ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს

ლაშა ღვინიანიძე,11 მაისს დაგეგმილი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი

8 მაისის ღამეს ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა ღვინიანიძეს. ის ამ დროს იყო მეგობართან ერთად, რომელმაც ძალადობის ფაქტის მხოლოდ ფრაგმენტის გადაღება შეძლო.

ღვინიანიძეს მიყენებული დაზიანების გამო ქვედა ტუჩზე ჭრილობის გაკერვა დასჭირდა. ის „TV პირველს“ კლინიკიდან ესაუბრა.

„ეს დაკავშირებულია ჩემს აქტიურობასთან... დღეს 72 წლის მამას დაურეკეს და დაემუქრნენ, საღამოს აასრულეს მუქარა, რომელზეც ყველას გვეგონა, რომ სატელეფონო ხუმრობები იქნებოდა“, - ამბობს აქტივისტი, რომელიც 11 მაისს თბილისში დაგეგმილი მარშის ერთ-ერთი ორგანიზატორია.

დღესვე ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე ფეისბუკში წერს, რომ მის ძმაზეც იძალადეს.

ასევე ნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საცხოვრებელ სახლთან თავს დაესხნენ - ჩიქოვანი ნაცემია
ასევე ნახეთ თავს დაესხნენ „აგენტების კანონის“ კიდევ ერთ მოწინააღმდეგეს - გია ჯაფარიძეს

მეორე დღეა, დაუდგენელი პირები „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს პირად სატელეფონო ნომრებზე ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან.

ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს ტელეფონზე ურეკავენ და აგინებენ
ასევე ნახეთ „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს დღესაც ურეკავენ, თუმცა უკვე ქართული ნომრებიდან

ამ კანონპროექტის ხელახალ ინიციირებას თბილისში ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა - მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ წელს ამ კანონპროექტს მიიღებენ.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე პოლიტიკოსებსაც სცემეს. პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.

ასევე ნახეთ „შემომხედეთ ერთ თვალში მაინც“ - აქციაზე ნაცემი ხაბეიშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა
ასევე ნახეთ სპეცრაზმმა ალეკო ელისაშვილს სცემა

„აგენტების კანონის“ მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.