კირა მურატოვას რაინდული პესიმიზმი

„ასთენიური სინდრომი“ (1989, სსრკ, რეჟისორი კირა მურატოვა)

„ასთენიური სინდრომის პირველ გამოვლინებებს წარმოადგენენ დაქანცულობა და გაღიზიანებადობა, რომელიც თანდართულია მოუთმენლობით და ქმედებისადმი მუდმივი მისწრაფებით ნებისმიერ სიტუაციაში, თუნდაც დასვენებისათვის განკუთვნილ ვითარებაში“, - გვიხსნიან ექიმები.

„ასთენიური სინდრომი - სოციალური სენია, საზოგადოების სულიერი მდგომარეობა და შესაძლებელია, სოციალური კატასტროფის მანიშნებელი“, - ფაქტობრივად ეს გვითხრა „პერესტროიკის“ ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე უცნაური ფილმის ავტორმა, ოდესელმა რეჟისორმა კირა მურატოვამ, რომელიც ამ კვირაში 90 წლის გახდებოდა.

კირა მურატოვას პოპულარული ფილმები „მოკლე შეხვედრები“ (1967) და „გრძელი დამშვიდობება“ (1971) კინოთეატრებში არ გამოუშვეს და მურატოვა კინოს ჩამოაშორეს. წლების მანძილზე დიდი რეჟისორი ბიბლიოთეკაში მუშაობდა, რათა როგორმე ერჩინა თავი. გორბაჩოვის ეპოქაში, როცა აკრძალული ფილმები თაროებიდან ჩამოიღეს, მაყურებელი მურატოვას შემოქმედებაში მკვეთრად გამოხატულ ანტისაბჭოთა პოზიციას ელოდა, მაგრამ იხილა ყოფითი ისტორიები („პროვინციული მელოდრამები“, როგორც თავად მურატოვა ამბობდა ხოლმე), რომლებიც იმიტომ აიკრძალა, რომ საბჭოთა რეალობა აქ გამომწვევად იყო იგნორირებული. მერე, როცა საბჭოთა იმპერიამ ნგრევა დაიწყო და მურატოვას მუშაობის საშუალება მისცეს, რეჟისორმა თავისი კოლეგებისგან განსხვავებით უარი თქვა კომუნისტური წარსულის იმხანად მოდურ მხილებაზე და პირდაპირ აწმყოს, პირდაპირ „პერესტროიკის“ ეპოქას შეეჭიდა, დაარქვა რა მდგომარეობას, რომელშიც იმყოფებოდა საბჭოთა იმპერია, „ასთენიური სინდრომი“ - ხვალინდელი დღის რწმენის გარეშე. ასეთი პესიმიზმი სრულიად შეშლილი, რაციონალიზმს მოკლებული აღტაცებისა და იმედის ეპოქაში, მურატოვას თაყვანისმცემლებმაც კი არ აპატიეს. ფილმი მალე მოიხსნა ეკრანებიდან. ახლა უკვე იმიტომ, რომ მაყურებელი არ ჰყავდა.

ასევე ნახეთ საბჭოთა კავშირში აკრძალული უკრაინული ფილმები

უნდა გაგაფრთხილოთ, „ასთენიური სინდრომი“ ადვილი საყურებელი კინო არ არის. მურატოვა აუდიტორიას აძრწუნებს, არ ცდილობს თანაგრძნობა გაგვიღვიძოს ფილმის პერსონაჟების მიმართ (თავადაც არ თანაუგრძნობს). მაყურებელი შეიძლება გაღიზიანდეს მიზანთროპიით, რომელიც ფილმის პირველივე კადრიდან გაშიშვლებულია. მაგრამ რატომ არ უნდა ვაღიაროთ, რომ „ასთენიურ სინდრომში“ წარმოდგენილი რეალობა გამოგონილი არ არის და რატომ არ უნდა დავეთანხმოთ ავტორს იმაში, რომ ამ რეალობის მიღება და ამ ადამიანების მიმართ ემპათია უბრალოდ შეუძლებელია?

„სიმართლე ძირითადად საშინელი, მტკივნეული, მომაკვდინებელია. მისი დანახვა ნიშნავს სიკვდილს“, - უპასუხებდა კირა მურატოვა კრიტიკოსებს, რომლებიც ჯიუტად ამტკიცებდნენ, ამ ქალმა კინოს სიმართლე დაუბრუნაო. ეს სასტიკი რეალობა თავიდანვე გამოჩნდება „ასთენიური სინდრომის“ შავ-თეთრ პროლოგში, რომელსაც მურატოვამ დაარქვა „ფილმი ფილმში“ - ქალმა ახლახან დაასაფლავა ქმარი. სასოწარკვეთილია, რადგანაც ხედავს, რომ სიცარიელეში აღმოჩნდა... ფილმის პირველი ნაწილი ჰგავს ქრონიკას, მეტიც, ფარული კამერით გადაღებულ ქრონიკას - „ჭუჭყიანი“ კადრებით და გაუმართავი მონტაჟით. მერე კი მურატოვა აღბეჭდავს „მომაკვდინებელ სიმართლეს“, მაგრამ ახლოს არ გვიშვებს მასთან, ცდილობს დაგვინდოს. ეს საზარელი კინემატოგრაფიული სახეები - სასაფლაო, ბულდოზერით დანგრეული ეზოები, მოწამლული და ნაწამები კატა, მოსაკლავად გამზადებული უპატრონო ძაღლები, აგრესიული ბრბო გაყინული თევზის რიგში - დისტანციურადაა წარმოდგენილი. ხანდახან გინდა თვალი დახუჭო და შეწყვიტო ამის ყურება ფილმის მეორე ნაწილის მთავარი პერსონაჟივით, სკოლის მასწავლებელივით, რომელსაც ასთენიური სინდრომი მეტროს ვაგონში აძინებს, ჯვარცმული წმინდანის პოზაში.

„ამის ყურება არ უყვართ. ამაზე ფიქრი არ უყვართ. ამას არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს მსჯელობასთან კეთილსა და ბოროტზე“. მოულოდნელად ჩნდება ფილმში ტიტრი ძაღლების სასაკლაოს სცენაში.

კი, ეს რეალობაა, რომლის დანახვამაც კი შეიძლება გაქცევის, ღრმა ძილის სურვილი გააღვიძოს მაყურებელში. ახლა ისევ ფილმის გადაღების თარიღს თუ შევხედავთ, მაშინვე მივხვდებით რატომ გააღიზიანა „ასთენიურმა სინდრომმა“ საბჭოთა ლიბერალები, რომელთაც გორბაჩოვის რეფორმებმა თავბრუ დაახვია. სკეპტიციზმი, ყოყმანი, ეჭვი ისედაც დესტრუქციულად აღიქმება ბრძოლის ველზე. მაგრამ კირა მურატოვა მხოლოდ ეჭვს არ გამოთქვამს. ესაა თუნდაც რეაქცია რუსი ლიბერალების ფილმ-მანიფესტზე „ასე ცხოვრება არ შეიძლება“, რომლის პირველი ჩვენება დაემთხვა „ასთენიური სინდრომის“ პრემიერას. კირა მურატოვა ამბობს: „ასე ცხოვრება - არა. აქ ცხოვრება აღარ შეიძლება!“. მოგვიანებით გოვორუხინი პუტინის საარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი გახდება. კირა მურატოვა კი დარჩება ოდესაში და ისევ თავის პესიმისტურ და „პროვინციულ მელოდრამებს“ გადაიღებს.

ფილმის ყურების პროცესში არ გამოგეპაროთ „ასთენიური სინდრომის“ ეპიგრაფი, კადრი მოხუცი ქალებით, რომლებიც სიმღერ-სიმღერით მოგვმართავენ: „ახალგაზრდობაში მეგონა, რომ თუკი ადამიანები ყურადღებით წაიკითხავენ ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოის, აუცილებლად მიხვდებიან რაღაცებს, გახდებიან კეთილები და ჭკვიანები“.

ესაა არა მარტო ირონია კირა მურატოვას თაობის, საბჭოთა სამოციანელების რომანტიკის მიმართ. „ასთენიური სინდრომის“ ავტორი აქ დასცინის ყველა იდეალისტს, რომელსაც რეალობის შეგრძნება დაკარგული აქვს და ჯიუტად აგრძელებს ილუზიებში ცხოვრებას. კირა მურატოვა სასტიკია. რეჟისორი ქალი რაინდულად აღიარებს დამარცხებას. მაყურებელი გამოსავალს ითხოვს. ის კი ღრმა ძილს, თანაც ხალხში, მეტროს ვაგონში ძილს გვთავაზობს. ერთადერთი, რამაც ამ დროს შეიძლება გადაგვარჩინოს, ტკბილი სიზმარია, რომელიც, თუ არ გაგვაღვიძეს, პოლიციამ თუ გამოსაფხიზლებელში არ წაგვიყვანა, სავსებით შესაძლებელია, რომ „ჰეპი-ენდით“ დასრულდეს. ორიგინალური ვერსია ინგლისური სუბტიტრებით, შეგიძლიათ ნახოთ აქ