Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადიროვი აცხადებს, რომ "ნატოს ქვეყნების იოლად აღებაც" შეუძლიათ


რამზან კადიროვი ხალხური შემოქმედების ფესტივალზე ჩეჩნეთში, 2022 წლის ივნისი
რამზან კადიროვი ხალხური შემოქმედების ფესტივალზე ჩეჩნეთში, 2022 წლის ივნისი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა დაკომპლექტებულად გამოაცხადა „რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილი სპეციალური დანიშნულების პოლკი ჩრდილოეთი-ახმატი“. დღეს, 18 ივლისს, კადიროვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ პოლკის შემადგენლობაში არიან მეომრები, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება მიიღეს სირიასა და უკრაინაში.

კადიროვმა პირველად ივნისის ბოლოს განაცხადა, რომ ქმნის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის ახალ ჩეჩნურ ბატალიონებს: ჩრდილოეთი-ახმატი, სამხრეთი-ახმატი, დასავლეთი-ახმატი და აღმოსავლეთი-ახმატი, რომლებიც რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ჯარების შემადგენლობას შეავსებენ.

„ჩვენ ისევ მზად ვართ ბრძანების შესაბამისად წინ წავიდეთ, იოლად ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები. ნამდვილ ბრძოლებში გამობრძმედილ ჩვენს ქვედანაყოფებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს მსოფლიოს ვერანაირი არმია“, - აცხადებს კადიროვი. ის წერს, რომ მათი სიძლიერე „დასავლეთს ჯერ კიდევ არ ესმის“, თუმცა, არ ამბობს, ნატოს კონკრეტულად რომელი სახელმწიფოების აღება უნდა.

ჩეჩნეთის მეთაურის თანახმად, დღეს რუსეთის გარდა არავის შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმ „ჯოჯოხეთურ სისაძაგლეს, რომელსაც დასავლეთი ავრცელებს“ და მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ „გააცამტვერონ დასავლეთის სახელმწიფოების ცრუ-დემოკრატიული, ფსევდო-ლიბერალური და სამხედრო-ბარბაროსული კამპანია".

უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ, ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, უკრაინაში საბრძოლველად გაგზავნეს 8 ათასზე მეტი სამხედრო პირი, პოლიციელი და მოხალისე.

ადამიანის უფლებათა დამცველების ცნობით, მოხალისეები უკრაინაში იძულებით მიჰყავდათ. სხვადასხვა წყაროს თანახმად, ჩეჩენთა ბატალიონებს უკრაინაში დიდი დანაკარგი ჰქონდათ. კადიროვის ხელისუფლება დაღუპულთა რიცხვს არ ასახელებს.

XS
SM
MD
LG