კობახიძის თქმით, ევროპელი პარლამენტარების ვიზიტი არ ემსახურება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფიქრობს, რომ რვა ქვეყნის პარლამენტარების საქართველოში ვიზიტი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ ემსახურება. მისი თქმით, დელეგაციის წევრები არიან ადამიანები, რომლებიც არღვევენ საარჩევნო პრინციპებს, რადგან ჩართული იყვნენ საარჩევნო აგიტაციაში.

„ყველა შემთხვევაში, ამ ვიზიტის სულისკვეთება, სამწუხაროდ, არ ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. მათ პირდაპირ ჰქონდათ საუბარი პრესკონფერენციაზე ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებაზე. ეს არ არის ის დამოკიდებულება, რომელიც უნდა ჰქონდეს ევროპელ პოლიტიკოსს სუვერენული ქვეყნის მიმართ. აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამ ვიზიტის მიმართ არის შესაბამისი“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

დღესვე მისმა თანაგუნდელმა კახა კალაძემ, რომელიც „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერია, ევროპელ პარლამენტარებს უსაქმურები უწოდა:

„ესენი არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ, ხან სხვა ქვეყანაში ჩადიან. ჩვენ გვახსოვს მათი ჩამოსვლა, როდესაც ოპოზიციის აქციები იყო, სიტყვით გამოსვლებიც ჰქონდათ... ევროკავშირი დაფუძნებულია სხვადასხვა ღირებულებაზე, ერთ-ერთია მშვიდობა. ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ამ დროს ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა...“

ასევე ნახეთ კალაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპელ პარლამენტარებს უსაქმურები უწოდა

„ქართული ოცნების“ ლიდერები ევროპელ პარლამენტარებს არ შეხვდნენ. გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე უარი თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე ნახეთ შალვა პაპუაშვილმა უარი თქვა ევროპელი პარლამენტარების დელეგაციასთან შეხვედრაზე

საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთმა სამწუხარო უწოდა „ქართული ოცნების“ უარს, შეხვედროდა დელეგაციის წევრებს. მისი თქმით, ისინი საქართველოს მეგობრები არიან და არა მეტრები.

„ჩვენ არ ვართ აქ, როგორც მტრები, არ ვართ იმიტომ, რომ ხელი შევუწყოთ რეჟიმის ცვლილებას. ვიცი, ხანდახან რთულია, როცა მეგობარი გაწუხებთ, მაგრამ ჩვენ ვალდებული ვართ, ეს გავაკეთოთ“, - აღნიშნა მიხაელ როთმა.

ასევე ნახეთ როთი: აქ იმისთვის არ ვართ, რომ რეჟიმის ცვლილებას შევუწყოთ ხელი

დღევანდელი, 11 ნოემბრის დილა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრით დაიწყეს.

ასევე ნახეთ „ჩვენ შევდივართ კრიზისში“ - ზურაბიშვილი ევროპელი პარლამენტარების დელეგაციას შეხვდა

ევროპელი პარლამენტარები შეხვდნენ ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელებსაც.

ასევე ნახეთ ევროპელი პარლამენტარები არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ

ბოლო თვეებში, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლები საქართველოს მთავრობას მოუწოდებდნენ, არ მიეღო ე.წ. აგენტების კანონი და შეეწყვიტა ანტიდასავლური რიტორიკა და ცრუ განცხადებები. „ქართული ოცნების" ხელისუფლების ამ პოლიტიკის გამო ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოს გაწევრების პროცესი და კონტაქტები საქართველოს მთავრობასთან.

26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ევროკავშირის ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ არსებობს გაყალბებაზე ეჭვი და დარღვევები სათანადოდ უნდა იყოს გამოძიებული.

ასევე ნახეთ მიშელი: სერიოზული ეჭვებია არჩევნების გაყალბებაზე