მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ოლიგარქიის შესახებ" კანონს იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ ამ საკითხზე იქნება საერთო კონსენსუსი. ამის შესახებ მან პარლამენტში ისაუბრა.
"კონსენსუსი თუ არ იქნება კანონის მიღების გარშემო, ჩვენც, ბუნებრივია, არ მივიღებთ. თუ ევროკავშირსაც, ოპოზიციასაც, არასამთავრობოებსაც მიაჩნიათ, რომ ეს კანონი არ გვჭირდება, მაშინ არ მივიღებთ", - თქვა კობახიძემ.
მანამდე მან ისაუბრა მათ მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებული კანონპროექტის შინაარსზე:
"უკრაინამ მიიღო კანონი, რომელიც არავისზე არ იყო მორგებული. ეს კანონი გაიგზავნა შემდეგ ვენეციის კომისიაში, მანაც მოიწონა და ჩვენ ვთარგმნეთ, შევთავაზეთ საბაზისო ვერსიად ეს ოპოზიციას. მაშინვე წამოვიდა წინააღმდეგობა ერთი მარტივი მიზეზის გამო - მათ ნახეს, რომ ეს კანონი ვერ შეეხება ბიძინა ივანიშვილს [პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელს], ვისზეც აქტიურად საუბრობენ, მაგრამ შეეხება მათ არაერთ წარმომადგენელს, ლიდერს. მათ შორის, [დავით] კეზერაშვილს [ყოფილ თავდაცვის მინისტრს, "ფორმულას" მეწილეს], რომელიც მედიამფლობელია და პირდაპირ ერევა პოლიტიკურ პროცესებში ძალიან უხეში ფორმით".
ირაკლი კობახიძის თქმით, ოპოზიციის სურვილია, "ოლიგარქიის შესახებ" კანონი ერთ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს მოარგონ.
"ღიმილისმომგვრელი იყო, რომ ისინი შეიმუშავებდნენ ისეთ კანონს, რომელიც მორგებული იქნებოდა ივანიშვილზე. ეს თქვეს ღიად და საჯაროდ, ელემენტარულად ვერ ერკვევიან სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსში - ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კანონის მიღების დროს არის ის, რომ არ შეიძლება რომელიმე პიროვნებაზე იყოს მორგებული", - თქვა მან.
დეოლიგარქიზაცია ევროკავშირის იმ 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია, რომელიც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნდა მოაგვაროს. ოპოზიციის დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ერთადერთი ოლიგარქი მმართველი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ოლიგარქები ოპოზიციაში არიან და ამ კონტექსტში ასახელებენ საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დავით კეზერაშვილს.