შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე განვითარებულ მოვლენებზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყო, წერია უწყების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
- 353-ე პრიმა მუხლის თანახმად, სამართალდამცავზე თავდასხმა ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით 6 თვიდან 2 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე. იგივე ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე;
- 187-ე მუხლის მიხედვით, ნივთის დაზიანება ან განადგურება ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 100-დან 180 საათამდე, ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე, ან შინაპატიმრობით 6 თვიდან 2 წლამდე, ან თავისუფლების 1-დან 3 წლამდე აღკვეთით.
გარდა ამისა, პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქციის 66 მონაწილე დააკავა.
ასევე ნახეთ წუხელ პარლამენტთან აქციაზე ათობით დემონსტრანტი დააკავესუწყებაში ამბობენ, რომ "სამინისტროს მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი შეფასება მიეცემა ყველა პირის ქმედებას, რომლებმაც ხელი შეუწყეს და ორგანიზება გაუწიეს მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივ ქმედებაში გადაზრდას".
ასევე ნახეთ კობახიძე: 2012 წლამდე ენმ-ის დავალებით სამართალდამცავები ძალადობდნენ, გუშინ კი - მომიტინგეები"პოლიცია იძულებული გახდა, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენისა და სამართალდარღვევების აღსაკვეთად, შესაბამისი გაფრთხილების შემდგომ საჭიროების შესაბამისად, თანმიმდევრულად გამოეყენებინა პროპორციული ძალა და "პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.
მოგვიანებით შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილების" და პიროტექნიკის სროლა, მათ შორის, სამართალდამცველების მიმართულებით.
აქციის წევრებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები", - წერია შსს-ს განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ დაშავდა პოლიციის 50-მდე თანამშრომელი. მათ ნაწილი დაიჭრა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
7 მარტს საქართველოს პარლამენტმა 76 ხმით 13-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო "ხალხის ძალის" წარმომადგენელთა კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ". ის უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების ნაწილი უცხოეთიდანაა მიღებული. პარლამენტმა გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე. საქართველოს ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდებდნენ აშშ, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები.
ასევე ნახეთ ევროპარლამენტარები "ქართულ ოცნებას" მოუწოდებენ, უარი თქვას "უცხოეთის აგენტების" კანონის მიღებაზე- კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება პარლამენტთან გააპროტესტა ათასობით ადამიანმა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს.
- "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებს განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნას აპირებს.
დღეს, 8 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი.