მოძრაობა "ხალხის ძალასთან" პარტია "ქართული ოცნებიდან" ხუთი დეპუტატის შეერთების შემდეგ, პარლამენტში მმართველ პარტიას 75 დეპუტატი რჩება. ამ მოძრაობის დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა მედიას უთხრა, რომ "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, ისინი რჩებიან საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში.
"უმრავლესობა "ხალხის ძალის" გარეშე უკვე აღარ არსებობს - "ქართულ ოცნებაში" დარჩა 75 დეპუტატი. "ქართული ოცნების" ფრაქციას აღარ აქვს უმრავლესობა. ჩვენ ვრჩებით უმრავლესობის წევრებად. როცა ვიყავით 4 წევრი "ხალხის ძალაში", ჩვენ გარეშე უმრავლესობა არსებობდა, დღეს - აღარ. მომავალ გაფართოებაზე აღარ გიპასუხებთ", - უთხრა სუბარმა ჟურნალისტებს.
სოზარ სუბარმა მოძრაობა "ხალხის ძალის" ახალ წევრებად "ქართული ოცნების" სახელით პარლამენტში შესული ხუთი დეპუტატი 4 ოქტომბერს წარადგინა.
მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება დეპუტატებმა 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ მოგვიანებით დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. ამ ოთხეულმა 2 აგვისტოს თქვა, რომ აფუძნებდნენ მოძრაობას "ხალხის ძალა". "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებად რჩებიან.
"ქართული ოცნებიდან" გასული ოთხი დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია.