მასზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა მისმა ძმამ - ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ.
„ჩემს ძმას დახვდა სადარბაზოსთან რამდენიმე ადამიანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ“, - დაწერა ზურა ჯაფარიძემ ფეისბუკში.
გია ჯაფარიძემ ჟურნალისტებს მოკლე კომენტარი მისცა კლინიკაში შესვლამდე.
„რაც ხდება ქვეყანაში, ის მოხდა - რუსები დამესხნენ თავს. ორი ნამდვილად მახსოვს, შეიძლება სამი ან მეტი იყო თავდამსხმელი. სახლთან დამხვდნენ. პირდაპირ ცემა დაიწყეს, ბევრი მირტყამდა რაღაც ჯოხებს - ამბობდნენ, რატომ ვეწინააღმდეგები რუსულ კანონს“, - თქვა გია ჯაფარიძემ.
ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმის თქმით, ჯაფარიძეს კლინიკაში ტოვებენ მკურნალობისა და კვლევების ჩატარების მიზნით.
„ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, იმყოფება დაკვირვების ქვეშ და უტარდება კვლევები. ქალა-ტვინის ტრავმა არის, ნახეთქი ჭრილობა თავის არეში“, - თქვა ექიმმა გია ჯაფარიძის შესახებ.
8 მაისის ღამეს ქუჩაში სცემეს „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე აქტივისტს, ლაშა ღვინიანიძეს. ფიზიკურად გაუსწორდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანსაც.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე სხვა პოლიტიკოსებსაც სცემეს. პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
მეორე დღეა, დაუდგენელი პირები „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეებს პირად სატელეფონო ნომრებზე ურეკავენ, აგინებენ და ემუქრებიან.
აგენტების კანონის“ ხელახალ ინიციირებას თბილისში ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა - მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ წელს ამ კანონპროექტს მიიღებენ.
„აგენტების კანონის“ მიხედვით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ დარეგისტრირება მოუწევთ იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარტნიორი ქვეყნებიდან იღებენ დაფინანსებას. გასულ წელს ინიციირებული კანონპროექტით, მათი აგენტებად რეგისტრაცია იყო გათვალისწინებული. ერთი წლის შემდეგ ხელახლა წარდგენილ კანონპროექტში საპარლამენტო უმრავლესობამ მხოლოდ ორგანიზაციების სარეგისტრაციო სიის სახელდება შეცვალა.
ფორუმი