საქართველოში აშშ-ის საელჩო 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის მხრიდან დაწყებულ საომარ მოქმედებებს განცხადებით ეხმიანება. საელჩო აღნიშნავს, რომ გააგრძელებენ მშვიდობისთვის მუშაობას.
"გვახსოვს, როგორ დაიწყო ყველაფერი.
გვახსოვს დღევანდელი დღე.
გვახსოვს რუსული ჯარის საქართველოში შემოჭრა.
არ დავივიწყებთ ათობით ათას დევნილს.
არ დავივიწყებთ მსხვერპლს.
ჩვენ გავაგრძელებთ მშვიდობისთვის მუშაობას.
ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით!" - წერია განცხადებაში.
14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.