Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ღამის სასამართლო - როგორ განიხილა მორიგე მოსამართლემ ჟურნალისტების საქმე


2 მარტს დაკავებული ჟურნალისტები: ბექა ჯიქურაშვილი და ზურა ვარდიაშვილი
2 მარტს დაკავებული ჟურნალისტები: ბექა ჯიქურაშვილი და ზურა ვარდიაშვილი

შუაღამის დადგომის შემდეგ, 31 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. აგენტების კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ორი ჟურნალისტის საქმე განიხილა. 

სასამართლოს შენობაში 15 საათზე მეტი გაატარეს იმ ჟურნალისტებმა, მათმა ადვოკატებმა და მოწმეებმა, რომელთა გამოკითხვაზე არის დამყარებული სამართლიანი სასამართლოს გადაწყვეტილება.

არც "პუბლიკის" და არც "ტაბულის" ჟურნალისტს 2 მარტს, საპროტესტო აქციაზე დაკავებისას, სამართალდარღვევათა ოქმში პოლიციელმა არ ჩაუწერა, რომ ისინი იყვნენ ჟურნალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები სასამართლო სხდომებზე მოსამართლეს არწმუნებდნენ, რომ მათი პროფესიის დადგენა შეუძლებელი იყო, რადგან "მიკროფონი და კამერა არ ეჭირათ".

"ხომ არ გადავდოთ პროცესი?"

"პუბლიკის" დირექტორ ზურა ვარდიაშვილსა და "ტაბულის" ჟურნალისტ ბექა ჯიქურაშვილს პოლიციელებმა 29 მარტს, გვიან საღამოს დაურეკეს. უთხრეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მათ წინააღმდეგ საქმეები შეჰქონდათ, რომელთა განხილვას მორიგე მოსამართლე რიგითობის მიხედვით, დღის 12:00 საათიდან ჩანიშნავდა.

ზურაც და ბექაც სასამართლოში დათქმულ დროს მოწმეებსა და ადვოკატებთან ერთად მივიდნენ. თბილისის საქალაქო სასამართლოს მორიგე მოსამართლეს, ნინო შჩერბაკოვს მუშაობა ორი საათის წინ ჰქონდა დაწყებული.

ბექა ჯიქურაშვილი, თეო ზაქარაშვილი და ილონა დიასამიძე
ბექა ჯიქურაშვილი, თეო ზაქარაშვილი და ილონა დიასამიძე

"პუბლიკის" დირექტორი საქმის განხილვას 15 საათი ელოდა. ღამის 2 საათზე ზურა ვარდიაშვილის პროცესი მოსამართლემ, რომელსაც 17-საათიანი სამუშაო დღის ბოლოს დაღლა დაეტყო, შეკითხვით გახსნა.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი
მოსამართლე ნინო შჩერბაკოვი

"ხომ არ გადავდოთ პროცესი?", "ბატონო ზურაბ, ხომ კარგად გრძნობთ თავს?" "ღამის ორი საათია, ყველა ადამიანები ვართ", - ნინო შჩერბაკოვმა სხდომის დაგვიანების მიზეზების ახსნა სცადა:

"მქონდა განსახილველი სხვა საქმეები და ამ დრომდე ვერ მოხდა ამ პროცესის გახსნა... მხარეებს არ გზღუდავთ დროში, მაგრამ გონივრულად გამოვიყენოთ ეს დრო - ერთი საათი იქნება თუ ორი".

"ტაბულის" ჟურნალისტის საქმის განხილვა ამავე მოსამართლემ დღისით, 15:30 საათზე დაიწყო და ერთ საათზე ნაკლებ დროში შესვენება გამოაცხადა - ადვოკატს მისცა შესაძლებლობა, 2019 წელს დაწყებული სხვა სასამართლო დავა გადაევადებინა.

შჩერბაკოვმა სხდომიდან ისე გაუშვა მხარეები, რომ არ განუმარტა რამდენ ხანს გაგრძელდებოდა შესვენება და საქმის განხილვა შუაღამის დადგომის შემდეგ, "პუბლიკის" დირექტორის ოქმის შესწავლამდე განაახლა.

სხდომის გადადების შესახებ იკითხა მოსამართლემ ამ დროსაც.

ბექა ჯიქურაშვილი და მისი ადვოკატი თეო ზაქარაშვილი
ბექა ჯიქურაშვილი და მისი ადვოკატი თეო ზაქარაშვილი

“ამ შეკითხვის დასმა სასამართლოს დააგვიანდა სულ ცოტა 6 საათით [18:00 საათზე ამოიწურა სამუშაო საათები]. თქვენი შეკითხვა ფორმალურადაა დასმული, 12 საათია გასული, 12 საათია გელოდებით. ჩვენ მივიღებთ შუაღამის სასამართლოში მონაწილეობას და რადგან თქვენ მორიგე ხართ, ჩვენც ვიმორიგევებთ", - უთხრა მოსამართლეს ბექა ჯიქურაშვილის ადვოკატმა. მის უფლებებს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი თეო ზაქარაშვილი იცავდა.

ადვოკატის პასუხმა მოსამართლის უკმაყოფილება გამოიწვია.

მოსამართლე: "განმარტებას გავაკეთებ პროცესის გახსნაზე. მინიმუმ 32 სხდომა მაქვს გახსნილი. როგორც კი მომეცა შესაძლებლობა, მაშინვე დავიწყე თქვენი საქმის განხილვა... მაქსიმუმ 10 წუთი ვიქნები დარბაზიდან გასული".

ადვოკატი: რატომ მუშაობთ კონვეიერული სისტემით, ვინმე გავალდებულებთ?

მოსამართლე: პირდაპირ ვეუბნები მხარეს, უპატივცემულობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობა: ჯარიმა, გაძევება, ასევე უკიდურეს შემთხვევაში პატიმრობა. ნუ გამომაყენებინებთ ამ ზომებს!..

ორი ოქმი, ერთი მოწმე - მტკიცებულებები ჟურნალისტების საქმეებში

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ძირითადად, სამი მტკიცებულება წარმოადგინეს ჟურნალისტების წინააღმდეგ: პოლიციელის მიერ შედგენილი დაკავების ოქმი, იმავე პოლიციელის მიერ შედგენილი სამართალდარღვევათა ოქმი და იმავე პოლიციელის, როგორც მოწმის ჩვენება.

"რეალურად, ეს სამი მტკიცებულება, არის ერთი მტკიცებულება", - უთხრა მოსამართლეს ვარდიაშვილის ადვოკატმა, ილონა დიასამიძემ.

ზურა ვარდიაშვილი და მისი ადვოკატი ილონა დიასამიძე
ზურა ვარდიაშვილი და მისი ადვოკატი ილონა დიასამიძე

პოლიციელები ჟურნალისტებს ედავებიან ადმინისტრაციული კოდექსის ისეთი მუხლების დარღვევას, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით ჩადენილ ზოგიერთ დანაშაულზე მკაცრი სასჯელიც კი აქვს.

  • წვრილმანი ხულიგნობისთვის (166-ე მუხლი) 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული;
  • პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობა (173-ე მუხლი) - 2000-დან 3000 ლარამდე ჯარიმა ან 15-დღიანი პატიმრობაა გათვალისწინებული.

უწყვეტ ვიდეოჩანაწერს, რომელიც დაკავების პროცესს სრულად ასახავს, სასამართლოში ყველაზე დიდი ფასი აქვს: პოლიციელს შეუძლია ამტკიცოს, რომ მოქალაქემ დაარღვია წესრიგი - არ დაემორჩილა, მოსამართლეს კი სუბიექტურად აღქმული ამბის, რომელსაც მოწმეებისგან ისმენს, ნაცვლად შეუძლია საკუთარი თვალით იხილოს რა მოხდა და გადაწყვიტოს საკითხი. მსგავსი მტკიცებულებების მოსაპოვებლად ყველა პატრულ-ინსპექტორს აქვს სამხრე კამერები. მის შესაძენად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა.

“სანამ გზის გადაკეტვას მოახდენენ, იყო შეხლა-შემოხლა, კვერცხების სროლა. მე სამხრე კამერა ჩამომვარდა და ძლივს ვიპოვე და ჩავიდე ჯიბეში. აღარ მიფიქრია გადაღებაზე, ვფიქრობდი კამერა გადარჩენილიყო, რომელზეც მე ვარ პასუხისმგებელი”, - თქვა ზურა ვარდიაშვილის საქმის მოწმემ, პოლიციელმა გიგა მოდებაძემ.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ილონა დიასამიძემ სხდომაზევე გაიხსენა, რომ სამხრე კამერების ჩანაწერები არათუ ამ პროცესზე, არამედ ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებელ აქციებზე დაკავებული ათეულობით მოქალაქის არცერთ საქმეზე არ მიუტანია შინაგან საქმეთა სამინისტროს. უწყების იურისტებმა დაადასტურეს, რომ მსგავსი ჩანაწერები არ არსებობს.

ზურა ვარდიაშვილის სასამართლო პროცესი
ზურა ვარდიაშვილის სასამართლო პროცესი

"იგინებოდა უმისამართოდ"

მარტის აქციებზე პოლიციამ დააკავა ე.წ. აგენტების კანონის გასაპროტესტებლად პარლამენტთან მისული ათეულობით ადამიანი და მათ უმრავლესობას სამართალდარღვევათა ოქმში ჩაუწერა, ძირითადად, ერთი და იგივე მიზეზები: "იგინებოდა უმისამართოდ", "არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს", "არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას".

ბექა ჯიქურაშვილისა და ზურა ვარდიაშვილის სამართალდარღვევათა ოქმები
ბექა ჯიქურაშვილისა და ზურა ვარდიაშვილის სამართალდარღვევათა ოქმები

"აქციის მონაწილეებს განზრახული ჰქონდათ, პარლამენტის გვერდითა შესასვლელების ბლოკირება მოეხდინათ, ზოგიერთი მათგანი დაჯდა გზაზე. ამის გამო საჭირო გახდა პოლიციის მობილიზება: შეთავაზებული იყო გადასულიყვნენ ტროტუარებზე... ბექა ჯიქურაშვილი ხელს უშლიდა სხვა დაკავებულების გადაყვანაში და უმისამართოდ იგინებოდა", - თქვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სასამართლო პროცესზე, როცა მას ჰკითხეს "ტაბულის" ჟურნალისტის დაკავების შესახებ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები

ჯიქურაშვილის ოქმში პოლიციელს არ აქვს მითითებული, რა ჩათვალა მან ლანძღვად და გინებად.

ფრაგმენტი სასამართლო სხდომიდან:

ჯიქურაშვილის ადვოკატი: ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმში როცა წერენ ლანძღვას და გინებას, უნდა ეწეროს ის სიტყვები, რაც პოლიციელმა შეაფასა...

შსს-ს თანამშრომელი: გინება უნდა გვეწეროს სიტყვასიტყვით?

ადვოკატი: უნდა ეწეროს, რა სიტყვა შეფასდა გინებად...

შსს-ს თანამშრომელი: ეს არის გინების შემცველი სიტყვა... შევიგინო?

აზუსტებს მოსამართლე: თქვენ იცით გინების შინაარსი, თქვენ როგორც მანდილოსანი, არ ასახელებთ კითხვის შინაარსს?

შსს-ს თანამშრომელი: დიახ…

"წაათრიეთ აქედან" - პოლიციის უფროსის ბრძანება

ზურა ვარდიაშვილს სასამართლომ არ დაუკმაყოფილა მთავარი მოწმის, საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის დაკითხვის შუამდგომლობა. ჟურნალისტი ამბობდა, რომ მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო უშუალოდ საპატრულო პოლიციის უფროსმა, რასაც ადასტურებდა ყველა სხვა მოწმე, მათ შორის პატრულის ის თანამშრომელიც, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმე იყო.

"რა ჟურნალისტია?!. გამოათრიეთ აქედან!.. დავაი, წაათრიეთ აქედან", - უთითებს ზურა ვარდიაშვილზე საპატრულო პოლიციის უფროსი, ვაჟა სირაძე, თავის დაქვემდებარებულ პოლიციელებს, რაც მკაფიოდ ისმის დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედ ჟურნალისტებს აქციის მიმდინარეობის დროს გზის სავალ ნაწილზე ყოფნასაც ედავება. მეტიც, ამ უწყების იურისტმა თქვა, რომ იმ ადგილზე, სადაც ჯიქურიშვილი იდგა, ტროტუარზე იმხელა ადგილიც კი არ იყო, რომ მასზე ასულიყო, შესაბამისად, გამოდიოდა, რომ ის გზაზე იდგა - არღვევდა პოლიციელის მოთხოვნას.

"ანუ უკანონო მითითებას აძლევდით?" - ადვოკატის ამ რეპლიკის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს აღარ უცდიათ, მოსამართლის ყურადღება ამ დეტალზე გაემახვილებინათ.

ჟურნალისტები არ უარყოფენ, რომ შეიძლებოდა, დროის რაღაც მონაკვეთში ისინი გზის სავალ ნაწილზე გადადიოდნენ.

“როცა ვიღაცას აკავებდნენ, ჩემთან ერთად იმათ დაჰყვებოდა 50 ჟურნალისტი… აბა, მე რატომ უნდა გამოვსულიყავი?! არ გამიგია გაფრთხილება, რომ გადავსულიყავით გზიდან…” - გაიხსენა ზურა ვარდიაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

იმის გამო, რომ ვარდიაშვილი აქციის მონაწილეების დაკავების დროს გზის სავალ ნაწილზე ხვდებოდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების განმარტებით, არღვევდა კანონს. ამის დასამტკიცებლად მათ სხდომაზე მიიტანეს სხვა არხის ეთერში გასული ვიდეომასალის ფრაგმენტი, რომელიც ასევე გზის სავალი ნაწილიდან არის გადაღებული - შესაბამისად, რომ არა ის ოპერატორი, რომლის საქმიანობაც პოლიციელმა სამართალდარღვევად არ შეაფასა, არც ვარდიაშვილის წინააღმდეგ იარსებებდა “მტკიცებულება”.

ზურა ვარდიაშვილის სასამართლო: მხარეები ეცნობიან ვიდეოჩანაწერებს
ზურა ვარდიაშვილის სასამართლო: მხარეები ეცნობიან ვიდეოჩანაწერებს

“არ ამბობს სიმართლეს”

საჯარო სხდომაზე ყველა მტკიცებულების გაცნობის შემდეგ ჟურნალისტების ადვოკატები ამბობდნენ, რომ პოლიციელები არ აღწერდნენ რეალობას ისე, როგორც ეს 2 მარტის საღამოს მოხდა და ამას რამდენიმე არგუმენტით ამყარებდნენ.

  • არ არსებობს მტკიცებულება, გარდა პოლიციელის მონაყოლისა, რომ რომელიმე ჟურნალისტი იმ დღეს პარლამენტის შენობასთან რაიმე ფორმით იგინებოდა, როგორც ეს სამართალდარღვევათა ოქმში წერია;
  • არაერთი პირდაპირი ეთერის მიუხედავად, არ არსებობს ვიდეოჩანაწერი, რომელიც დაამტკიცებდა, რომ ან "ტაბულის" ან "პუბლიკის" ჟურნალისტმა იმ დღეს პოლიციელისგან მიიღო გაფრთხილება და ამის მიუხედავად, არ დაემორჩილა მათ მოთხოვნას;
  • სასამართლოზე მიტანილ ვიდეოჩანაწერებში ისმის, როგორ ეუბნებიან უშუალოდ დამკავებელ პოლიციელებს, რომ ვარდიაშვილი და ჯიქურაშვილი ჟურნალისტები არიან.
ბექა ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი
ბექა ჯიქურაშვილის სასამართლო პროცესი

გარდა ამისა, ადვოკატებმა აღმოაჩინეს საქმისთვის მნიშვნელოვანი რამდენიმე გარემოება. იმის მიუხედავად, რომ საქმის ერთ-ერთი მტკიცებულება - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მათ სასამართლო სხდომაზე პირველად ნახეს, იქ წერია, რომ “სამართალდამრღვევმა უარი თქვა მის ჩაბარებაზე”.

“გზას მე ვერ გადავკეტავდი, პარლამენტის შენობასთან ვიდექი და ტელეფონით ვიღებდი. უკან შემოვარდნენ, სადაც ამბობდნენ, რომ დადექითო. ოთხი პოლიციელი მომვარდა - ქურთუკი გაიგლიჯა. თავდაყირა ვიყავი, როგორ უნდა გამეწია წინააღმდეგობა - მარტო იმას ვამბობდი, რატომ მაკავებდნენ”, - უთხრა “ტაბულის” ჟურნალისტმა მოსამართლეს.

მოსამართლე ნინო შჩერბაკოვმა არაკორექტული უწოდა ზურა ვარდიაშვილის შეფასებას, როცა მან თქვა, რომ სასამართლო სხდომაზე მისული პოლიციელები იტყუებოდნენ. მოსამართლემ ურჩია ჟურნალისტს, გამოეყენებინა უფრო კორექტული ფორმები, როგორიც არის: “არ ვეთანხმები, არ ამბობს სიმართლეს”.

ხანგრძლივი სასამართლო პროცესების დროს მოსამართლემ თქვა, რომ ის გადაწყვეტილების მიღებამდე სხდომის ჩანაწერებს მოუსმენდა და სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ისე იმსჯელებდა.

30 მარტს დილის 12:00 საათზე სასამართლოში მისულმა ჟურნალისტებმა 31 მარტის დილის 05:00 საათზე ისე დატოვეს შენობა, რომ ვერ გაიგეს, მოსამართლე შჩერბაკოვი დააკისრებდა თუ არა მათ რაიმე სახის პასუხისმგებლობას. გადაწყვეტილების გამოცხადების პროცესი მოსამართლემ რამდენიმე კვირით გადადო.

XS
SM
MD
LG