რუსეთის სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსზე დრონებით დღევანდელი შეტევის სამიზნე სამხედრო აეროდრომი იყო. ეს ირკვევა ოლქის გუბერნატორ რომან ბუსარგინის ტელეგრამ-არხზე დილის ათის ნახევრისთვის გამოქვეყნებული ინფორმაციიდან, რომლის თანახმად, აეროდრომის ტერიტორიაზე ხანძრის გამო ობიექტის მახლობლად მცხოვრებთა ევაკუაცია დაიწყეს. ბუსარგინის ცნობითვე, დაზიანებულია 30-მდე სახლიც.
გუბერნატორის მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, ენგელსის გარდა, ქალაქ სარატოვზეც იყო „უპილოტო საფრენი აპარატებით ყველაზე მასირებული შეტევა“. სარატოვში გამოწვეული შედეგები დაკონკრეტებული არ არის.
მანამდე, გამთენიისას ადგილობრივი ტელეგრამ-არხები იუწყებოდნენ, რომ ქალაქ ენგელსზე დრონებით შეტევის სამიზნე, სავარაუდოდ, ნავთობის საცავი იყო.
სარატოვის ოლქის გუბერნატორი თავდაპირველად ტელეგრამზე მხოლოდ იმას წერდა, რომ დრონებით შეტევის შედეგად ნაწილობრივ ჩამსხვრეულია ენგელსის კლინიკური საავადმყოფოს, სკოლისა და ორი საბავშვო ბაღის ფანჯრები და დაშავებულია ერთი ადამიანი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დღეს, 20 მარტს, დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 132 უკრაინული დრონი და მათგან ყველაზე მეტი, 54 - სარატოვის ოლქში. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია გადამოწმებული არ არის.
განახლება: დღის 12 საათისთვის ენგელსის რაიონის ხელმძღვანელ მაქსიმ ლეონოვის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რაიონში გამოცხადდა „მუნიციპალური დონის საგანგებო სიტუაციის რეჟიმი".
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ ენგელსში მდებარე სამხედრო აეროდრომს დრონებით პირველად 2022 წლის დეკემბერში შეუტიეს.
უპილოტო საფრენი აპარატებით არაერთი დარტყმა იყო ენგელსის ნავთობის საცავზეც. მათ შორის 2025 წლის იანვარში, დრონებით შეტევის შედეგად ნავთობის ბაზა „კომბინატ კრისტალის" ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძარს კვირაზე მეტხანს აქრობდნენ და ქალაქში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება დასჭირდათ.
რუსეთთან ომში მყოფ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში კანონიერ სამიზნედ აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.
ფორუმი