საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომიდან მე-14 წლისთავზე "ფეისბუკზე" წერს, რომ აუცილებლად აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ამავე პოსტში ის აგვისტოს ომში გარდაცვლილი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ პატივისცემას გამოხატავს.
Facebook-ზე პოსტი საქართველოს დროით 8 აგვისტოს, 00:01 საათზე დაიდო.
"14 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან, რომელმაც ბევრი ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. 14 წელია ჩვენი ქვეყნის გული - სამაჩაბლო, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.
ქედს ვიხრი ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნის წინაშე, რომლებიც აგვისტოს ომს ემსხვერპლნენ.
ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გამთლიანების გზად მშვიდობიანი, გონივრული პოლიტიკა ავირჩიეთ და გვჯერა, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს - საქართველო გაერთიანდება!" - წერს ღარიბაშვილი.
გუშინ, 7 აგვისტოს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა და სოფელ შინდისში ჩავიდა. მან პატივი მიაგო აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლებს. მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პრემიერ-მინისტრი მისვლას დღეს, 11:00 საათზე, გეგმავს.
14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი პირი.