ამასთან, სომხეთს შეთანხმების ტექსტის მიმართ შენიშვნა აქვს. ის ეხება ჩანაწერს, რომ მთიანი ყარაბაღი უნდა დატოვონ იქ დარჩენილმა სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა. პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის თქმით, ეს არცთუ გასაგებია, როცა სომხეთს არაერთხელ განუცხადებია, რომ 2021 წლის აგვისტოდან სომხეთის არმია ყარაბაღში არ იმყოფება.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მიღწეულია შეთანხმება 20 სექტემბრის 13:00 საათიდან „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებების“ შეჩერების შესახებ რამდენიმე პირობით. ბაქოს თანახმად, ოპერაციის შეჩერების თხოვნა ყარაბაღის სომხური მოსახლეობის წარმომადგენლებისგან მიიღეს რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის მეშვეობით.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო პირობებად ასახელებს ყარაბაღის რაიონში მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების და უკანონო ფორმირებების მიერ იარაღის დაყრას, საბრძოლო პოზიციების დატოვებას, ყარაბაღიდან სომხეთის არმიის ქვედანაყოფების გასვლას და ადგილობრივი უკანონო ფორმირებების დაშლას. ასევე - ყველა სახეობის იარაღის და მძიმე ტექნიკის ჩაბარებას. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, ამ პროცესების რეალიზაცია უზრუნველყოფილი იქნება რუსეთის სამშვიდობო ძალებთან კოორდინაციით.
მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკის ე.წ. საინფორმაციო შტაბმაც გამოაცხადა, რომ დასთანხმდნენ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდლობის წინადადებას საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტის შესახებ, 20 სექტემბრის 13:00 საათიდან. შტაბის თანახმად, მიღწეულია რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის დისლოკაციის ზონიდან სომხეთის შეიარაღებული ძალების დარჩენილი ქვედანაყოფების გაყვანის და ყარაბაღის თავდაცვის არმიის დაშლის და სრული განიარაღების შეთანხმება. გარდა ამისა, მთიან ყარაბაღში მცხოვრები სომხების უფლებების დაცვის, უსაფრთხოების, რეინტეგრაციის და აზერბაიჯანის კონსტიტუციის ფარგლებში ცხოვრების და საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებზე 21 სექტემბერს ქალაქ ევლახში გაიმართება ადგილობრივი სომხური მოსახლეობის და აზერბაიჯანის ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ 19 სექტემბერს გამოაცხადა, რომ დაიწყო „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“, რომელთა მიზანია „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში ფართომასშტაბიანი პროვოკაციების აღკვეთა, იქ მყოფი სომხეთის შეიარაღებული ძალების განიარაღება და გაყვანა, მათი სამხედრო ინფრასტრუქტურის განეიტრალება, ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ტერიტორიაზე დაბრუნებული მშვიდობიანი მოსახლეობის, აღდგენით სამუშაოებში ჩართული სამოქალაქო პირების და სამხედროების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციური წყობის აღდგენა“.
აზერბაიჯანმა ოპერაციის დაწყების მიზეზად დაასახელა „სომხეთის შეიარაღებული ძალების დივერსიული ჯგუფების“ მიერ „ყარაბაღის ეკონომიკურ რაიონში“ დადებულ ნაღმებზე აფეთქების შედეგად აზერბაიჯანის გზების სახელმწიფო სააგენტოს 2 თანამშრომლის და შინაგანი ჯარის 4 სამხედრო მოსამსახურის დაღუპვა. ბაქომ ერევანი დაადანაშაულა „მიზანმიმართული ტერორისტული პოლიტიკის“ გაგრძელებასა და დარღვევაში რუსეთის შუამავლობით 2020 წლის ნოემბერში ხელმოწერილი შეთანხმების, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანმა დაიბრუნა 90-იან წლებში ყარაბაღში დაკარგული რაიონების ნაწილი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში სომხეთის არმიის ქვედანაყოფების ყოფნა უარყო და აზერბაიჯანის მიზნად დაასახელა ყარაბაღის მოსახლეობის ეთნიკური წმენდა და საბრძოლო მოქმედებებში სომხეთის ჩათრევა.
აზერბაიჯანს საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდეს ევროკავშირმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, გაერომ და რუსეთმა.
სომხეთის სახალხო დამცველმა ანაიტ მანასიანმა დღეს, 20 სექტემბერს, განაცხადა, რომ მთიან ყარაბაღში დაიღუპა 32 და დაიჭრა 200-ზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი.