Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამ კინზინგერი საქართველოზე: 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა


ადამ კინზინგერი
ადამ კინზინგერი

აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრი ადამ კინზინგერი საქართველოზე საუბრის დროს ამბობს, რომ 2008 წელს ომმა რუსეთთან დაკავშირებით მსოფლიოს ბევრი რამ ასწავლა. აგვისტოს ომით მიღებულ გამოცდილებაზე მან "ამერიკის ხმასთან" ისაუბრა.

"2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა. ვფიქრობ, უფრო მეტად ტერორიზმთან ბროლაზე ვიყავით ფოკუსირებული. ვიცოდით, რომ რუსეთი შესაძლოა სტრატეგიული მოწინააღმდეგე იყო, თუმცა ბევრს გულუბრყვილოდ ეგონა, რომ ცივი ომის შემდგომ ერაში რუსეთი, ზოგადად მაინც მოკავშირე იყო. ასე რომ, ვფიქრობ, ეს იყო გარკვეული სურვილი, თუ თავბრუსხვევა, რომ არაფერი გაკეთებულიყო...

2008 წლის ისტორია გვასწავლის, რომ თუ უგულვებელყოფ, ან თავს ისე დაიჭერ, რომ თითქოს შეჭრა არ მომხდარა, ეს არ დააკმაყოფილებს თავდამსხმელს და მას მხოლოდ კიდევ უფრო მოაშიებს", - ამბობს კინზინგერი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო, რომელსაც თანამედროვე რუსეთი თავს დაესხა.

"დასავლეთმა ვერ გაიგო ის, რისი გაგებაც მათ მოუხდათ მეორე მსოფლიო ომის დროს ჰიტლერის შემთხვევაში, რომ ვერ დააოკებ იმას, ვისაც დაუოკებელი მადა აქვს. ამის გასაგებად დასავლეთს დასჭირდა, რომ ენახა, როგორ განახლდა ომი უკრაინაში...

ის, რაც რუსებმა საქართველოში ომისგან ისწავლეს, იყო ის, თუ სად ჰქონდათ სისუსტეები. მათ სჯეროდათ, რომ ამაზე იმუშავეს, თუმცა, რასაც ახლა უკრაინაში ვხედავთ ისაა, რომ მათ ისევ აქვთ ძალიან დიდი ჩავარდნები და ვფიქრობ, რომ ყველამ უნდა გაიგოს - ესაა ის, რაც კორუფციას მოყვება, ის დაუცველს გტოვებს ზოგიერთ შემთხვევაში", - ამბობს აშშ-ის წარმომადგენლობითი პალატის წევრი.

14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.

XS
SM
MD
LG