ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

ლაზარე გრიოგორიადისი სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა „7-8 მარტის აქციების" საქმეზე ბრალდებული, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი. მოსამართლე ნატო ხუჯაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სანაცვლოდ გირაოს (20 000 ლარი) გამოყენების შესახებ.

ლაზარე გრიგორიადისმა პროცესზე დუმილი დაარღვია. „დაკავებამდე, ერთი თვის განმავლობაში, მიმალვა რომ მდომებოდა, მივიმალებოდი. დაკავების დროს იგივე ტანსაცმელი მეცვა, რაც აქციებზე", - თქვა სასამართლო სხდომაზე ლაზარე გრიგორიადისმა.

ადვოკატ ლიკა ბითაძის თქმით, სასამართლომ ბრალდებული პატიმრობაში დატოვა სრულიად უსაფუძვლოდ. „დასაბუთება იყო სრულიად შაბლონური. ერთი და იგივე არგუმენტაციით, რაც ჰქონდა თავდაპირველად, ფაქტობრივად, დაზეპირებულად იყო გამეორებული დღესაც. აქედან გამომდინარე, დღევანდელი გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი“.

პროკურორმა თამარ იაკობიძემ უპასუხა დაცვის მხარის იმ არგუმენტს, რომელიც ეხებოდა ანალოგიურ საქმეებზე ბრალდებული პირებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენებას.

„ადვოკატები უთითებდნენ სასამართლო პროცესზე, რომ ანალოგიური ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ სხვა პირებს. აღნიშნულს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად არ ვეთანხმებით. სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები, რომელშიც წერია, შავით თეთრზე, რომ არცერთ ბრალდებულს ბრალდება წარდგენილი არ აქვს პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტზე", - განმარტა პროკურორმა.

აღკვეთის ღონისძიების საკითხის გარდა, წინასასამართლო სხდომაზე იმსჯელეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე.

ლაზარე გრიგორიადისი სასამართლო პროცესზე

პროცესის დასრულების შემდეგ ლაზარე გრიგორიადისის მამამ, ბექა გრიგორიადისმა, განაცხადა, რომ მოელოდა სასამართლოს ასეთ გადაწყვეტილებას. „მე მგონი, რომ მეხუთე სანქცირებული მოსამართლეც გვეყოლება ცოტა ხანში... ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება“, - თქვა ბექა გრიგორიადისმა.

ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

„7-8 მარტის აქციების" საქმეზე კიდევ ერთი ბრალდებულის, თორნიკე აკოფაშვილის პროცესი კი 15 აპრილს გაიმართება. სასამართლოს სხდომაზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილეს. თორნიკე აკოფაშვილს 3000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. მას ბრალად ედება საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

ასევე ნახეთ ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან