Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი კობახიძის თქმით, „ხალხის ძალასთან“ ღირებულებითი განსხვავებები არ აქვთ


ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე
ირაკლი კობახიძე, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე

პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი პარტიიდან გასულ დეპუტატებთან, რომლებიც მოძრაობა „ხალხის ძალაში“ გაერთიანდნენ, ღირებულებით ნაწილში არსებითი განსხვავება არ აქვთ. ეს, ირაკლი კობახიძის თქმით, აძლევთ იმის საშუალებას, რომ გაყოფის მიუხედავად, ერთად დარჩნენ საპარლამენტო უმრავლესობაში.

ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის ძალიან მკაფიოდ გაცხადებული - ჩვენ გვაქვს ტაქტიკური შეუთანხმებლობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დოზით უნდა ითქვას სიმართლე გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით, რა ფორმით უნდა გაკეთდეს განცხადებები კონკრეტულ თემებთან დაკავშირებით. რაც შეეხება ღირებულებით ნაწილს, აქ რაიმე არსებითი განსხვავება ჩვენს შორის არ არის და სწორედ ეს გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიუხედავად გაყოფისა, ჩვენ ერთად დავრჩეთ საპარლამენტო უმრავლესობაში“, - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ "ხალხის ძალის" წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირონ მმართველი პარტიის საპარლამენტო გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 75 დეპუტატი ჰყავს და შესაბამისად, აღარ აქვს უმრავლესობა პარლამენტში. ამ ვითარებაში, მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია „ამ საზოგადოებრივი მოძრაობასთან თანამშრომლობა, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გარეშე გაგვიჭირდება საპარლამენტო გადაწყვეტილებების მიღება და მყარი უმრავლესობის შენარჩუნება“.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება მოძრაობის წევრების პოზიცია ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების კონტექსტში. ამ საკითხზე შემდგარი კონსულტაციების საფუძველზე კობახიძე შესაძლებლად მიიჩნევს იმის თქმას, რომ ისინი საერთო გადაწყვეტილებებს მხარს დაუჭერენ - „მათ შორის ეს ეხება 12 პუნქტის გარშემო მისაღებ გადაწყვეტილებებს“.

ვრჩებით ერთად საპარლამენტო უმრავლესობაში, ეს ნიშნავს იმას, რომ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მიღებული იქნება ერთიანი გადაწყვეტილებები ამ მოძრაობის წარმომადგენელ დეპუტატებთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მანვე უპასუხა მედიის შეკითხვას, რომელია ის საკითხები, რის სათქმელადაც ეს დეპუტატები გამოეყვნენ მმართველ პარტიას და რასაც "ქართული ოცნება" თავად ვერ ეუბნებოდა საზოგადოებას.

ბევრ რამეს, არის გარკვეული თემები, რაზეც ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ვისაუბროთ ჩვენს პარტნიორებთან მათ შორის და რაზეც, ჩვენი აზრით, არ არის მიზანშეწონილი საჯაროდ საუბარი, არ არის მიზანშეწონილი იმის გამო, რომ არ უნდა შეუქმნას პრობლემები ამ ინფორმაციის საჯაროდ გამოტანამ გარკვეულ ურთიერთობებს. ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, ამაზე ვერ შევჯერდით და ეს პოზიცია ჩვენთვის რჩება პრინციპული, გარკვეულ თემებზე ჩვენ ვისაუბრებთ არა საჯაროდ, არამედ დახურულ კარს მიღმა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, გამოდის რომ იმავეს ლაპარაკობს "ქართული ოცნება" დახურულ კარს მიღმა, რასაც მოძრაობის წარმომადგენლები ღიად, კობახიძემ უპასუხა, რომ ამაზე ვერ ისაუბრებს და რომ შეეძლოს, ღიად ილაპარაკებდა. თუმცა, მისი თქმით, „პარტნიორებს ამაზე ესაუბრებიან ღიად, დახურულ კარს მიღმა“.

„რა არის ამ საუბრების შინაარსი, ამას, რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენც შევიდოდით საჯარო პოლემიკაში“, - თქვა ირაკლი კობახიძემ.

დღეს, 4 ოქტომბერს, ცნობილი გახდა, რომ მმართველი პარტიიდან გამოყოფილ ოთხ დეპუტატს, სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძეს, მიხეილ ყაველაშვილსა და გურამ მაჭარაშვილს საპარლამენტო უმრავლესობიდან ხუთი კოლეგა უერთდება. ამის შესახებ მათ მოძრაობა "ხალხის ძალის" პრეზენტაციის დროს ისაუბრეს.

მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება მისმა წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ მოგვიანებით დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. ამ ოთხეულმა 2 აგვისტოს თქვა, რომ აფუძნებდნენ მოძრაობას "ხალხის ძალა". "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებად რჩებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია.

XS
SM
MD
LG