საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოღალატეებს უწოდებს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომელთა მუშაობის დროსაც საქართველოში ომი მოხდა. მან მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე სამხედროები არიან დაკრძალული, თქვა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას სურს საქართველოში "მეორე ფრონტის" გახსნა.
"მიუხედავად მრავალი მცდელობისა, რომ ჩვენი ქვეყანა, აი, იმ მოღალატეებს, ვინც ეს ომი ვერ და არ ააცილა ჩვენს ქვეყანას, რომ ქვეყანაში მეორე ფრონტი ყოფილიყო, მათი ეს გეგმა ჩაიშალა და ჩაიშლება ყოველთვის. ამის შემდეგ მათ დაიწყეს, ნახეს, რომ მსოფლიოში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდაა საქართველოში, არცერთ ქვეყანაში არ მიმდინარეობს ასეთი პროგრესი, ახლა, ვინაიდან ვერ მიაღწიეს მათ მიზანს და მეორე ფრონტი ვერ გადმოიტანეს საქართველოში, ახლა უნდათ რამენაირად დააზიანონ ჩვენი მოქალაქეები. როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმის შემოდინება საქართველოში, ეს ვისზე აისახება? აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ეკონომიკაზე, ხალხზე. ერთ რამეს გეტყვით, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის განვითარება", - თქვა ღარიბაშვილმა.
გუშინ, 7 აგვისტოს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოში ომი და მეორე ფრონტის გახსნა არავის სურს.
"ამ ქვეყანაში არავინ არის მომხრე ახალი ომის, მეორე ფრონტის. ეს ყველაფერი არის თემები, რომელიც მე არ მესმის. ამ ქვეყანაში ყველა არის მომხრე, რომ საქართველო გაძლიერდეს, იყოს ერთიანი და იყოს დამოუკიდებელი. ამ საქართველოსთვის დაიღუპნენ ეს ადამიანები და ამას პატივს უნდა ვცემდეთ", - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი.