საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ჰყავს შეძლებული ოჯახი, რომელმაც დააფინანსა მისი შვილის ევროპაში თვითმფრინავის ჩარტერული რეისით ჩაყვანის ხარჯები. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ამ თემაზე საუბარი არ უნდოდა.
"არ ვთვლიდი საჭიროდ მანამდე ამ თემაზე მესაუბრა, იმდენად პრივატულია. მე არასოდეს, ხაზგასმით აღვნიშნავ, არ მისარგებლია ბიუჯეტით და არ დამიფინანსებია ჩემი პირადი თუ ოჯახის მგზავრობა იქნება თუ სხვა... მე შეგნებულად, მიზანმიმართულად გავაკეთე, მიზანმიმართულად გადავახდევინე ოჯახს იმის საჩვენებლად, რომ წარმომეჩინა კონტრასტი და განსხვავება ჩვენი ხელისუფლების და მეორე უკიდურესობა, რაც იყო გამეფებული 10 წლის წინ...
მე მაქვს, მადლობა ღმერთს, შეძლებული ოჯახი, მე არასოდეს არ ვიყავი გაჭირვებული. მას შემდეგ, რაც მე დავამთავრე უნივერსიტეტი, პოლიტიკამდეც, მე ვმუშაობდი ამ ქვეყნის უმდიდრეს ადამიანთან და ვმართავდი ყველაზე მდიდარ ფონდს. ჩემი ოჯახი არასდროს ყოფილა გაჭირვებული. ეს არ არის სიახლე", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან ჟურნალისტებს მოუწოდა, აქცენტი გააკეთონ პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფრენის ხარჯებზე.
ასევე ნახეთ თავდაცვის სამინისტრო გეგმავს, მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ხელშეკრულებები საჯარო გახადოს„რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, - განმარტა სტრატკომმა.
ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს სამთავრობო ბორტი 28 აგვისტომდე, ანუ დაახლოებით ერთი კვირა უცდიდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, საიდანაც საქართველოში ჩამოიყვანა აშშ-დან დაბრუნებული პრემიერი და მისი ოჯახის წევრები.
ასევე ნახეთ სტრატკომი უარყოფს "TV პირველის" ინფორმაციას პრემიერის ჩარტერულ რეისთან დაკავშირებით