Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„პოლიციას რომ უხსნიდა, არ ვიცი ქართულიო, სცემდნენ, იტყუებიო“ - აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეები


13 მაისს, "აგენტების წინააღმდეგ" გამართულ აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეები
13 მაისს, "აგენტების წინააღმდეგ" გამართულ აქციაზე დაკავებული ამერიკის მოქალაქეები

13 მაისს, პარლამენტთან, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციისას დაკავებული ამერიკის მოქალაქეები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. სამართალდამცავები მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

დაკავებულების ადვოკატი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის (GDI) იურისტი, გიორგი ტაბატაძე, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ორივე დაკავებული ნაცემია:

გიორგი ტაბატაძე
გიორგი ტაბატაძე

„პატრიკ ჰერნანდესმა მითხრა, რომ სამართალდამცავები მას დაკავების შემდეგ ქართულად ლაპარაკს სთხოვდნენ, და როცა უხსნიდა, რომ ქართული არ იცოდა, ეუბნებოდნენ, იტყუებიო, ურტყამდნენ და აგინებდნენ. ვარაუდობს, რომ რაკი მას მუქი თმა აქვს, სამართალდამცავებს ის ადგილობრივი ეგონათ“.

გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ ორივე დაკავებულს დაზიანებები აღენიშნებათ როგორც სხეულზე, ისე სახეზე. მან უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე გამოძიების მოთხოვნით.

გიორგი ტაბატაძე ამბობს, რომ ამერიკის მოქალაქეები ერთმანეთს არ იცნობდნენ:

„დაკავების შემდეგ, ავტომობილში გაიცნეს ერთმანეთი. იქ აღმოაჩინეს, რომ ორივე ამერიკის მოქალაქეები იყვნენ“.

რაც შეეხება დაკავების საფუძველს, ამერიკის მოქალაქეები ადვოკატს უყვებიან:

„პოლიციის კორდონის წინ იდგნენ. გამოვარდა რამდენიმე სამართალდამცავი და დაგვაკავესო. როგორც თვითონ ყვებიან, ისინი მშვიდობიანად გამოხატავდნენ პროტესტს და მათი დაკავების მიზეზი არ არსებობდა“.

13 მაისს „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციაზე პარლამენტთან დაკავებულ ამერიკის ორ მოქალაქეს პროპაგანდისტული არხები საქართველოში არეულობის ორგანიზებასა და რევოლუციის დაგეგმვაში ადანაშაულებენ.

„ხალხის ძალის“ ტელევიზიის, „POSTV-ის" ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ შექმნილ ტელეგრამ-არხზე - „ამხილე“ - ფოტოები გამოქვეყნდა. ამ არხის მტკიცებით, ფოტოებზე აღბეჭდილი პირები 13 მაისს დაკავებული ამერიკის მოქალაქეები და „აკერმანის ინსტრუქტორები“ არიან: "აკერმანის ინსტრუქტორი, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა ამერიკიდან რევოლუციის მოსაწყობად. ვინმეს რამე კითხვები დაგრჩათ?"

ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ბექა ბერიკაშვილი, ინგლისური ენის სკოლის, „ბექას სკოლის“ დამფუძნებელი, რომელმაც დაწერა, რომ ერთ-ერთი დაკავებული, პატრიკ ჰერნანდესი, წლების განმავლობაში მათი სკოლის პედაგოგი იყო.

ეს ინფორმაცია მან დაადასტურა რადიო თავისუფლებასთან საუბრისასაც და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ცნობებს აბსურდული უწოდა:

„დაახლოებით ერთი წელია, ჩვენთან აღარ ასწავლის, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ პატრიკი აქ ინგლისური ენის მასწავლებლად ჩამოვიდა რამდენიმე წლის წინ. ასობით მოსწავლე ჰყავდა მხოლოდ ჩვენთან. სწორედ ამ მიზნით არის ის საქართველოში ჩამოსული და ახლა ისეთ აბსურდს წერენ, გადატრიალების მოსაწყობად ჩამოვიდაო, წარმოუდგენელია“.

დიმიტრი ნოზაძე, პატრიკ ჰერნანდესის კიდევ ერთი ადვოკატი, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ის დღესაც პედაგოგიური საქმიანობითაა დაკავებული და ინგლისური ენის შემსწავლელ ერთ-ერთ აკადემიაში ასწავლის.

რაც შეეხება მეორე დაკავებულს, ბრაინ ჯეი ბინგემს, როგორც გიორგი ტაბატაძე ამბობს, მასთან საქართველოში საქმიანობის შესახებ არ უსაუბრია, თუმცა დაკავებულმა უთხრა, რომ ამერიკაში დაბრუნებას ივნისში გეგმავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა, 13 მაისს, ყოველდღიურ ბრიფინგზე უპასუხა ჟურნალისტის კითხვას საქართველოში დაკავებული ამერიკის მოქალაქეების შესახებ:

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე ვედანტ პატელი

ჟურნალისტი: „რა შეგიძლიათ გვითხრათ „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ უკანონოდ დაკავებულ და სასტიკად ნაცემ ამერიკის ორი მოქალაქის შესახებ?“

ვედანტ პატელი: „ჩვენ ინფორმირებულნი ვართ თბილისში, ამერიკის ორი მოქალაქის დაკავების შესახებ. მაშინ, როდესაც ამერიკის მოქალაქეს აკავებენ საზღვარგარეთ, ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა შესაბამისი დახმარება გავუწიოთ მას. მაგრამ კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“.

13 მაისს, დილით, სანამ მმართველი პარტია იურიდიული კომიტეტის სხდომაზე „აგენტების შესახებ“ კანონს მესამე მოსმენით სულ რაღაც 67 წამში დაამტკიცებდა, სამართალდამცავებმა პარლამენტთან 20-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის - ორი ამერიკის და ერთი რუსეთის მოქალაქეა.

დაკავებულების ნაწილს სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის არაერთი კადრი გავრცელდა 13 მაისს.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულზე, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით.

სახალხო დამცველის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 13 მაისს დაკავებული მოქალაქეებიდან, „პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ“.

თითქმის ერთი თვეა, საქართველოში „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის, რამდენჯერმე გაიმართა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია-მსვლელობა.

3 აპრილს, „უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, მიუხედავად ხალხმრავალი აქციებისა, პირველ მაისს მეორე მოსმენით მიიღო კანონი.

13 მაისს კი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონს“ მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, „აგენტების კანონს“ პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით 14 მაისს განიხილავენ.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.

ამ ერთი თვის განმავლობაში, საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავებმა რამდენიმე ათეული ადამიანი დააკავეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG