პრეზიდენტმა ალიევმა აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქვეყნის მოქალაქეებს ტელევიზიით 20 სექტემბერს მიმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ყარაბაღში ჩატარებული ერთდღიანი „ანტიტერორისტული ღონისძიებების წარმატებით დასრულების“ შედეგად აღდგენილად გამოაცხადა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი.

20 სექტემბერს, საღამოს, მოქალაქეებისადმი სატელევიზიო მიმართვისას, ალიევმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანელი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს და თქვა, რომ დაიწყო „უკანონო სომხური შეიარაღებული ფორმირებების გაყვანა“ და მათ მიერ იარაღის ჩაბარება. ილჰამ ალიევის განცხადებით, მსოფლიო ყარაბაღს ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიარებდა და დღეს ამას უკვე სომხეთიც აღიარებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის სიტყვებით, „ხუნტის კრიმინალური რეჟიმის დანებების შემდეგ დაძაბულობის ეს წყარო და შხამიანი ბუდე ისტორიას ჩაბარდა და ყარაბაღის სომხური მოსახლეობა შვებით ამოსუნთქვას შეძლებს“.

ალიევის თქმით, ყარაბაღში მცხოვრები სომხები აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან და მალე დაინახავენ უკეთესობას, რადგან ბაქოს მიზანია მშვიდობის საფუძველზე თანაცხოვრება, ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, „კრიმინალური სომხური რეჟიმის“ ქმედებების გამო სომეხი ხალხი არასდროს დაუდანაშაულებიათ.

ასევე ნახეთ აზერბაიჯანმა გამოაცხადა სამხედრო ოპერაციის შეჩერების დრო და პირობები

პრეზიდენტ ალიევის ინფორმაციით, მისი წარმომადგენლები აზერბაიჯანის ხელისუფლების ხედვას ყარაბაღის თემის წარმომადგენლებს გააცნობენ ქალაქ ევლახში დაგეგმილ შეხვედრაზე. ილჰამ ალიევის თანახმად, ყარაბაღს ხელახლა ააშენებენ, უზრუნველყოფილი იქნება ადგილობრივ მცხოვრებთა უფლებები - განათლების, რელიგიური და მუნიციპალური არჩევნების და რეგიონში განხორციელდება სხვადასხვა სოციალური პროგრამა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ ბოლო დღეებში სომხეთმა „მოულოდნელად გამოიჩინა პოლიტიკური კომპეტენცია“, რასაც ბაქო აფასებს და მიიჩნევს მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც დადებით გავლენას მოახდენს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესზე.

ალიევის შეფასებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება რეალობად იქცა, თუმცა დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მოწინააღმდეგეს არ აქვს რევანშისტული იდეები. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ აღიარებენ სომხეთის და ზოგადად, ყველა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. როგორც ალიევმა თქვა, სომხეთის ზურგს უკან, ევროპაში მყოფმა „სომეხმა მავნებლებმა“ უნდა იცოდნენ, რომ რაც უფრო შორს დაიჭერენ თავს სამხრეთ კავკასიისგან, მით უფრო მშვიდად შეძლებს ცხოვრებას რეგიონი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მომავალი უნდა ეფუძნებოდეს მშვიდობას და განვითარებას:

„ჩვენ ვთავაზობთ, რომ ძალებმა, რომლებიც ჩვენი რეგიონიდან შორს არიან, მაგრამ თავის პოლიტიკურ დღის წესრიგს მისდევენ, სომეხ ხალხს ინსტრუმენტად იყენებენ და რთულ მომენტში უღალატეს, თაღლითებმა და კორუმპირებულმა პოლიტიკოსებმა თავი დაგვანებონ“.

ვის გულისხმობდა ამ ძალებში, ილჰამ ალიევს არ დაუკონკრეტებია. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა იმედისმომცემი უწოდა სომხეთის სახელმწიფოს მიერ ბოლო დღეებში ნაჩვენებ პოზიციას, რამაც, ალიევის განცხადებით, შესაძლოა, ხელი შეუწყოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დაიწყებენ მუშაობას მომავალ, სამმხრივი ფორმატის თანამშრომლობაზე.

ასევე ნახეთ ფაშინიანი: სომხეთი არ მონაწილეობდა ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მომზადებაში

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზანია „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“.

აზერბაიჯანმა ოპერაციის დაწყების მიზეზად დაასახელა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლის და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში სომხეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა უარყო და აზერბაიჯანის მიზნად დაასახელა ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის ჩათრევა.

ასევე ნახეთ მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის სამხედროებს, არის მსხვერპლი

20 სექტემბერს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება 13:00 საათიდან „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შეჩერების შესახებ რამდენიმე პირობით. ბაქოს თანახმად, ოპერაციის შეჩერების თხოვნა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან მიიღეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ პირობებად დაასახელა ყარაბაღის რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრა, საბრძოლო პოზიციების დატოვება, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლა და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ პროცესების რეალიზაცია უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალებთან კოორდინაციით.

მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საინფორმაციო შტაბმაც გამოაცხადა, რომ დასთანხმდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის წინადადებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, 20 სექტემბრის 13:00 საათიდან. შტაბის თანახმად, მიღწეულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის დისლოკაციის ზონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების დარჩენილი ქვედანაყოფების გაყვანის და ყარაბაღის თავდაცვის არმიის დაშლის და სრული განიარაღების შეთანხმება. გარდა ამისა, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებების დაცვის, უსაფრთხოების, რეინტეგრაციის და აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში ცხოვრების და საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებზე 21 სექტემბერს ქალაქ ევლახში გაიმართება ადგილობრივი სომხური მოსახლეობის და აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა.

ასევე ნახეთ რუსეთი ყარაბაღის კრიზისში ფაშინიანს ადანაშაულებს
  • აზერბაიჯანმა 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად დაკარგა კონტროლი ეთნიკური სომხებით დასახლებულ ყარაბაღზე, რომელმაც „დამოუკიდებლობა" გამოაცხადა. მას შემდეგ სიტუაცია პერიოდულად იძაბებოდა.
  • 2020 წლის ნოემბერში, ყარაბაღში მორიგი ესკალაციის შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის შუამავლობით შეთანხმდნენ საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტაზე. ამ შეთანხმებით, აზერბაიჯანმა ყარაბაღის ზოგიერთ რაიონზე დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგული კონტროლი. რეგიონში განთავსდა რუსეთის „სამშვიდობო კონტინგენტი".