შეურაცხმყოფელ სიტყვებს იყენებენ „ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლების სახელით გავრცელებულ ღია წერილში

„ჯორჯიან ეარვეისის" თვითმფრინავი

„შორს ბინძური ხელები „ჯორჯიან ეარვეისისგან!" - ამ სიტყვებით იწყება ავიაკომპანიის თანამშრომლების სახელით გავრცელებული განცხადება. „ჯორჯიან ეარვეისი", რომელიც თბილისი-მოსკოვი-თბილისის პირდაპირ ფრენებს იწყებს, 16 მაისს პროტესტის ერთ-ერთი ადრესატი იყო. პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული მოძრაობების მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობიდან სწორედ ავიაკომპანიის ოფისთან გადაინაცვლეს და გამოხატეს უარყოფითი პოზიცია რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების გამო.

ასევე ნახეთ „რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ“ - თბილისში აქცია მიმდინარეობს

„ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლების ღია წერილში ნათქვამია: „ბოლო დღეების განმავლობაში ხშირად მოვისმინეთ „ჯორჯიან ეარვეისის“ მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები რუსეთის მიმართულებით ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით".

ავიაკომპანია აცხადებს, რომ „უნამუსობა, უტიფრობა და უსამართლობაა როდესაც ქვეყნის მოღალატეს უწოდებ იმ ხალხს, რომლებსაც საომარ ოპერაციებში მონაწილეობისთვის და იქ გამოჩენილი თავდადებისთვის სახელმწიფო ჯილდოები აქვთ მიღებული.

2008 წლის ომის დროს „ჯორჯიან ეარვეისი" იყო ერთადერთი ავიაკომპანია, რომელმაც არ შეწყვიტა ფრენები და საქართველოში ჩამოიყვანა ასობით უცხოელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი, რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს ქართველი ხალხის იმჟამინდელი ტრაგედია.

მივმართავთ პროვოკატორებს, ამასაც ქვეყნის ღალატად აფასებთ?! თუმცა, თქვენისთანა გარეწრებისგან ესეც არ იქნება გასაკვირი".

„ჯორჯიან ეარვეისი" მის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიაში „უცხოეთიდან მართულ ძალებს" ადანაშაულებს.

„შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ ამ ბინძური კამპანიის უკან დგას ის მართული ძალები, რომლებიც უცხოეთიდან მიღებული გრანტების გასამართლებლად მზად არიან საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესის წინააღმდეგ წავიდნენ", - ნათქვამია ღია წერილში.

ავიაკომპანიამ განაცხადა: „მოვუწოდებთ პოლიტიკას მიტმასნილ და ორ გროშზე დაგეშილ ავაზაკებს, ჩვენ მტრის არტილერიას, ტანკებსა და სამხედრო თვითმფრინავებს არ შევუშინებივართ და მით უმეტეს ვერ შეგვაშინებენ თქვენისთანა კომიკური არარაობები. ავიაკომპანიის წინააღმდეგ არც კი გაიფიქროთ რაიმე პროვოკაცია, თორემ მიიღებთ კანონით გათვალისწინებულ უმკაცრეს პასუხს".

„ჯორჯიან ეარვეისი" თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს 20 მაისიდან იწყებს. მის ვებსაიტზე დაწყებულია ბილეთების გაყიდვა.

„ჯორჯიან ეარვეისმა" თბილისი-მოსკოვის ავიაბილეთების გაყიდვა დაიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის ზაფხულიდან მოქმედი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვა. პუტინის ეს გადაწყვეტილება ძალაში ხელმოწერისთანავე, 10 მაისს, შევიდა. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებულებაც, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს 15 მაისიდან მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში.

ასევე ნახეთ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება შეშფოთებას იწვევს - სტანო რუსეთთან ფრენების აღდგენაზე
ასევე ნახეთ მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ავიარეისები 17 მაისიდან განახლდება

  • საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვიტა.
  • 2012 წლის თებერვალში საქართველომ, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.
  • რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლა შეწყვიტა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 2019 წლის ივნისში გამოცემული ბრძანებულებით, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. თბილისში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიჰყავდა რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს.