Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსამართლემ მოქალაქე სუფთა ფურცლის გამო 500 ლარით დააჯარიმა


ედუარდ მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე 2 ივნისის აქციაზე
ედუარდ მარიკაშვილი და ნიკა რომანაძე 2 ივნისის აქციაზე

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა დღეს, 27 სექტემბერს, გამოაცხადა გადაწყვეტილება 2 ივნისის ღამეს თბილისში, პარლამენტის შენობასთან, დაკავებული 5 მშვიდობიანი დემონსტრანტის საქმეზე.

სასამართლოს უნდა დაედგინა, იყო თუ არა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა საპროტესტო აქციაზე დგომა ბანერებით, რომლებზეც ეწერა “ირა*ლი”, მსგავს წარწერებიანი მაისურით აქციაში მონაწილეობა, ცარიელი ფურცლით პროტესტის გამოხატვა და ჰიმნის სიმღერა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და წვრილმანი ხულიგნობისთვის 2000 ლარით დააჯარიმა ნოდარ სიხარულიძე, დანარჩენი ოთხი კი - ედუარდ მარიკაშვილი, საბა ბრაჭველი, ნიკა რომანაძე და გრიგოლ ფრანგიშვილი - 500-500 ლარით წვრილმანი ხულიგნობისთვის.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ხუთივე დაკავებული 2 ივნისის საპროტესტო აქციისას (რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ გაიმართა სახელდახელოდ) წესრიგს არღვევდა, პოლიციელებს შეურაცხყოფას აყენებდა და არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას.
მედიის და მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოკადრებში, რომლებიც პოლიციას სასამართლოში მტკიცებულებად ჰქონდა წარდგენილი, არ ისმოდა არც დემონსტრანტების მიერ წარმოთქმული შეურაცხმყოფელი სიტყვები და არც ის, რომ სამართალდამცველები მათ სთხოვენ რამეს, რასაც არ ითვალისწინებენ. კადრებში ასახული იყო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება.
ამ საქმეში არ არსებობდა პოლიციელების სამხრე კამერის ან პარლამენტთან არსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. გამოკითხულმა სამართალდამცავებმა თქვეს, რომ კამერების ჩართვის ვალდებულება მოქალაქეების დაკავებისას არ აქვთ და რადგან 2 ივნისის ღამეს წვიმდა, სამხრე კამერებს გაუფრთხილდნენ და არ ჩართეს. დემონსტრანტების წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება იყო პოლიციელების მიერ მიცემული ჩვენებები - პოლიციელებიდან ერთს ცრუ მოწმედ მიიჩნევდა საბა ბრაჭველი და მისი დაცვის მხარე, მეორემ კი, რომელიც სასამართლოს წინაშე წარდგა, როგორც ედუარდ მარიკაშვილის დამკავებელი, ჩვენების მიცემისას გადაჭრით ვერ თქვა, რომ აქციის ღამეს ნამდვილად თავად დააკავა მარიკაშვილი.
XS
SM
MD
LG