"სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა" - დეპუტატი ინჯია აგვისტოს ომის გამოძიებას ითხოვს

ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი "ევროპელი სოციალისტებიდან" ფრიდონ ინჯია 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მაშინდელი პრეზიდენტისა და "სააკაშვილის უცხოელი მფარველების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს. დღეს, 28 თებერვალს, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე მან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა და პროკურატურაში გამოძიების დაწყება მოითხოვა.

დეპუტატი ამბობს, რომ საქართველოს იმდროინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "მთავარი დანაშაული" "ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინაშე ჩაიდინა".

მასალა არქივიდან რუსეთმა საქართველოში შეჭრით სასტიკი სქემა დაიწყო ევროპული არჩევანის შესაჩერებლად - რობერტა მეცოლა

"ყველამ ვიცით, რომ სააკაშვილი ყველა ნაბიჯს ამერიკელებს უთანხმებდა და მათ გარეშე ვერცერთ ზემოთ ნახსენებ ქმედებას ვერ დაგეგმავდა და განახორციელებდა. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას [ჯორჯ] ბუშის [იმ დროს აშშ-ის პრეზიდენტის] 2005 წლის ვიზიტის შემდეგ საქართველოში.

ამერიკელებმა კარგად იცოდნენ, რომ სააკაშვილის მიერ ცხინვალის დაბომბვას რუსეთი პასუხი მოჰყვებოდა, რაც საბოლოოდ რუსეთსაც და ევროპასაც სერიოზულ დაპირისპირებას მოუტანდა. 2008 წლის ომმა პირველად გააჩინა ბზარი ევროპასა და რუსეთს შორის, როგორც ეს ეხლა გრძელდება უკრაინის ომიდან გამომდინარე. ამერიკამ მაშინ ჩვენ და ახლა კი მთელი ევროპა და უკრაინა გაწირა", - თქვა დეპუტატმა.

მასალა არქივიდან ევროპარლამენტარები: აგვისტოს ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში

მან 2008 წლის ომს "ევროატლანტიკური შეთქმულება" უწოდა.

"ამ ევროატლანტიკური შეთქმულების შედეგად გაიწირა ჩვენი ორი ისტორიული კუთხე - აფხაზეთი და სამაჩაბლო, დაიღუპა ასეულობით ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე და საკუთარ სამშობლოში დევნილად იქცა 30 ათასი ადამიანი... ადამიანებს, რომლებიც დღესაც საქართველოს ომში გახვევას ცდილობენ, 2008 წლის უმძიმესი დანაშაული არავითარ შემთხვევაში არ უნდა შერჩეთ", - თქვა პარლამენტის დეპუტატმა.

ასევე ნახეთ არ გვგონია, ამერიკელები ვერ გრძნობდნენ სიტუაციას, რომ ომში ჩართვის იმედი ჰქონდეთ - "ხალხის ძალა"

ამ საკითხზე კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს. მან მედიასთან თქვა, რომ ამ გამოძიებას "დიდი სიამოვნებით დაუჭერდა მხარს".

მასალა არქივიდან ირაკლი ღარიბაშვილი: მოღალატეებმა ომი ვერ და არ ააცილეს ჩვენს ქვეყანას

"პირადად მე, საქართველოს ერთ მოქალაქეს, მაწუხებს კითხვა, რატომ მოხდა, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნაში ასე დაიწერა, რეზოლუციაში ასე დაიწერა, ტალიავინის კომისიის მოცემულობა ისტორიულ აღწერილობაში გადავიდა, როცა სტრასბურგმა აბსოლუტურად სხვა თემაზე იმსჯელა, რატომ დაუჭირეს მხარი იმას, რომ ქართველმა სამხედროებმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს. რატომ გააკეთეს ეს ყველაფერი? რატომ იმოქმედეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ - ამის გამოძიებას დიდი სიამოვნებით დავუჭერდი მხარს!

მაინტერესებს, რატომ ჩაიდინეს ეს მოღალატეობრივი ქმედებები და რა იყო ამის მოტივაცია. აღნიშნულ კითხვებზე პასუხი მოცემულობას მოგვცემს, ვინ რა გააფუჭა და საკუთარ ქვეყანას რატომ უღალატა", - თქვა მდინარაძემ.

მასალა არქივიდან ადამ კინზინგერი საქართველოზე: 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა

2022 წლის აგვისტოში 14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი.