„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ 17 იანვარს აზერბაიჯანში, ბაქოში - ბოლო ათ თვეში მესამე ვიზიტისას, - ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციასთან დაკავშირებით განაცხადა:
„ინაუგურაციას არ ესწრებიან პოლიტიკური ლიდერები, მას ესწრებიან ამომრჩევლები, კონკრეტული ადამიანები, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნებიდან... თუმცა ასეთ ღონისძიებებში შეიძლება ისეთი ადამიანების მიწვევა, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან“.
- ინაუგურაციაზე, გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, მიწვეულნი არიან არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი, - რომელიც დაესწრება ღონისძიებას;
- მიწვეულია იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი. მისი ადმინისტრაციის თქმით, თუკი პრემიერის დღის წესრიგი საშუალებას მისცემს, იგი დაესწრება ინაუგურაციას;
- მიწვეულია სალვადორის პრეზიდენტი ნაიბ ბუკელე; ასევე, ეკვადორის პრეზიდენტი დანიელ ნობოა, თუმცა დადასტურებული არ აქვთ, რომ დაესწრებიან.
- ინაუგურაციაზე ასევე იქნებიან: პოლონეთის ყოფილი პრემიერი მატეუშ მორავიეცკი, ბრიტანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნაიჯელ ფარაჟი.
„კონკრეტული პოლიტიკოსები საქართველოდან მიდიან აშშ-ში იმისათვის, რომ 220 000 კაცს შორის აღმოჩნდნენ და მიიღონ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. ეს არის მათი არჩევანი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„გამომდინარე იქიდან, რომ თავისი პროტოკოლი აქვს პრეზიდენტის ინაუგურაციას და აქ არ არის მიღებული უცხოელი პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობა, ჩვენ გვაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული“, - განაცხადა კობახიძემ 17 იანვარს.
„ქართული ოცნების“ მთავრობის წევრები აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად არავის მიუწვევია, - ეს ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში 9 იანვარს დაუდასტურეს რადიო თავისუფლებას.
ინაუგურაციას ესწრება მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, - ის ღონისძიებაზე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა მიიწვია. სალომე ზურაბიშვილი 17 იანვარს ჩავიდა ვაშინგტონში.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვაშინგტონში ვიზიტისას დაგეგმილია „მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები“. ვისთან, პრესსამსახური არ აკონკრეტებს.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი ვაშინგტონში ჩავიდა„რა თქმა უნდა, ამასთან ერთად, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სუფთა ფურცლიდან ჩამოყალიბდეს სტრატეგიული პარტნიორობა საქართველოსა და აშშ-ის შორის“, - განაცხადა კობახიძემ და დასძინა:
„ამისათვის ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, მთავარია, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები“.
ასევე ნახეთ ტრამპის ინაუგურაციაზე დასასწრებად „ქართული ოცნების“ მთავრობაში მიწვევა არავის მიუღიადონალდ ტრამპის ინაუგურაცია ვაშინგტონში 20 იანვარს გაიმართება. როგორც წესი, აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი ამ დღეს დებს ფიცს.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება, - რომელთანაც აშშ-მა 2009 წლიდან არსებული სტრატეგიული პარტნიორობა 2024 წელს შეაჩერა, - 2025 წლის 20 იანვარზე, ტრამპის ინაუგურაციაზე, იმედებს ამყარებდა და აცხადებდა, რომ ამის შემდეგ ვითარება შეიცვლებოდა.
მოგვიანებით „ოცნების“ ლიდერებმა გააკეთეს განცხადებები, რომლებითაც, ანალიტიკოსების თანახმად, ტრამპის პირობებში აშშ-ის კრიტიკული პოზიციის შენარჩუნების რისკები დააზღვიეს.
ასევე ნახეთ სუბარი ამბობს, რომ ირანსა და ჩინეთზე „მტკიცე პოზიცია“ უნდა დაიკავონ, ხოლო ტრამპის „სამართლიანობაში“ ეჭვი შეაქვს13 იანვარს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ამერიკის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრის ფოტო სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა და დაწერა, რომ დონალდ ტრამპს "[ბიძინა] ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ" მოუყვა.
ასევე ნახეთ უილსონი: ტრამპს მოვუყევი ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან თავისუფლებაზე თავდასხმის შესახებ