სასამართლომ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სამი თვით გაუხანგრძლივა საექსტრადიციო პატიმრობა

აფგან სადიგოვის სასამართლო პროცესი

თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს, სამი თვით გაუხანგრძლივა საექსტრადიციო პატიმრობა. გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა დღეს, 1 ნოემბერს, გამოაცხადა. 

დაკავებული და მისი ადვოკატები ითხოვდნენ, პატიმრობა გირაოთი ანდა თავდებობით შეცვლილიყო, თუმცა მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

„მე არასდროს ჩამიდენია სისხლის სამართლის დანაშაული, უბრალოდ ალიევს [აზერბაიჯანის პრეზიდენტი] ვაკრიტიკებდი და ვამხელდი მის დანაშაულებს“, - თქვა სადიგოვმა სასამართლო სხდომაზე.

პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი 21 სექტემბრის შემდეგ, 42-ე დღეა შიმშილობს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის სასამართლო სხდომაზე ეტლით მიიყვანეს.

ასევე ნახეთ „უფლებები საქართველო“: აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის მდგომარეობა გაუარესდა

აზერბაიჯანული მედიაგამოცემა Azel.Tv-ის მთავარი რედაქტორი აფგან სადიგოვი 3 აგვისტოს თბილისში დააკავეს. საქართველოში იგი 2023 წლის დეკემბერში ჩამოვიდა და დაკავებამდე ორი კვირით ადრე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, მაგრამ აეროპორტში ამის საშუალება არ მისცეს.

4 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ აფგან სადიგოვს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. მისმა ცოლმა სევინჩ სადიგოვამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბაქო აფგან სადიგოვს კრიტიკული პოზიციისთვის დევნის და სამშობლოში ექსტრადიციის შემთხვევაში, მას სიკვდილი ემუქრება.

ასევე ნახეთ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს თბილისში საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა
ასევე ნახეთ Amnesty International-ი გამოდის მოწოდებით, არ მოხდეს აფგან სადიგოვის ექსტრადირება აზერბაიჯანში

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის განმარტებით, სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით, სადიგოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ბრალად ედება შეურაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელების მუქარა, ადამიანებისგან დიდი ოდენობით ქონების ხელში ჩაგდების მიზნით.

15 აგვისტოს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განუხილველი დატოვა სადიგოვის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა მისი საექსტრადიციო პატიმრობის გაუქმების მოთხოვნას.

ასევე ნახეთ სააპელაციომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საჩივარი განუხილველი დატოვა
ასევე ნახეთ "თავისუფლება სადიგოვს" - თბილისში მხარს უჭერენ საქართველოში დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს