რადიო თავისუფლების ჩრდილოკავკასიური სამსახურის ცნობით, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თანაშემწემ აპტი ალაუდინოვმა ბოდიში მოიხადა სევეროდენოცკში დაკავებული ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცრის დალურჯებული თვალების გამო.
"ისე მოხდა, რომ ადამიანებმა, რომლებსაც შესთავაზეს უხმაუროდ და წყნარად ჩაბარება, არ ისარგებლეს ამ მომენტით", - აღნიშნა ალაუდინოვმა.
თანაშემწის პოსტთან დაკავშირებით თავის კომენტარში კადიროვმა აღნიშნა, რომ "საბოდიშო არაფერია", რადგან ტყვემ "ორივე სილურჯე შემთხვევით დაიმსახურა", როდესაც ალყაშემორტყმული შენობიდან გამოდიოდა. "ვის არ მოსვლია. ქორწილამდე გაივლის", - წერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაური.
პოლიციის გენერალ-მაიორი აპტი ალაუდინოვი იმ პირთა სიაში შედის, რომლებსაც აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესეს. იგი ითვლება თანამონაწილედ ჩეჩნეთში ლგბტ პირების დევნაში. კადიროვმა ალაუდინოვ ლუგანსკის მიმართულებაზე ოპერაციის პასუხისმგებლად დანიშნა.
უკრაინის ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტელეგრამ-არხზე წერს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერჰი ჰაიდაი. მისი ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები ქალაქის სიღრმისკენ მიიწევენ.
ჰაიდაის თანახმად, სევეროდონეცკის ქუჩებში რუსი სამხედროების გვამებია, რამაც სიცხის გამო შესაძლოა, ინფექციის გავრცელების პროვოცირება გამოიწვიოს.
ლუგანსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სევეროდონეცკისთვის კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა თითქმის 100%-ითაა დანგრეული და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების 90%. ჰაიდაის ცნობითვე, უკრაინის კონტროლქვეშ რჩება სევეროდონეცკის მეზობელი ქალაქი ლისიჩანსკი.