აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და ეროვნული უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ 19 მარტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შემდგარ სატელეფონო საუბარზე.
ისინი საუბარს უწოდებენ "ფანტასტიკურს", აღნიშნავენ, რომ ზელენსკიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში უკრაინული და ამერიკული გუნდების მოლაპარაკების წარმატებული დასაწყისისთვის, ჯაველინის ტიპის ანტისატანკო სისტემების უკრაინისთვის გადაცემისთვის, და მშვიდობისთვის გაწეული ძალისხმევისთვის. "ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინა და ამერიკა გააგრძელებენ ერთობლივ მუშაობას ომის რეალური დასრულებისთვის, და რომ პრეზიდენტ ტრამპის მმართველობის პირობებში მდგრადი მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია", - ვკითხულობთ განცხადებაში.
რუბიო და უოლცი ასევე აღნიშნავენ, რომ ტრამპი ზელენსკის ელაპარაკა წინა დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერებმა განიხილეს კურსკის რეგიონში შექმნილი სიტუაცია და ინფორმაციის გაზიარებაზე შეთანხმდნენ. "პრეზიდენტმა ზელენსკიმ ითხოვა საჰაერო დაცვის დამატებითი სისტემები სამოქალაქო მოსახლეობის დასაცავად, განსაკუთრებით Patriot-ის ტიპის სარაკეტო სისტემები, პრეზიდენტი ტრამპი დათანხმდა მასთან თანამშრომლობას შესაძლებლობების გამონახვის მიზნით, განსაკუთრებით ევროპაში", - წერენ რუბიო და უოლცი.
დოკუმენტის თანახმად, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტაზე ენერგეტიკასთან მიმართებით, და რომ შემდგომ დღეებში ტექნიკური გუნდები საუდის არაბეთში გამართავენ შეხვედრას და განიხილავენ ცეცხლის შეწყვეტის გაფართოებას შავ ზღვასთან მიმართებითაც - როგორც ეტაპისა ცეცხლის სრულად შეწყვეტისთვის.
"პრეზიდენტმა ტრამპმა ასევე განიხილა უკრაინის ელექტროენერგიით მომარაგება და ელექტროსადგურები. მისი თქმით, აშშ-ს დიდი დახმარების გაწევა შეუძლია ამ სადგურების მართვაში, ელექტროენერგიის და გამოყენების სფეროებში გამოცდილების გათვალისწინებით. ამ სადგურების ამერიკის მხრიდან ფლობა იქნებოდა საუკეთესო დაცვა ამ ინფრასტრუქტურისთვის და მხარდაჭერა უკრაინის ენერგეტიკის ინფრასტრუქტურისთვის", - ვკითხულობთ განცხადებაში.
რუბიო და უოლცი ასევე აღნიშნავენ, რომ ზელენსკიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა ჰუმანიტარული ძალისხმევისთვისაც, განსაკუთრებით ტყვეების გაცვლის საქმეში. "პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ ზელენსკის ასევე ჰკითხა ბავშვებზე, რომლებიც უკრაინიდან დაიკარგნენ ომის დროს, მათი ჩათვლით, ვინც მოიტაცეს. პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა დაპირებით, რომ მჭიდროდ ითანამშრომლებს ორივე მხარესთან, რათა ეს ბავშვები სახლში დაბრუნდნენ", - წერენ სახელმწიფო მდივანი და უშიშროების საკითხებში მრჩეველი.
ფორუმი