Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კობახიძე: 2012 წლამდე ენმ-ის დავალებით სამართალდამცავები ძალადობდნენ, გუშინ კი - მომიტინგეები


ირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 7 მარტის ღამეს თბილისში განვითარებული მოვლენები ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი ნაწილისთვის "უსიამოვნო სანახავი" იყო. ამ სიტყვებით დაიწყო მან ბრიფინგი პარტიაში და ისაუბრა აქციაზე, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გასაპროტესტებლად გაიმართა პარლამენტთან.

"რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცავებზე. თუ 2012 წლამდე "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით სამართალდამცავები ძალადობდნენ მომიტინგეებზე და სახალხო დამცველზე, გუშინ იმავე "ნაციონალური მოძრაობის" დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცავებზე და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი - ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში", - თქვა კობახიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ "რადიკალურმა ოპოზიციამ" და "მათმა მედიასაშუალებებმა" საზოგადოების დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ "პარლამენტის მიღებული ამერიკული კანონი რუსულია".

"მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეული მშვიდობიანი მომიტინგის გამო, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცავს გუშინდელი მოთმინებისთვის და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის", - დასძინა კობახიძემ.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, "ხალხის ძალამ" დაარეგისტრირა პარლამენტში. ამ მოძრაობამ "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიზეზად "მეტი სიმართლის" თქმა დაასახელა და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინტერესების მიმართ ეჭვის გამჩენი განცხადებების გავრცელება დაიწყო.

"ხალხის ძალის" ამ კანონპროექტს, რომელიც "აგენტების შესახებ" კანონპროექტადაც მოიხსენიება, "ქართული ოცნების" მხარდაჭერაც ჰქონდა. კომიტეტებში წინააღმდეგობისა და საპროტესტო აქციების მიუხედავად, კანონპროექტის მიღების პროცესი დაიწყო. ამ დოკუმენტით ყველა არასამთავრობო ორგანიზაციასა და მედიასაშუალებას, რომლებსაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორის დაფინანსება აქვთ (მინიმუმ 20%), "უცხოური გავლენის აგენტად" დარეგისტრირება მოუწევს. კანონპროექტს აკრიტიკებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-სა და ევროკავშირის საელჩოები.

7 მარტს დღის პირველ ნახევარში ცნობილი იყო, რომ ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტები პლენარულ სხდომაზე 9 მარტს უნდა გაეტანათ. მოულოდნელად გადაწყვეტილება შეიცვალა და ორი ინიციირებული კანონპროექტიდან ერთ-ერთის განხილვა 7 მარტსვე დაიწყო - საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის თქმით, "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებების მომზადება ვერ მოესწრო და მის ნაცვლად გადაწყვიტეს დაიწყონ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვა. პარლამენტმა დოკუმენტი პირველი მოსმენით მიიღო.

კანონის დამტკიცების პროცესში პარლამენტთან ათასობით მოქალაქე შეიკრიბა. მათ დასაშლელად შსს-მ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები, მათ შორის წყლის ჭავლი, ცრემლმდენი გაზი და ე.წ. წიწაკის სპრეი. დაშავდა ათობით ადამიანი. დემონსტრანტების ნაწილი პარლამენტთან მობილიზებულ სამართალდამცავებს და პარლამენტის შენობას ესროდა ქვებს და აალებადი სითხის შემცველ ბოთლებს. პოლიციამ 66 ადამიანი დააკავა და აღძრა სისხლის სამართლის საქმეც. აქციაზე დაშავდნენ პოლიციელებიც.

XS
SM
MD
LG