დეოლიგარქიზაციის კანონპროექტის გარშემო ატეხილი ვნებათაღელვის ფონზე, „ხალხის ძალას“ შეუერთდა მდიდარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომელმაც ტელეკომპანია „პოს ტივის“ საკონტროლო პაკეტი შეიძინა და გააჩინა შეკითხვა - ხომ არ აკმაყოფილებს ის ოლიგარქის კრიტერიუმებს?
"ხალხის ძალას", 4 ოქტომბერს, 13 ახალი წევრი შეემატა.
საერთაშორისო პარტნიორების, ძირითადად - ამერიკის ელჩისა და მთლიანად, აშშ-ის წინააღმდეგ დარაზმული მოძრაობა ისევ აცხადებს, რომ არ არის ანტიდასავლური ძალა, უბრალოდ, საქართველოს სუვერენიტეტისა და მშვიდობის სადარაჯოზე დგას. მათი მესიჯები კი ანალიტიკოსებისთვის საწინააღმდეგოზე მეტყველებს.
რა შეუძლიათ პარლამენტში?
მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ შემადგენლობიდან „კულუარული სიმართლის სათქმელად“ კიდევ 5 დეპუტატი წავიდა და მოძრაობა „ხალხის ძალას“ შეუერთდა, სახელისუფლებო პარტია საპარლამენტო უმრავლესობას (სულ მცირე 76 დეპუტატი) ვეღარ ფლობს.
თეორიულად, ეს ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ დამოუკიდებელად ვეღარ შეძლებს საკანონმდებლო ინიციატივების გატანას. კონსტიტუციონალისტი კონსტანტინე ჩოკორაია განმარტავს, რომ თეორიულად, „ხალხის ძალის“ დეპუტატები ახლა უკვე ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ბერკეტსაც ფლობენ.
„თუკი რაიმე მიზეზით მთავრობის დამტკიცების საკითხი დადგება პარლამენტის დღის წესრიგში, ვთქვათ - პრემიერ-მინისტრის გადადგომის შემთხვევაში, პარლამენტში კი უმრავლესობა არ იქნება, შესაძლოა, პარლამენტი დაშლამდე მივიდეს, რაც ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საფუძველს ქმნის“, - ამბობს ჩოკორაია.
ასევე ნახეთ სოზარ სუბარი: ჩვენ გარეშე უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით იქ ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის თქმით, „ხალხის ძალასთან“ ღირებულებითი განსხვავებები არ აქვთამ ეტაპზე, წასულებიც და დარჩენილებიც სრულ თანხმობას ადასტურებენ, უმრავლესობის რიგებში სიმბიოზური თანამშრომლობის პირობასაც დებენ და 4 ოქტომბერსაც უკვე მერამდენედ განმარტეს, რომ მათ შორის მხოლოდ მცირე განსხვავებაა: „ხალხის ძალა“ ასაჯაროებს კულუარულ ინფორმაციას, ხოლო „ქართული ოცნება“ საკუთარ თავს ამის უფლებას ვერ აძლევს.
მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არასოდეს უთქვამთ, რომ წასული დეპუტატების ნათქვამი სიმართლე არ არის, როცა ისინი წერილს წერილზე აქვეყნებენ და საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობაში საერთაშორისო პარტნიორებს და პირველ რიგში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს ადანაშაულებენ.
"ოცნებისა" და "ხალხის ძალის" ჰარმონიული თანამშრომლობის გათვალისწინებით, კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია არ მოელის, რომ „ხალხის ძალა“ „ქართულ ოცნებას“ ოდესმე განუდგება; თუმცა არ გამორიცხავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის დაკარგვა "პოლიტიკურ პერფორმანსს" მოემსახუროს:
„შესაძლოა ამით „ქართული ოცნება“ დასავლეთს აჩვენებს, რომ აი, აღარ არიან უმრავლესობაში და მთლიანად პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ვეღარ აიღებენ ყველა გადასაწყვეტ საკითხზე და მათზე აღარ არის ეს დამოკიდებული, დამტკიცდება თუ არა ესა თუ ის საკითხი პარლამენტში“, - გვეუბნება ჩოკორაია და იქვე იხსენებს 2019 წლის ნოემბერს, როცა „მეამბოხე დეპუტატებმა“, პარლამენტში კენჭისყრისას, ჩააგდეს საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მიერ დაპირებულ სრულად პროპორციულ არჩევნებს გულისხმობდა.
გაფართოების შემდეგ, „ხალხის ძალის“ 9 დეპუტატს შორის უკვე 5 მაშინდელი „მეამბოხეა“.
გაფართოებული შემადგენლობით, უცვლელი მიზნით
„საფრთხეები არ არის მოხსნილი. საფრთხეები იქნება მანამდე, სანამ იქნება მცდელობა, რომ საქართველო ომში იქნეს ჩართული და ამაზე უფრო დიდ საქმეს, რომ საქართველოს სტაბილური განვითარების შანსი შევუნარჩუნოთ, ჩვენ ვერ გავაკეთებთ ჩვენი სამშობლოსთვის“, - თქვა „ხალხის ძალის“ დამფუძნებელმა სოზარ სუბარმა, 4 ოქტომბერს, ახალი წევრების წარდგენისას.
- "ქართული ოცნებიდან" გამოყოფილ ოთხეულს უერთდებიან დეპუტატები: ვიქტორ ჯაფარიძე, დაჩი ბერაია, ეკა სეფაშვილი, დავით კაჭარავა და ზაალ მიქელაძე.
- "ხალხის ძალას" ასევე შეუერთდნენ ტელეკომპანია „პოს ტივის“ მედიასახეები და ექსპერტები, რომლებიც ხშირად ჩანდნენ იმავე „პოს ტივისა“ თუ „იმედის“ ეთერში. ესენი არიან: თამთა მეგრელიშვილი, დავით ქართველიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.
„ხალხის ძალა“ აცხადებს, რომ ანტიდასავლურ მიზნებს არ ემსახურება და მხოლოდ საქართველოს სუვერენიტეტის სადარაჯიზე აპირებს დგომას.
ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მუჩაიძე დარწმუნებულია, რომ ამ მოძრაობის წარმომადგენლების რიტორიკა საქართველოში ანტიდასავლური განწყობების ზრდასა და, შესაბამისად, დასავლურ ღირებულებებთან დაშორებას ემსახურება; მაშინ, როცა დღეს, „რუსეთის აგრესიისგან უკრაინის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს სწორედ დასავლეთი და განსაკუთრებით - მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - შეერთებული შტატები“.
ასევე ნახეთ 5 გზავნილი „ოცნებიდან“ (წასულების) - რას ამბობენ აშშ-ზე, ევროკავშირზე? ასევე ნახეთ არ მინდა დავიჯერო, მაგრამ... - რას ნიშნავს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებზე შეტევა?გიორგი მუჩაიძის შეფასებით, ახლად შექმნილი მოძრაობა, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად, დასავლეთსაც აშანტაჟებს:
„ეჭვი არ მეპარება, რომ „ქართული ოცნება“ და ეს ჯგუფიც წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის მიერ ორკესტრირებულ პოლიტიკურ ინიციატივას. მთელი ეს ინიციატივა ერთი კაცის ინტერესებზეა ორიენტირებული... ძალაუფლების შენარჩუნებაა მთავარი მიზანი და შანტაჟის ინსტრუმენტს იყენებს იმისთვის, რომ აირიდოს დემოკრატიული რეფორმები და უკუსვლისთვის მიღებული კრიტიკა და საბოლოოდ, შესაძლოა რუსეთის ნავში გადახტომითაც ევაჭროს დასავლეთს“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიორგი მუჩაიძე.
მაშინვე, როცა „სიმართლის მთქმელთა“ პირველმა ნაკადმა დატოვა „ქართული ოცნების“ რიგები, ექსპერტმა და ტელეწამყვანმა, არჩილ გამზარდიამ (რომელიც 2015 წლამდე „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობდა) რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ივარაუდა, რომ იწყებოდა ბიძინა ივანიშვილის კონცეფციით წამოწყებული, გათვლილი „ახალი პროცესი“.
არის თუ არა ოლიგარქი „ხალხის ძალის“ რიგებში?
მას შემდეგ, რაც 4 ოქტომბერს გაირკვა, რომ „ხალხის ძალის“ ახალი და მდიდარი დეპუტატი, ვიქტორ ჯაფარიძე ტელეკომპანია „პოს ტივის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, ავტომატურად გაჩნდა შეკითხვა, ხომ არ აკმაყოფილებს ჯაფარიძე დეოლიგარქიზაციის კანონპროექტში ასახულ კრიტერიუმებს. ახლახან ინიცირებული კანონპროექტი „ქართულმა ოცნებამ“ პირდაპირ უკრაინულიდან თარგმნა.
ასევე ნახეთ Pos TV: დღეიდან ვხდებით მოძრაობა "ხალხის ძალის" მედიაპლატფორმა
ასევე ნახეთ დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე Pos TV-ის 52 პროცენტს ყიდულობს
პოლიტიკაში ჩართული მდიდარი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე ახლა უკვე ტელევიზიასაც ფლობს. ხოლო მისი შთამბეჭდავი ქონება და შემოსავლები "თავისუფლების მონიტორმა" 2019 წელს მომზადებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში აღწერა.
მაშინ გაირკვა, რომ კომპანია, რომლის წილსაც დეპუტატი ფლობდა, სახელმწიფოსგან 340 000 ლარის დაფინანსებას იღებდა და ის ორ წელიწადში, მესტიაში ათეულობით ათასი კვ.მ. მიწის მესაკუთრე გახდა; ხოლო მისი შვილის კომპანიამ - რამდენიმემილიონიანი სახელმწიფო ტენდერი მოიგო.
2020 წელს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წერდა, რომ დეპუტატთან დაკავშირებულმა კომპანიებმა სახელმწიფო უწყებებთან, 2018-2020 წლებში, 6 მლნ ლარზე მეტი ღირებულების კონტრაქტები გააფორმეს; ხოლო ჯაფარიძის ოჯახმა და მათმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ 410 ათასი ლარი შესწირეს.
„ხალხის ძალაში“ ღიმილით აღნიშნავენ, რომ ვიქტორ ჯაფარიძე ვერ აკმაყოფილებს ოლიგარქის კრიტერიუმებს და რომ ოლიგარქები „რადიკალურ ოპოზიციაში“ არიან.
ასევე ნახეთ ირაკლი კობახიძის თქმით, თუ "ოლიგარქიის შესახებ" კანონზე კონსენსუსი არ შედგა, არ მიიღებენამ დისკუსიას 4 ოქტომბერს დროში დაემთხვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ შესაძლოა მმართველმა პარტიამ დეოლიგარქიზაციის კანონი საერთოდ აღარ დაამტკიცოს.
„კონსენსუსი თუ არ იქნება კანონის მიღების გარშემო, ჩვენც, ბუნებრივია, არ მივიღებთ. თუ ევროკავშირსაც, ოპოზიციასაც, არასამთავრობოებსაც მიაჩნიათ, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, მაშინ არ მივიღებთ“, - თქვა კობახიძემ.