რა შემთხვევაში უნდა გამოცხადდეს მთლიანი კანონი არაკონსტიტუციურად?
მოსამართლე ამბობს, რომ კანონის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად ორი გზა არსებობს:
- კანონი არაუფლებამოსილმა კონსტიტუციურმა ორგანომ მიიღო ან პროცედურები დაირღვა;
- თითოეული მუხლი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. ასეთ დროს მოსარჩელეს კანონის ყველა მუხლი ცალ-ცალკე უნდა ჰქონდეს გასაჩივრებული.
„აგენტების კანონის“ წინააღმდეგ არცერთ სარჩელში ამ ორი მოთხოვნიდან არცერთი არაა დაკმაყოფილებული. მოსამართლე გოცირიძე ამბობს, რომ სწორედ ამ მიზეზით, სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს, „არის თუ არა კანონმდებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიზანშეწონილი ან სწორი“, „რაც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე არ არის“.
„საკონსტიტუციო სასამართლომ გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, რაკი კანონის მიღების მიზანშეწონილობის შეფასება აიღო თავის თავზე, რა უფლებამოსილებაც ნაგულისხმები არ არის საქართველოს კონსტიტუციის მე-60 მუხლით, რომელიც სასამართლოს უფლებამოსილებას განსაზღვრავს“, - წერია ევა გოცირიძის განსხვავებულ აზრში.
შეუძლია საკონსტიტუციოს 78-ე მუხლის დარღვევის აღმოჩენა?
საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების სურვილს გამოხატავს და ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ავალდებულებს „მიიღონ ყველა ზომა“ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციითვის.
მოსამართლე გოცირიძე ფიქრობს, რომ ამ საკონსტიტუციო დავის დროს სასამართლოს ერთი საკითხისთვის უნდა გაეცა პასუხი - რა არის კონსტიტუციის 78-ე მუხლის დანიშნულება. ამ საკითხზე პასუხის გასაცემად ის სვამს რიტორიკულ შეკითხვას - შეუძლია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს, შეაფასოს, იღებენ თუ არა კონსტიტუციური ორგანოები „ყველა ზომას“ „თავიანთი იურისდიქციის ფარგლებში“.
მისი აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია შეაფასოს მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოების „უმოქმედობა“ - შეასრულა თუ არა ის ვალდებულება, რაც კონსტიტუციით ჰქონდა მინიჭებული. ასეთი შემთხვევია, როცა პრეზიდენტი არ დანიშნავს არჩევნებს, პრემიერ-მინისტრი პარლამენტს არ წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს.
იმის გამო, რომ ევროინტეგრაციისთვის გადასადგმელი კონკრეტული ნაბიჯები კონსტიტუციაში არ წერია, მოსამართლე გოცირიძე ფიქრობს, რომ ეჭვქვეშ არის დასაყენებელი საკითხი - გადამოწმებადია თუ არა, რას ნიშნავს „ყველა ზომის“ გატარება:
„იმისათვის, რათა სასამართლომ ესა თუ ის კონსტიტუციური ორგანო/ორგანოები დაადანაშაულოს „ყველა ზომის მიუღებლობაში“ ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში სრული ინტეგრაციის მიზნებისათვის, ამისათვის მან ჯერ თავად უნდა განსაზღვროს, რა კონკრეტული ზომები უნდა მიეღოთ… ეს მისი საქმე არ არის“.
ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, საჭიროა პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა. „თუ სასამართლო თავის თავზე აიღებს ამგვარ [შეფასების] ფუნქციას, იგი პოლიტიკურ აქტორად გადაიქცევა და მოგვევლინება პოლიტიკის განმსაზღვრელ და განმახორციელებელ ორგანოდ. ეს კი სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტს მოარღვევს“, - მიიჩნევს გოცირიძე.
ასევე ნახეთ რა საკითხები არ მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად
მოსამართლე ამბობს, რომ თუკი სასამართლო მიიჩნევს, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის გადადგმული ნაბიჯები მისი შესაფასებელია, გაუგებარია, როგორ არის შესაძლებელი გადაწყვეტილების აღსრულება:
„თუკი სასამართლო ამ გზას გაჰყვება, მას შეიძლება მოუწიოს ყოველი კონსტიტუციური ორგანოს, ყოველი კონკრეტული ნაბიჯის კონსტიტუციურობის შემოწმება 78-ე მუხლის ჭრილში“.
იმ შემთხვევაში კი, თუ „აგენტების კანონი“ ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას, გოცირიძე ამბობს, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევას, რადგან საკონსტიტუციო სასამართლოს კანონის მხოლოდ ქვეყნის კონსტიტუციასთან თავსებადობის დადგენა შეუძლია.
„სასამართლოს არ გააჩნია კომპეტენცია იმისა, რომ სადავო ნორმები ევროპის კავშირის კანონმდებლობასთან მიმართებაში განიხილოს და ფორმალურად/ოფიციალურად უარყოს ან დაადასტუროს მათთან შეუსაბამობა… გასათვალისწინებელია შემდეგიც: ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულება წარმოადგენს საერთაშორისო ხელშეკრულებას, რომელსაც მხოლოდ მაშინ აქვს პრიორიტეტი შიდა კანონმდებლობაზე, როდესაც იგი თავად არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას“, - წერია განსხვავებულ აზრში.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოსამართლე გოცირიძე ფიქრობს, რომ მისმა შვიდმა კოლეგამ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო, როცა დათანხმდა საჩივრების კონსტიტუციის 78-ე მუხლთან მიმართებით განხილვას, რადგან „ამ ფუნქციის თავის თავზე აღება, სასამართლოს მხრიდან, კანონმდებლის პრეროგატივაში შეჭრას ნიშნავს და პოლიტიკის ქმნადობას უტოლდება“.
ასევე ნახეთ საკონსტიტუციო სასამართლო „აგენტების კანონის“ მოქმედების შეჩერებაზე ორი მოსამართლის განსხვავებულ აზრს აქვეყნებს