Accessibility links

ახალი ამბები
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
ზელენსკიმ და ტრამპმა ტელეფონით ილაპარაკეს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მიტანილი იერიშების ფონზე

ზელენსკიმ და ტრამპმა ტელეფონით ილაპარაკეს რუსეთის მხრიდან უკრაინაზე მიტანილი იერიშების ფონზე


ფოტოკოლაჟი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
ფოტოკოლაჟი: აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (მარცხნივ) და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკების პროცესის თაობაზე ტელეფონით ილაპარაკეს - იმ ფონზე, როცა მოსკოვმა ახალი დარტყმები მიიტანა უკრაინის ინფრასტრუქტურაზე ერთ დღეში მას მერე, რაც პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ შეაჩერებდა ამგვარ თავდასხმებს.

"ახლა დავასრულე ძალიან კარგი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან", - წერს ტრამპი სოციალური მედიით 19 მარტს და აღნიშნავს, რომ საუბარმა დაახლოებით ერთ საათს გასტანა.

"დისკუსიის დიდი ნაწილი ეფუძნებოდა გუშინდელ ზარს პრეზიდენტ პუტინთან, საიმისოდ, რომ შეჯერდეს რუსეთისა და უკრაინის მოთხოვნები და საჭიროებები. ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ წინ", - დასძენს ტრამპი.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის, მაილ უოლცის მეშვეობით.

ზელენსკიმ ტრამპთან საუბარს უწოდა "პოზიტიური, ძალიან არსობრივი და გულწრფელი". მან აშშ-ის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საუდის არაბეთის ქალაქ ჯიდაში ორი ქვეყნის დელეგაციების მუშაობის პროდუქტიული დასაწყისისთვის. ზელენსკის თქმით, 11 მარტს გამართული ეს შეხვედრა მნიშვნელოვნად წაადგა ომის შეწყვეტის ძალისხმევას.

"შევთანხმდით, რომ უკრაინამ და აშშ-მა უნდა გააგრძელონ ერთობლივი მუშაობა, რათა მიღწეულ იქნეს ომის რეალური შეწყვეტა და მდგრადი მშვიდობა. ჩვენ ვთვლით, რომ ამერიკასთან, პრეზიდენტ ტრამპთან ერთად და ამერიკის ხელმძღვანელობით მდგრად მშვიდობას შესაძლოა, წელს მივაღწიოთ", - წერს ზელენსკი.

ზელენსკისთან საუბრამდე ერთი დღით ადრე შექმნილი ვითარებით, ტრამპსა და პუტინს შორის გამართულმა საუბარმა, როგორც ჩანს, ვერ მოიტანა შედეგად აშშ-ის ლიდერის მიზნის მიღწევა - ცეცხლის 30 დღით შეწყვეტა, რასაც უკრაინა უკვე დათანხმდა.

ტრამპის და პუტინის სატელეფონო საუბრის შემდეგ, თეთრმა სახლმა 18 მარტს განაცხადა, რომ მხარეთა შეთანხმებით, სამშვიდობო ძალისხმევა დაიწყებოდა ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტით და გაიმართებოდა ტექნიკური მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე შავ ზღვაში, ასევე, ცეცხლის სრულად შეწყვეტასა და სრულ მშვიდობაზე.

ამის შემდეგ რუსეთის ჯარებმა რაკეტებით და უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის რეგიონებზე. დაზიანებულია სახლები და რკინიგზის ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულები.

უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ მომდევნო დღეს, 19 მარტს, გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა 2 ბალისტიკური და 4 საზენიტო-მართვადი რაკეტა და სხვადასხვა ტიპის 145 დრონი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG