება გამოიწვია და ხანძრის ფართობი 10 000მ²-მდე გაიზარდა.

შტაბის ცნობითვე, ამჟამად ნავთობის ბაზის ტერიტორიაზე იწვის ორი რეზერვუარი და მათი მიმდებარე ტერიტორია. ცეცხლის ქრობაში ჩართულია 456 მეხანძრე და 181 ერთეული ტექნიკა.

ნავთობის საცავი კრასნოდარის მხარის სტანიცა კავკაზსკაიაში მდებარეობს. 19 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ამ ობიექტს სამი უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს, რის შედეგადაც ნავთობის ერთ-ერთი რეზერვუარის ჰერმეტულობა დაირღვა და 1700მ² ფართობზე ხანძარი გამოიწვია.

რუსული მხარის თანახმად, ეს ობიექტი უზრუნველყოფს სარკინიგზო ცისტერნებით საწვავის მიწოდებას ნავთობის ტრანსპორტირების საერთაშორისო კომპანიის, „კასპიის მილსადენების კონსორციუმის“ მილების სისტემისთვის.

კრასნოდარის მხარეში ამ კომპანიის ობიექტზე დრონებით შეტევა იყო 17 თებერვალსაც.

რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და საწვავის საცავები.

კრასნოდარის მხარე რუსეთის იმ რეგიონებს შორისაა, სადაც მსგავს ობიექტებზე დრონებით შეტევა ხშირია.

ერთ-ერთი ბოლო შეტევა 14 მარტს იყო კრასნოდარის მხარის ქალაქ ტუაფსეში მდებარე საწვავის საცავზე, სადაც მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ბენზინის რეზერვუარში „ღია წვის ლიკვიდირება“ მხოლოდ 17 მარტს მოხერხდა.

უკრაინასა და რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის მიზნით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 18 და 19 მარტს სატელეფონო საუბრები გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

უკრაინაში ომის დასრულების საკითხზე მოლაპარაკებები მომავალ კვირაში საუდის არაბეთში უნდა განახლდეს.





ფორუმი

XS
SM
MD
LG