თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ 2000 ლარით დააჯარიმა აქტივისტი, რომელიც 2 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაში მონაწილეობდა. მოძრაობა „ჯიუტის" წევრს, ლაშა ჯანჯღავას ედავებოდნენ, რომ ხელში ეჭირა ტრანსპარანტი წარწერით: „ირა*ლი", რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი იგულისხმებოდა.
როგორც ლაშა ჯანჯღავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, ის მოსამართლემ პოლიციელების ჩვენების საფუძველზე დააჯარიმა. აქტივისტმა კი პროცესზე წარადგინა სამი ვიდეო (მათ შორის, ერთი უწყვეტად გადაღებული), რომლებშიც ჩანს, რომ მას ტრანსპარანტი არ უკავია.
საპირისპიროს ამტკიცებდნენ სასამართლო პროცესზე მისული პოლიციელები, გელა ქურდაძე და ოთარ იაშვილი.
„იაშვილი ამბობდა, რომ თითქოს ბანერი მეჭირა წარწერით „ირა*ლი" და ვსკანდირებდი. პოლიციელებს ძაღლებს და მონებს ვეძახდი. ამასთან, თითქოს მივუთითებდი - „ირა*ლი" რომ ეწერა, ღარიბაშვილი იგულისხმებოდა. ასევე წინააღმდეგობას გვიწევდაო, - თქვა აქტივისტმა და დაამატა, - გელა ქურდაძეს ოქმიც კი არ ჰქონდა წაკითხული და თქვა, ვერ გავიმეორებო".
ჯანჯღავამ აღნიშნა, რომ აქციაზე კონსტიტუციის პრეამბულა და კონსტიტუციის მუხლი წაიკითხა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხებოდა, მიუხედავად ამისა, პოლიციამ დააკავა. ის მოგვიანებით გაათავისუფლეს. „ჯიუტის" წევრს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებოდნენ (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა).
„მოსამართლე ნინო ენუქიძემ მთელი ჩემი საქმის აბსურდულობა მოისმინა, კადრები ნახა და ბოლოს აქციაზე უბანეროდ დგომისთვის 2000 ლარით დამაჯარიმა", - დაწერა სასამართლო სხდომის შემდეგ სოციალურ ქსელში ლაშა ჯანჯღავამ.
აქტივისტი სამართლებრივი დავის გაგრძელებას აპირებს და ამბობს, რომ სურს, საქმეს „სტრასბურგამდე გაჰყვეს".
ასევე ნახეთ წარწერისთვის "ირა*ლი" ადვოკატი შოთა თუთბერიძე 500 ლარით დააჯარიმეს ასევე ნახეთ მოსამართლემ მოქალაქე სუფთა ფურცლის გამო 500 ლარით დააჯარიმა2 ივნისს მოქალაქეების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო გამოხატავდა პროტესტს (ღარიბაშვილმა უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის ნარატივი გაიმეორა ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე), მეორე ნაწილი კი ცდილობდა იმის ჩვენებას, რომ ქაღალდზე დაწერილი “ირა*ლი” გამოხატვის თავისუფლებაა და არა კანონდარღვევა.
ასევე ნახეთ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში აქციების მონაწილეთა დაკავების გამო საელჩოს განცხადებას იმეორებს