ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერი, რამზან კადიროვი თვითგამოცხადებული "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" (ლსრ) უმაღლესი ჯილდოს, გმირის წოდების მფლობელი გახდა. კადიროვის დაჯილდოების ცერემონია ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში გაიმართა, ხოლო მისთვის პრორუსი სეპარატისტების მთავარი ჯილდოს გადასაცემად ჩეჩნეთში საგანგებოდ პირადად იმყოფებოდა ლსრ-ის ხელმძღვანელი, ლეონიდ პასეჩნიკი.
"დღეს გროზნოში რამზან კადიროვს ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გმირის ვარსკვლავი გადავეცი. ფასდაუდებელია ჩეჩენი მებრძოლების წვლილი ჩვენი რესპუბლიკის განთავისუფლებაში! - წერს პასეჩნიკი 3 აგვისტოთი დათარიღებულ ტელეგრამის არხში, რომელსაც ამ ცერემონიის ამსახველი ფოტოც ახლავს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რამზან კადიროვი მოსკოვის ფართომასშტაბიანი ომის ერთ-ერთ მთავარ პროპაგანდისტად და აქტიურ თანაორგანიზატორად იქცა. უშუალოდ კადიროვის ინიციატივით ჩეჩნეთი უკრაინაში გასაგზავნ „მოხალისეთა“ მომზადების ერთ-ერთ მთავარ ბაზას წარმოადგენს. ხოლო კადიროვი და მისი უახლესი გარემოცვა ხშირად მოგზაურობენ სიტუაციის ადგილზე გასაცნობად რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში.
ასევე ნახეთ კადიროვი აცხადებს, რომ "ნატოს ქვეყნების იოლად აღებაც" შეუძლიათშესაბამისად, პრორუსი სეპარატისტების მხრიდან კადიროვისთვის ჯილდოს გადაცემა მოულოდნელი არავისთვის ყოფილა ჩრდილო კავკასიის ამ რესპუბლიკაში, სადაც კარგად იციან ჯილდოებისა თუ წოდებებისადმი მოსკოვის ფავორიტი პოლიტიკოსის სისუსტის შესახებ.
სეპარატისტო, სეპარატისტით ხარ ძლიერი!
1990-იან წლებსა და 2000-იანების დასაწყისში ბევრი რუსი გუბერნატორი და ფედერალური მოხელე იკმაყოფილებდა პატივმოყვარეობას საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების „აკადემიკოსის“ მაღალი წოდებით და სიამოვნებით ხარჯავდა ფულს საკუთარი ბიოგრაფიების ისეთ კრებულებში ჩართვისთვის, როგორიც მაგალითისთვის არის „რუსეთის საუკეთესო ადამიანები“. მაგრამ დღეს მსგავსი პიარით ძირითადად მხოლოდ რამზან კადიროვია დაკავებული, რომელიც არ მალავს თავის სიყვარულს სხვადასხვა, მათ შორის საეჭვო, ჯილდოებისა და სტატუსების მიმართ.
ამასთან, რამზან კადიროვი არა მხოლოდ უხვად იღებს ჯილდოებს, არამედ გასცემს კიდეც.
ასე მაგალითად, გროზნოდან ჩეჩნეთის უმაღლესი ჯილდოთი დაბრუნდა სეპარატისტული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის თავკაცი, ლეონიდ პასეჩნიკი, რომელმაც, როგორც ზემოთ ითქვა, რამზან კადიროვი ლუგანსკელი სეპარატისტების უმაღლესი ჯილდოთი დააჯილდოვა. პასეჩნიკის მკერდი დაამშვენა რამზან კადიროვის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ორდენმა, რომელიც „ოქროს, ბრილიანტის, საფირონისა და ლალისგან არის დამზადებული“.
ორი რეგიონის მთავარმა სეპარატისტებმა არა მხოლოდ ერთმანეთში გაცვალეს უმაღლესი ჯილდოები, არამედ რამზან კადიროვი შეეცადა, რომ ლუგანსკელი სეპარატისტების მთავარი ჯილდო მის ორ უახლოეს თანამებრძოლსაც მიეღო.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულო იყო, რომ ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარის ხელიდან მიმეღო რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდოს - გმირის წოდება. ჩემთან ერთად ლეონიდ ივანოვიჩმა ეს მაღალი წოდება მიანიჭა ჩვენს ძვირფას ძმებს -აპტი ალაუდინოვს და ჩინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს რუსეთის გმირის, ახმატ-ჰაჯი კადიროვის, სახელობის სპეციალური პოლიციის პოლკის მეთაურს, ზამიდ ჩალაევს“, - აღნიშნა რამზან კადიროვმა საპასუხო პოსტში.
პოლიციის გენერალ-მაიორი აპტი ალაუდინოვი იმ პირთა სიაში შედის, რომლებსაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს. იგი ითვლება თანამონაწილედ ჩეჩნეთში ლგბტ პირების დევნაში. უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული რუსეთის ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ სწორედ ალაუდინოვი დანიშნა რამზან კადიროვმა ლუგანსკის მიმართულებაზე ოპერაციის პასუხისმგებლად.
ასევე ნახეთ კადიროვის თანაშემწემ ბოდიში მოიხადა დატყვევებული უკრაინელი ოფიცრის თვალებზე დალურჯებების გამოაპტი ალაუდინოვი ერთ-ერთი მთავარია იმ ჩეჩენ მოხელეთა შორის, რომლებიც კადიროვის დავალებით გუდერმესის ბაზაზე ჩეჩნეთ „მოხალისეთა“ სწრაფ მომზადებას და მათ უკრაინაში გადასროლას ხელმძღვანელობენ.
რაც შეეხება სეპარატისტული ლსრ-ის ლიდერს, ლეონიდ პასეჩნიკს, წარსულში უკრაინის სპეცსამსახურების თანამშრომლისგან, თავად სეპარატისტები და რუსული მედია ქმნიან კორუფციის წინააღმდეგ შეურიგებელი და სასტიკი მებრძოლის იმიჯს.
პასეჩნიკი სეპარატისტულ რეგიონს სათავეში ჩაუდგა იმ გახმაურებული კორუფციული საქმის შემდეგ, რომლის კვალმა გამომძიებლები ლუგანსკის ყოფილ თავკაც იგორ პლოტნიცკამდე და მის უახლოეს გარემოცვამდე მიიყვანა.
„პასეჩნიკი - ძალისმიერი ბლოკის გამოკვეთილი ფიგურაა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ძალოვან უწყებებთან თავისი სიახლოვის დემონსტრირებას რამზან კადიროვიც ახდენს. ასე რომ, მათ შორის ორდენების გაცვლა შესაძლოა შეთანხმებული იყოს არა მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, არამედ ასევე რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურთან (ФСБ)“, - ამბობს ანონიმურობის დაცვით რუსი პოლიტოლოგი, რომელსაც „კავკაზ.რეალიი“ ესაუბრა.
„და მაინც, კადიროვის ლსრ-ის გმირის ვარსკვლავით დაჯილდოებას პოლიტიკური შინაარსი აქვს. რამზან კადიროვი ამით იმის დემონსტრირებას ახდენს, რომ ის კრემლისა და პირადად პრეზიდენტ პუტინის ფავორიტ გუბერნატორთა შორის პირველია. ეს ჯილდო ხაზს უსვამს ლუგანსკის მიმართულებაზე შეტევასა და მარიუპოლის გათავისუფლებაში კადიროველთა როლს. რა თქმა უნდა, ეს ჯილდო ძალიან სასიამოვნოა კადიროვისთვის. ის ამას წარმოადგენს, როგორც თავის საერთაშორისო აღიარებას“, - აცხადებს ანონიმი რუსი პოლიტოლოგი.
მას მხედველობაში აქვს ის გარემოება, რომ 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცნო „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა“ და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ დამოუკიდებლობა. ეს სეპარატისტული დე ფაქტო რესპუბლიკები 2014 წელს შეიქმნა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების ტერიტორიებზე. „სახალხო რესპუბლიკების“ დაცვის საბაბით 24 თებერვალს პუტინმა განკარგულება გასცა, დაწყებულიყო ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაცია - ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, რომელიც დღემდე გრძელდება.
რუსი პოლიტოლოგის მოსაზრებას ნაწილობრივ იზიარებს ვლადიმირ ფესენკო, უკრაინის „გამოყენებითი პოლიტიკური კვლევების ცენტრ „პენტას“ მკვლევარი. იგი ფიქრობს, რომ ლსრ-ის „გმირის“ ვარსკვლავის მინიჭება უნდოდა არა ჩეჩნეთის, არამედ ლუგანსკელ სეპარატისტთა ლიდერს, ლეონიდ პასეჩნიკს. „მათ ხელმძღვანელობას რუსეთში გავლენიანი მოკავშირე სჭირდება“, - უთხრა კიეველმა პოლიტოლოგმა „კავკაზ.რეალიის“.
ასევე ნახეთ ჩეჩნეთმა უკრაინაში საომრად "მოხალისეთა"ახალი რაზმი გაგზავნაკადიროვი ჯამში ბრეჟნევზე უფრო მეტ ორდენ-მედლებს ფლობს?
არსებობს მოსაზრება, რომ სხვადასხვა დროს რამზან კადიროვის მიღებული ჯილდოების, მედლებისა და საპატიო ტიტულების რაოდენობა 100-ს დიდი ხანია გადასცდა. მათი რაოდენობით კადიროვმა უკვე ჩამოიტოვა უკან საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ყოფილი ლიდერი, ლეონიდ ბრეჟნევი, რომელიც 111 საბჭოთა და უცხოურ ჯილდოს ფლობდა.
ჩეჩნეთის ლიდერმა ჯერ კიდევ 2004 წელს მიიღო რუსეთის ფედერაციის გმირის ვარსკვლავი. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში ხაზგასმულია „უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ბრძოლაში კადიროვის მიერ გამოვლენილი მამაცობა და გმირობა“.
ამის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერმა მიიღო დაახლოებით 30 სახელმწიფოებრივი და უწყებრივი ჯილდო. მათ შორის არის: „საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საქმეში წარჩინებისთვის“, „სასამართლოს ბოქაულების ფედერალური სამსახურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, „აგროსამრეწველო კომპლექტის განვითარების“ და ასევე სხვა არაერთი სამსახურისა თუ სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მინიჭებული ჯილდოები.
მათ შორის ყველაზე სკანდალური იყო 29 წლის რამზან კადიროვისთვის რუსეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის (რსმა) წევრის სტატუსის მინიჭება. აკადემია წარმოადგენს საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელშიც შედიან როგორც ნამდვილი მეცნიერები (მათ შორის, მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსები), ისევე კვაზისამეცნიერო საზოგადოებების წარმომადგენლები, რომლებიც „სწავლობენ“ უფოლოგიას და ასტროლოგიას.
ხოლო აკადემიკოსად რამზან კადიროვი გახადეს იმის გამო, რომ იგი, როგორც რსმა-ს ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლაგუტკინმა განმარტა, „ყოველდღე, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დაღუპვისგან იხსნის ასეულობით და ასეულობით სამხედრო მოსამსახურეს და უბრალო ჩეჩენს“.
მისთვის აკადემიკოსის წოდების მინიჭების თაობაზე გამოთქმული კრიტიკის პასუხად კი 2016 წელს რამზან კადიროვმა აღნიშნა, რომ რსმა-ს ხელმძღვანელობას „არასოდეს განუცხადებია, რომ ეს წოდება სამეცნიერო შრომებისთვის მომანიჭა“. (მისი ასეთი კომენტარი, რომელიც თავის დროზე ინსტაგრამში გამოქვეყნდა, ამჟამად დაბლოკილია აშშ-ის სანქციების გამო.)
საეჭვოდ გამოიყურება ასევე ჩეჩნეთის ლიდერისთვის მინიჭებული სხვა წოდებაც. მაგალითად, აკადემიკოსის წოდების პარალელურად რამზან კადიროვს მიენიჭა ასევე თანამედროვე ჰუმანიტარული აკადემიის საპატიო პროფესორის ტიტულიც. ეს კერძო სასწავლო დაწესებულება არაერთხელ გამხდარა საინფორმაციო საშუალებების კრიტიკის საგანი, როგორც საბჭოთა ტექნიკუმის, პროფტექნიკუმისა და უმაღლესი სასწავლებლის „საკმაოდ უცნაური ნაზავი“, რომელსაც 2016 წელს უმაღლესი სასწავლებლის ლიცენზია ჩამოერთვა.
სხვა ყველაფერთან ერთად რამზან კადიროვი არის „რუსეთის ბიზნესისა და მეწარმეთა აკადემიის“ მიერ დაწესებული „წლის რუსეთის მოქალაქის“ პრემიის ლაურეატი; დაჯილდოებულია საპატიო ნიშნით „არჩევნების ორგანიზებაში შეტანილი დამსახურებისთვის“; რამზან კადიროვი არის ასევე რუსეთის საპენსიო ფონდისა და ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროს საპატიო თანამშრომელი და ეს მისი ხმაურიანი წოდებების მხოლოდ ნაწილია.
მაგრამ ერთი დაჯილდოების ამბავი მაინც განსაკუთრებით აღსანიშნავია.
2007 წელს, ინაუგურაციასთან ერთად, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა მიიღო ოქროს ვარსკვლავი „ღირსება და პატივი“ და მიენიჭა „ადამიანის უფლებების დამსახურებული დამცველის“ წოდება.
ასეთი პატივი მას დასდო უკრაინის „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კომიტეტმა“, რომლის წევრებიც, გავრცელებული ინფორმაციით, იყვნენ ლეონიდ კრავჩუკი (უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი) ვლადიმირ პუტინი, ვიქტორ ჩერნომირდინი, ლეონიდ იაკუბოვიჩი (ტელეწამყვანი), ვლადიმირ ჟირინოვსკი, სოფი ლორენი და მიხაილ ჟვანეცკი.
მაგრამ „ნოვაია გაზეტამ“ დაადგინა, რომ ორგანიზაცია არ ეწეოდა ფართო საქმიანობას, კომიტეტის წევრად დასახელებულმა რამდენიმე პერსონამ კი საერთოდ პირველად გაიგო ამ ორგანიზაციის არსებობის შესახებ.
ხოლო იმ ორგანიზაციის საიტზე, რომელმაც კადიროვი უფლებადამცველად ცნო, ამჟამად ონლაინკაზინოს რეკლამაა განთავსებული.