Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„აგენტების კანონზე" ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება


ევროსაბჭოს შენობა სტრასბურგში
ევროსაბჭოს შენობა სტრასბურგში

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, სამოქალაქო აქტივისტებსა და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმები და პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენება.

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“(აგენტების კანონის) საბოლოო, მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, 14 მაისს, ღამით გამოქვეყნებულ განცხადებაში რუსოპულოსი აღნიშნავს, რომ პარლამენტმა სადავო კანონი ზედმეტად სწრაფად მიიღო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მოითხოვს კანონის მოწინააღმდეგეებზე თავდასხმების და პოლიციის მიერ ძალის გადამეტების სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას და საპროტესტო აქციების მონაწილეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტების და პარლამენტის წევრების უსაფრთხოების დაცვას.

თეოდოროს რუსოპულოსის ინფორმაციით, „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ ევროსაბჭოს ვენეციის კომისიის დასკვნა მომავალი კვირის დასაწყისში გამოქვეყნდება. მომავალი კვირა 20 მაისიდან იწყება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ქართველ კანონმდებლებს მოუწოდებს, კანონის ამოქმედებამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციები გაითვალისწინონ.

„აგენტების კანონის" წინააღმდეგ საქართველოში მიმდინარე ხალხმრავალი საპროტესტო აქციების და პარტნიორი სახელმწიფოების მკაცრი კრიტიკის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა რუსული სტილის ამ კანონზე, „ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობამ 14 მაისს 84 ხმით, მესამე მოსმენით მიიღო „კანონპროექტი უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ".

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორი კვირის ვადაში კანონპროექტს ან ხელი უნდა მოაწეროს, ან ვეტო დაადოს. ცნობილია, რომ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს. „ქართულ ოცნებას" ვეტოს დასაძლევად პარლამენტში საკმარისი ხმები აქვს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 14 მაისს „აგენტების კანონის” მიღების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პროცედურის თანახმად, ვეტოს ვადის გასვლის შემდეგ წარმოდგენილი უნდა იყოს პრეზიდენტის კანონპროექტი, ხოლო მეორე ალტერნატივა უკვე მიღებული კანონპროექტია:

„მესამე საკითხი ვერ განიხილება. ამიტომ თუ ვენეციის კომისიას უნდა რაიმე საკითხის წარმოდგენა, წარმოადგინოს ახლა. ამის შემდეგ ექნება ყველას იმის საშუალება, რომ პრეზიდენტის ვეტოში ავსახოთ ეს საკითხები და მზად ვართ ჯანსაღი მსჯელობისთვის”. ამისთვის, როგორც კობახიძემ თქვა, ვენეციის კომისიამ დასკვნა 28 მაისამდე უნდა წარმოადგინოს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG