თბილისის საქალაქო სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა ადვოკატი შოთა თუთბერიძე, რომელიც 2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გუშინ, 28 სექტემბერს, გამოაცხადა.
მოსამართლემ მიიჩნია, რომ წვრილმანი ხულიგნობა იყო - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის დარღვევა - დგომა პარლამენტის წინ საპროტესტო პლაკატით, რომელზეც ეწერა "ირა*ლი". შინაგან საქმეთა სამინისტრო ადვოკატს ედავებოდა პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასაც (მუხლი 173), თუმცა მოსამართლემ ამ ნაწილში ის გაამართლა.
„ეს არ იყო დაკავება, ეს იყო თავდასხმა ჩემზე, როცა 20-მდე პოლიციელმა ყველანაირი კომუნიკაციის გარეშე გამიტაცა და წამიყვანა ჩემთვის გაურკვეველი მიმართულებით“, - თქვა შოთა თუთბერიძემ გათავისუფლების შემდეგ.
შოთა თუთბერიძე 2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დააკავეს და რამდენიმე საათში გაათავისუფლეს. მას ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით: „ირა*ლი“. იმ ღამეს პოლიციამ კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავა, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი ედუარდ მარიკაშვილი, რომელიც სუფთა ფურცლით იდგა პარლამენტის შენობასთან. მოსამართლემ ისიც დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისთვის.
2 ივნისს მოქალაქეების ნაწილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გამო გამოხატავდა პროტესტს (ღარიბაშვილმა უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთის ნარატივი გაიმეორა ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე), მეორე ნაწილი კი ცდილობდა იმის ჩვენებას, რომ ქაღალდზე დაწერილი “ირა*ლი” გამოხატვის თავისუფლებაა და არა კანონდარღვევა.