Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან


ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
ლაზარე გრიგორიადისის მამა ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

„7-8 მარტის აქციების" საქმეებზე ბრალდებულების, ლაზარე გრიგორიადისის და თორნიკე აკოფაშვილის სასამართლო პროცესების პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მათ მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს.

„პარტიზანმა მებაღემ" ნატა ფერაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ აქცია ორი მიზნით იმართება: „ეს არის პრინციპული ბრძოლა. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, პიროვნულად, ლაზარეს და თორნიკეს მხარდაჭერა არის, მაგრამ, მეორე მხრივ, ის, რომ არ დაგვაშინონ - შემდეგ აქციებზე გამოსვლისას არ ჰქონდეს ყველას შიში, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას სრულიად არაფერზე. თორნიკეს შემთხვევაში, კადრებში მშვენივრად ჩანს, რომ რეზინს ურტყამს ფარს და ამის გამო აქვს წარდგენილი ბრალდება, ოთხიდან შვიდ წლამდე. წარმოუდგენელი რამ არის. ეს არის ტერორის ჩვენება. ხოლო ლაზარე რატომ აარჩიეს, ძალიან კარგად ვიცით. აქ შეგიძლიათ ნახოთ უამრავი მისი თანატოლი, იგივენაირ იმიჯში და მათი დაშინება სურთ. ახლა მაისი არის და ქართული ოჯახის ტრადიციების... და გუშინ [„უცნობის“ აქციაზე] რა სისულელეებსაც ლაპარაკობდნენ, იმის გასამტკიცებლად", - გვითხრა ნატა ფერაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგა ბოკერიას აზრით, ლაზარეს და თორნიკეს დევნა რეჟიმის პროპაგანდამ აქცია პრინციპულ საკითხად.

„ამ ტიპის ამაზრზენი კამპანია, შავრაზმული დემონიზების, ახალგაზრდა ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ბრალდებულია სერიოზული ბრალდებით, უკვე არის პრინციპული საკითხი, რომ არ იქნას დავიწყებული საზოგადოების მხრიდან", - აღნიშნა მან.

ბოკერიას მიაჩნია, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი უნდა გავრცელდეს ამ საქმეებზეც.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ მოქალაქეებმა განსაჯონ ეს ხალხი, რომ მოიხსნას ყოველგვარი კითხვის ნიშანი, რომ იყოს შეჯიბრებითი პროცესი. და არა, მინიმუმ, ყველას თვალში დისკრედიტებულმა ან ეჭვის ქვეშ მყოფმა სასამართლო სისტემამ, რომელიც არის სანქცირებული შეერთებული შტატების მიერ", - განაცხადა ბოკერიამ.

„7-8 მარტის აქციების" საქმეზე ბრალდებული თორნიკე აკოფაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან
„7-8 მარტის აქციების" საქმეზე ბრალდებული თორნიკე აკოფაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოსთან

21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, რომელიც პოლიციამ 29 მარტს ე.წ. აგენტების შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციებისას პოლიციელზე თავდასხმისა და სხვისი ქონების განადგურების ბრალდებით დააკავა, ბრალი ოფიციალურად წინასწარი დაკავების იზოლატორში 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას). მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თორნიკე აკოფაშვილი 3000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. მას ბრალად ედება საპროტესტო აქციაზე პოლიციელზე თავდასხმა, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

XS
SM
MD
LG