საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“, რადგან დღეს საქართველოს გადარჩენის საკითხი დგას.
სალომე ზურაბიშვილი დღეს, 15 მაისს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვდა თბილისში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულ ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებს ბაიბა ბრაჟეს, მარგუს ცაჰკნას, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირს და გაბრიელიუს ლანდსბერგისს.
შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ისაუბრეს იმ „მძიმე წერტილზე“, რომელიც 14 მაისს 84 დეპუტატის გადაწყვეტილებით დაესვა ხელისუფლების განაცხადს, რომ ქვეყანა ევროპულ გზაზე მიდის:
„ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თავისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა“.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის შეფასებით, ეს არის გზა, მცდელობა, რომ წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ ევროკავშირისკენ შუა გზაზე მყარად მდგომი და მოლაპარაკებების დაწყების მოლოდინში მყოფი საქართველო ამ გზიდან გადაიყვანონ და წარსულში დააბრუნონ.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ მცდელობას საქართველოს საზოგადოებამ უპასუხა თითქმის ერთთვიანი, ყოველდღიური პროტესტით, რაც ამტკიცებს, რომ სხვადასხვა მონაცემი, რომ ევროკავშირის წევრობას მოსახლეობის 80-85% ემხრობა, მხოლოდ სიტყვები არ არის და რეალობაა.
ზურაბიშვილის შეფასებით, ეს იმის მტკიცებულებაცაა, რომ საზოგადოება ნამდვილად დგას ევროპულ ღირებულებებზე - დემოკრატიასა და თავისუფლებაზე, რისთვისაც ყოველთვის იბრძოდა, ანუ დამოუკიდებლობისთვის:
„ეს საზოგადოება ამ ღირებულებებით და ამ შემართებით არასოდეს არ დაუბრუნდება რუსულ წნეხს“.
პრეზიდენტის ინფორმაციით, ევროპელ მინისტრებთან ისაუბრა შემდგომ ნაბიჯებზე და მათ გარკვევით აუხსნა, რომ „არავითარ შემთხვევაში“ ვეტოს დადებით არ შევა „ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში. არა და არასოდეს!“
ასევე ნახეთ „ოცნება“ პრეზიდენტის ვეტოს „იმედად“ - უნდა შეიცვალოს თუ ჩავარდეს „აგენტების კანონი“?ზურაბიშვილის განცხადებით, არ უღალატებს ქვეყანაში დღეს არსებულ სულისკვეთებას, რომელსაც სჭირდება გზის გახსნა:
„მე ვიქნები ამ გზის გამხსნელი და არა ამ გზიდან გადასვლის ერთ-ერთი ფორმა. ეს გზავნილი იქნება მიტანილი ჩვენი მეგობრებისგან ყველგან, სადაც საჭირო არის, რომ არავინ არ იფიქროს, რომ შეიძლება გამოიყენო საქართველოს პრეზიდენტი იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებას რაღაცა სახე გადაურჩინო. დღეს ეს საკითხი არ დგას. დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი.“
პრეზიდენტის თქმით, მეგობრებს გააცნო სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც რამდენიმე კვირაა მუშაობს და მოსახლეობას წარუდგენს. ზურაბიშვილის განცხადებით, ეს არის ერთობლიობა გადაწყვეტილებების, რომლებიც საქართველოს მობილიზებულად მიიყვანს არჩევნებამდე და არჩევნებით დააბრუნებს თავის გზაზე.
ასევე ნახეთ „ასე გაწევრების შანსი არ იქნება“ - ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორი კვირის ვადაში კანონპროექტს ან ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს. „ქართულ ოცნებას" ვეტოს დასაძლევად პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს.
ასევე ნახეთ „აგენტების კანონზე" ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდებაპრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 მაისს „აგენტების კანონის” მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროცედურის თანახმად, ვეტოს ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იყოს პრეზიდენტის კანონპროექტი, ხოლო მეორე ალტერნატივა უკვე მიღებული კანონპროექტია:
„მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმე საკითხის წარმოდგენა, წარმოადგინოს ახლა. ამის შემდეგ ექნება ყველას იმის საშუალება, რომ პრეზიდენტის ვეტოში ავსახოთ ეს საკითხები და მზად ვართ ჯანსაღი მსჯელობისთვის”. ამისთვის, როგორც კობახიძემ თქვა, ვენეციის კომისიამ დასკვნა 28 მაისამდე უნდა წარმოადგინოს.
ასევე ნახეთ თუ ევროკავშირთან შეუსაბამო იქნება, შეზღუდვებს დავუწესებთ მათ და მათი ოჯახის წევრებს - ო'ბრაიენი "აგენტების კანონზე" ასევე ნახეთ თეთრი სახლი: კანონის საბოლოოდ დამტკიცება გვაიძულებს ფუნდამენტურად გადავხედოთ საქართველოსთან ურთიერთობებსპარლამენტში სამივე მოსმენით მიღებული „კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად აცხადებს იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა მიღებული. ისინი სპეციალურ რეესტრში უნდა დარეგისტრირდნენ და ყოველწლიურად შეავსონ საფინანსო დეკლარაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველ ჯერზე 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
„ქართული ოცნება" კანონის მიღების მიზნად ასახელებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიასაშუალებების გამჭვირვალობას და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას.
არასამთავრობო და მედიაორგანიზაციები, რომლებსაც დასავლელი დონორები აფინანსებენ, აცხადებენ, რომ მათი შემოსავლები ისედაც დეკლარირებული და გამჭვირვალეა, ამიტომ ხელისუფლების რეალური მიზანია, დისკრედიტაცია და საქმიანობის შეზღუდვა იმ ორგანიზაციების, რომლებიც ადამიანის უფლებების, კორუფციის და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ.
„ქართულმა ოცნებამ" ეს საკანონმდებლო ინიციატივა ბოლო ერთ წელიწადში მეორედ წარმოადგინა. მმართველი პარტიის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის მიღების მცდელობამ მასშტაბური საპროტესტო აქციები გამოიწვია 2023 წლის მარტშიც და მმართველი პარტია აიძულა, კანონპროექტი გაეწვია.
კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, 2024 წლის აპრილიდან, საქართველოში არ წყდება საპროტესტო გამოსვლები. საპოლიციო ძალებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ არაერთხელ გამოიყენეს სპეციალური საშუალებები და ფიზიკური ძალა, რომელიც ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების და დასავლეთის სახელმწიფოების შეფასებით, არაპროპორციული იყო. არის აქტივისტების და პოლიტიკოსების სასტიკად ცემის ფაქტებიც.
ასევე ნახეთ აქციაზე დაკავებისას ნაცემი დავით ქაცარავა კლინიკაში გადაიყვანეს - ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ასევე ნახეთ „პოლიციას რომ უხსნიდა, არ ვიცი ქართულიო, სცემდნენ, იტყუებიო“ - აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეები„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების პარალელურად ერთგვარი კამპანიის სახე მიიღო გაურკვეველი პირების მხრიდან კანონის აქტიურ მოწინააღმდეგეებზე ქუჩებში ფიზიკურმა ძალადობამ, მათ სახლებსა და ოფისებთან შეურაცხმყოფელი და ჰომოფობიური შინაარსის პოსტერების გამოკვრამ და მუქარის შემცველმა სატელეფონო ზარებმა.