Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიან ყარაბაღში ცეცხლი გაუხსნეს რუსეთის სამხედროებს, არის მსხვერპლი


20 სექტემბერს მთიან ყარაბაღში (სომხურად: არცახი) რუსეთის სამხედრო მოსამსახურეებს ცეცხლი გაუხსნეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მანქანა სადამკვირვებლო პუნქტიდან ბრუნდებოდა და მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მანქანაში მყოფი ჯარისკაცები დაიღუპნენ. უწყებაში მათ რაოდენობას არ აცხადებენ.

ამ ინფორმაციაზე ჯერჯერობით არც აზერბაიჯანული და არც სომხური მხარე არ აკეთებს კომენტარს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა დასახლებულ პუნქტ ჯანიატაგის რაიონში მოხდა. შემთხვევის ადგილზე რუსეთის და აზერბაიჯანის საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლები მუშაობენ.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზანია „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“.

აზერბაიჯანმა ოპერაციის დაწყების მიზეზად დაასახელა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლის და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა.

ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში სომხეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა უარყო და განაცხადა, რომ აზერბაიჯანის მიზანია ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის ჩათრევა.

XS
SM
MD
LG