აზარაშვილის თქმით, ორი ვარიანტი განიხილება - „რესპუბლიკური საავადმყოფოს" შენობის რეაბილიტაციის ან ახლის აშენების

ზურაბ აზარაშვილი, ჯანდაცვის მინისტრი.

პარლამენტში „მინისტრის საათის" ფარგლებში უსმენენ ჯანდაცვის მინისტრს ზურაბ აზარაშვილს. პოლიტიკური ჯგუფი „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილი დაინტერესდა აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკის საკითხით. რომელიც საზოგადოებაში „რესპუბლიკური საავადმყოფოს" სახელით არის ცნობილი,

მინისტრმა დეპუტატს უპასუხა, რომ კლინიკის შენობის ნაწილი სავალალო მდგომარეობაშია. „რესპუბლიკურზე" დასკვნას რაც შეეხება, შეკეთებას, რატომ არ აკეთებთო. ბატონო ბექა, მაგ დასკვნაში არ ვიცი, რომელ ნაწილს კითხულობთ, ალბათ სამხარაულის დასკვნას გულისხმობთ, 2018 თუ 2019 წლის. იქ პირველივე გვერდზე დეტალურად არის აღწერილი, რა არის გასაკეთებელი, რა არის გასამაგრებელი. 60-63 ათასი კვადრატული მეტრია ის შენობა. იქ სიღრმისეულად და დეტალებში ჩასვლა არც გჭირდებათ, შეგიძლიათ, ნახოთ. გამოხატავდით პოზიციას, რომ გარემონტება შეიძლება და რატომ არ ვარემონტებთ.

იქ წერია, რომ გასამაგრებელია რიგელები, კოლონები მეტალებით თუ სხვა საშუალებებით; ასევე დასამატებელია სახანძრო უსაფრთხოებისთვის ოთხი კიბე ცხრა სართულზე, შიდა კიბეა გასაჭრელი; ასევე შიდა წყლების და იქ, სამწუხაროდ, სხვადასხვა წყლის პრობლემებია, აღარ მინდა ახლა დაკონკრეტება, ქვეშ, ორ სართულზე; ასევე მაგ დასკვნაშივეა თუ სწორად მახსოვს, ან მეორე დასკვნა არის - ფასადი არის ძალიან მძიმე და სავალალო მდგომარეობაში და ითხოვს იმ დასკვნის მიხედვით (წინა წლის ბოლოს იყო ეს დასკვნა), რომ ფასადი, რომელიც მიდგმულია ძველ შენობაზე ნახევარმეტრიანი დაშორებით, სამწუხაროდ, შიგნით არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, რომელსაც ფასადი ფარავს. ასეთი მასიური კონსტრუქცია შენობაზე თოკებით და ტროსებით არის მიბმული. სასწრაფოდ გვთხოვენ ამის დემონტაჟს თორემ კატასტროფულ შედეგს გამოიწვევს, ამ დასკვნაშია აღნიშნული", - თქვა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ გამოსავალი ორი ვარიანტიდან ერთ-ერთშია. „საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიიღება, როგორც არსებული მდგომარეობიდან, ასევე ხარჯთეფექტურობიდან გამომდინარე. მოხდება ორი პროექტის შედარება - როგორც არსებული შენობის რეაბილიტაციის, გამაგრებითი სამუშაოებით და გადაკეთებით, რა არის საჭირო თანამედროვე კლინიკისთვის, ასევე - ახალი კლინიკის აშენების. შესაბამისად, რომელიც იქნება უფრო მიზანშეწონილი და გონივრული, ამის მიხედვით გავაკეთებთ", - აღნიშნა მან.

ასევე ნახეთ კლინიკა თუ ადგილი ქალაქის ცენტრში - რას უპირებენ „რესპუბლიკურს“?

თებერვალში ჯანდაცვის მინისტრმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მთავრობა „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ დანგრევას აპირებდა და რომ სახელმწიფო „ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს დასრულებას“ დაახლოებით ორწელიწად-ნახევარს მოანდომებს.

მინისტრის განცხადებას „რესპუბლიკურის“ ექიმების პროტესტი მოჰყვა, აქამდე ისინი დარწმუნებულები იყვნენ, რომ სახელმწიფო რეაბილიტაციის ძველ გეგმას მიჰყვებოდა.

ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ მის მიერ ინტერვიუში ნათქვამი „იყო წინასწარი და არა საბოლოო დასკვნა.“ მინისტრის თქმით, რეკონსტრუქციის დროს პირველ რიგში ხარჯთეფექტურობა უნდა შეფასდეს. „რესპუბლიკური საავადმყოფო არაა თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისი“ - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მინისტრის განცხადებას მოჰყვა „რესპუბლიკურის“ ექიმების პროტესტი. მანამდე ისინი დარწმუნებული იყვნენ, რომ სახელმწიფო რეაბილიტაციის ძველ გეგმას მიჰყვებოდა.

ასევე ნახეთ ჯანდაცვის მინისტრი: რესპუბლიკურის თანამშრომლებს თუ ვერ დავასაქმებთ, ხელფასს მაინც გადავუხდით
ასევე ნახეთ „რესპუბლიკურთან“ კლინიკის დემონტაჟის საწინააღმდეგო აქცია ჩატარდა