ამ დაპირებას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის "დიახ, მაგრამ" პასუხი, ერთი კვირის წინ ამერიკის შეერთებული შტატების შეთავაზებაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თაობაზე.
რა შეიცვალა ახლა?
რუსეთის უკრაინაში სრული შეჭრიდან მეოთხე წელს, თეთრმა სახლმა და კრემლმა გამოაცხადეს, რომ უახლოვდებიან ფართო შეთანხმებას იმ ომის შესაჩერებლად, რომელშიც ორივე მხარეს ჯამში 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა.
ტრამპის მეორე პრეზიდენტობის განმავლობაში პუტინთან მეორე და ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბრის დეტალები ოფიციალური განცხადებებიდან გახდა ცნობილი.
უკრაინა, თეთრი სახლის წნეხის ქვეშ, რომელიც ცხადი პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოვალურ ოთახში გამართული შეხვედრის შემდეგაც გახდა, გასულ კვირას დათანხმდა ცეცხლის 30-დღიანი შეჩერების წინადადებას, იმ პირობით, რომ ასეთ შეთავაზებას რუსეთიც დათანხმდებოდა.
„ჩემი მთავარი დასკვნა აქ არის ის, რომ მოსკოვს საკმაოდ კომფორტულად შეუძლია ტრამპთან მოლაპარაკება, მაგრამ არა იმ მიზეზების გამო, რაზეც სხვები ლაპარაკობენ“, - ამბობს ნიკოლაი სოკოვი, ყოფილი რუსი დიპლომატი, რომელიც ახლა ვენის განიარაღებისა და ბირთვული გაუვრცელებლობის ცენტრში მუშაობს. "მოსკოვს შეუძლია ევაჭროს ტრამპს, მაშინ როცა ევროპა მტკიცედ დგას ხოლმე თავის პოზიციაზე და არ ცვლის".
მაინც, რას დათანხმდა მოსკოვი?
სამხედრო მოქმედების თვალსაზრისით, შეთანხმება ბევრს არაფერს ცვლის უშუალოდ საბრძოლო არენაზე, სადაც რუსული ჯარები დღემდე უკრაინის თავდაცვის გარღვევას ცდილობენ 1,100-კილომეტრიან ფრონტზე.
უკრაინის ჯარებმა რუსეთიდან, კერძოდ, კურსკის რეგიონის იმ პოზიციებიდან დაიწყეს გასვლა, რომლებიც შვიდი თვის განმავლობაში ჰქონდათ დაკავებული, სამხედრო-სტრატეგიული მიზნების გარდა, მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებაში სავაჭროდ გამოსაყენებლად.
18 მარტს გამოცხადებული შეთანხმებიდან მთავარი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შესახებ დათქმული პირობაა. სულ მცირე, 2022 წლის ნოემბრიდან, რუსეთი უკრაინის ელექტროგადამცემ ქსელებს - ელექტროსადგურებს, გადამცემ ხაზებს, ტრანსფორმატორებს ბომბავს და ანადგურებს სამოქალაქო მოსახლეობის დატერორებისთვის და მათ გამოსაფიტად. რუსი გენერალი, ყოფილი სამხედრო მეთაური, რომელსაც ამ სტრატეგიის ავტორობა მიეწერება, არმაგედონის მეტსახელითაა ცნობილი.
ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება ასევე, სავარაუდოდ, ომის დანაშაულიცაა, რის გამოც საერთაშორისო კრიმინალურ სასამართლოში ორი უმაღლესი რუსი სამხედრო ოფიცრის წინააღმდეგ არის შეტანილი სარჩელი.
ამ თავდასხმების ფონზე, უკრაინას გაუჭირდა შუქის და გათბობის შენარჩუნება, თუმცა ადგილობრივი ინოვაციური გადაწყვეტილებები და მასშტაბური დასავლური მხარდაჭერა დაეხმარა ქვეყანას პრობლემის დასაძლევად.
ამავე დროს, უკრაინამ გაზარდა საკუთარ ქვეყანაში წარმოებული დრონების და საკრუიზო რაკეტების ინდუსტრია, რომლებიც აქტიურად გამოიყენება რუსეთის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების, მილსადენებისა და სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ.
ჰელსინკიში გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტი ზელენსკი, რომელმაც წარსულში დაუჭირა კიდეც მხარი ცეცხლის შეწყვეტას საბრძოლო ველზე, ახალი შეთანხმების მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი.
„ჩვენ ყოველთვის ვუჭერდით მხარს იდეას, რომ არ ამოგვეღო მიზანში ენერგეტიკული ობიექტები, ისევე როგორც ზღვაში სასურსათო-სატრანსპორტო ობიექტები”, - განაცხადა მან. „ახლა უნდა გავიგოთ, ამ ახალი შეთანხმების დეტალები. ჩვენ ეს არ ვიცით."
„ეს შეიძლება იყოს გზა ცეცხლის შეწყვეტისკენ“, - თქვა ზელენსკიმ. „წინ ნაბიჯ-ნაბიჯ. დანარჩენი კი რეალობის სტატისტიკაა: ასობით დრონი და რაკეტები, რომლებიც არა მხოლოდ ბრძოლის ველზე ცვივა, არამედ ყველგან.“
„დიახ, მაგრამ...“
ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საუბრები დაიწყო ჯიდაში, საუდის არაბეთში, უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციების შეხვედრების შემდეგ. ორი დღის შემდეგ, პუტინმა ამ წინადადებას „დიახ, მაგრამ...“ პასუხი გასცა.
„საუბრისას დონალდ ტრამპმა წარადგინა წინადადება, რომ მხარეებმა საერთო შეთანხმებით თავი შეიკავონ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებისგან 30 დღის განმავლობაში,“ - თქვა კრემლმა 18 მარტის ზარის დასრულების შემდეგ. „ვლადიმირ პუტინმა დადებითად უპასუხა ინიციატივას და დაუყოვნებლივ მისცა რუსეთის სამხედროებს შესაბამისი ბრძანება.“
"ცეცხლის ნაწილობრივი შეწყვეტა - ენერგეტიკული ობიექტებზე შეტევების შეჩერება უკრაინასა და რუსეთში – ეს არის გამარჯვება კიევისათვის. თუმცა, შესაძლოა, ეს აღმოჩნდეს უფრო დიდი გამარჯვება მოსკოვისთვის, - ამბობს სოკოვი.
„გათვალისწინეთ, რომ 30 დღის განმავლობაში რუსეთი აწარმოებს შეიარაღებას და შეძლებს მასშტაბური თავდასხმების განახლებას, თუ საჭიროა“, - თქვა მან რადიო თავისუფლებასთან. „უკრაინა კი ვერ შეძლებს სრულად აღადგინოს ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ზარალი, რომლის ერთი მესამედიდან ნახევრამდე განადგურებულია. სხვადასხვა შეფასებით.“
ის, რაც არ უთქვამთ
ის, რაც არ ისმოდა მოლაპარაკებებზე - ყოველ შემთხვევაში ამ მოლაპარაკებების შესახებ საჯარო განცხადებებისას - არის უკრაინის ზაპოროჟიეს ატომური სადგური - ევროპაში ყველაზე დიდი - რომელზეც აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა თქვა, რომ შესაძლოა განხილვის საგანი ყოფილიყო.
არაფერი ახსენეს თითქოსდა რუსეთის მოთხოვნის შესახებ, რომ აშშ-ს ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული ეღიარებინა.
არაფერი თქმულა უკრაინის ნატოში შესვლის ამბიციებზე, რასაც მოსკოვი მკაცრად ეწინააღმდეგება და ომის დაწყების გასამართლებლადაც იყენებს ხოლმე.
თეთრი სახლის განცხადება ახსენებს უფრო ფართო გეოპოლიტიკურ საკითხებს - ნიშნად მოსკოვის პოზიციის აღიარებისა, რომ ნებისმიერი შეთანხმება ვაშინგტონთან უნდა იყოს უფრო ფართო, შეეხოს საკითხებს, რომლებიც უკრაინას არ მოიცავს.
პუტინისთვის ეს მარადიული თემაა - ცივი ომის შემდგომი საერთაშორისო წესრიგის მიუღებლობა.
აქამდე ბაიდენის თეთრი სახლი თავს არიდებდა უკრაინის მიღმა მოლაპარაკებების გაფართოებას.
„ლიდერები შეთანხმდნენ, რომ მშვიდობისკენ მოძრაობა დაიწყება ენერგეტიკულ და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე ცეცხლის შეწყვეტით, ასევე ტექნიკური მოლაპარაკებებით საზღვაო-სატრანსპორტო მარშრუტებზე თავდასხმების დასრულების, სრული ცეცხლის შეწყვეტისა და მუდმივი მშვიდობის დანერგვით“, - წერია თეთრი სახლის განცხადებაში. „ეს მოლაპარაკებები დაიწყება ახლავე ახლო აღმოსავლეთში.“
„მათ ასევე განიხილეს სტრატეგიული იარაღების გავრცელების შეჩერების საჭიროება და სხვა ქვეყნების ჩართვა, რათა შეთანხმების არეალი გაიზარდოს“, - ამბობს განცხადება. „ორივე ლიდერი გაიზიარებს აზრს, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ისრაელი გაანადგუროს.“
ბუნდოვანია, არის თუ არა სტილისტური განსხვავება კრემლისა და თეთრი სახლის ფორმულირებებში მნიშვნელოვანი და არსებითი, როცა კრემლი „ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაზე“ საუბრობს და თეთრი სახლი „ენერგეტიკასა და ინფრასტრუქტურაზე“.
სტრატეგიული იარაღების გავრცელება - ბირთვული ან სხვა - წარსულში ის საკითხები იყო, რაზეც ვაშინგტონი და მოსკოვი ერთობლივად უპრობლემოდ მუშაობდნენ, სანამ პოლიტიკურმა უნდობლობამ არ გაართულა ეს პროცესები.
ორი ქვეყანა - რომლებიც მსოფლიოში ყველაზე დიდ ბირთვულ არსენალს ფლობენ - კვლავ შეზღუდულია იარაღის კონტროლის ერთადერთი შემორჩენილი ხელშეკრულებით, რომელსაც ვადა მომავალი წლის შემდეგ ამოეწურება, და რომლის გასაახლებლად არ მიმდინარეობს რაიმე აქტიური მოლაპარაკებები.
საბოლოოდ მოლაპარაკებების გაფართოება შეიძლება კრემლის იმედებსაც ზრდიდეს საერთაშორისო წესრიგის რეფორმირებაზე: მოსკოვის სურვილია, რომ აშშ-მ ის თანასწორად ცნოს, ისევე როგორც საბჭოთა კავშირის დროს.
ფორუმი